27 სექტემბერს გადაცემა ალტერნატიული ხედვის წამყვანმა ალტ-ინფოს ეთერში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციის შემცველი მტკიცება გააჟღერა. მისი თქმით, იყო კონკრეტული განცხადებები, სადაც ამბობდნენ, რომ საქართველო ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა შევიდეს: „თუ არ ვცდები, რასმუსენი იყო პირველი, ვინც ამბობდა იმას, რომ ასეთი განცხადებაც კი შეიძლება იყოს განხილვადი - ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს ინტეგრაცია ნატოში. ეს რამდენად დაუშვებელი და მიუღებელი უნდა იყოს, როცა ასეთი განწყობების გაჩენა ხდება საზოგადოებაში“. რასმუსენის განცხადების ამგვარი ინტერპრეტაცია შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს იგი ნატოში გაწევრიანებისთვის ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს. რეალურად, რეკომენდაცია გულისხმობს ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში ისე, რომ რუსეთისგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სრულ დეოკუპაციამდე, საქართველოს ამ ორ რეგიონზე ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ ამოქმედდეს. ნატო საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ცნობს და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას გმობს.
2018 წლის 29 იანვარს ამერიკული დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის ერთ-ერთმა მკვლევარმა ლუკ კოფმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობისა და შესაძლებლობების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ლუკ კოფმა ანგარიშში ის გამოწვევები განიხილა, რომელთა წინაშეც დგას საქართველო ალიანსში ინტეგრაციის პროცესში. რეკომენდაციის ნაწილში მკვლევრის შემოთავაზება ასეთი იყო: საქართველო ნატოში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მიიღონ, თუმცა ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ უნდა ამოქმედდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მანამ, სანამ ამ რეგიონების სრული დეოკუპაცია არ მოხდება.
ერთი წლის შემდეგ საკითხი კვლავ გააქტიურდა. 2019 წელს ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და ალიანსში უნდა იმსჯელონ იმ მექანიზმის შემუშავებაზე, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ნატოს წესდების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.
მოგვიანებით, მოცემულ საკითხზე რასმუსენმა 2022 წლის 11 იანვარს „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. რასმუსენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო, აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. „მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ზუსტად ეს გავაკეთოთ საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში. განვაცხადოთ რომ დიახ, საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ რადგან ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ამ ორ ოკუპირებულ რეგიონს არ მოიცავს ნატოს მეხუთე მუხლი. იგივე სცენარია უკრაინაზე. გვაქვს პრეცედენტი და უნდა განვიხილოთ ეს მოდელი. ამით ავიცილებთ თავიდან ვითარებას, როდესაც რუსეთი - როგორც კარისკაცი გადაწყვეტს, თუ როდის გავხსნათ ნატოს კარი“, - განაცხადა რასმუსენმა.
საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმ პირობით, რომ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ ამოქმედდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ გულისხმობს იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. აღნიშნული არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას და მათ დათმობას. ეს ნიშნავს იმას, რომ იარსებებს დათქმა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დროებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებამდე, მე-5 მუხლი არ გავრცელდება. შესაბამისად, ამ პერიოდში ნატოსგან თავდაცვის გარანტიას მხოლოდ დანარჩენი საქართველო მიიღებს. მე-5 მუხლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არგავრცელების შესახებ ლუკ კოფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას არ ნიშნავს. მისი შეფასებით, ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლი დროებით არ ამოქმედდეს, ქვეყნის სრულად დეოკუპაციის ხელშემწყობი ფაქტორი გახდება.
მე-5 მუხლი ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რომლის თანახმადაც, თავდასხმა რომელიმე ერთ მოკავშირეზე ყველა მოკავშირეზე თავდასხმად ითვლება. შესაბამისად, მხარეებმა დახმარება უნდა გაუწიონ საფრთხის ქვეშ მყოფ მხარეს ან მხარეებს და განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება, მათ შორის - სამხედრო ძალის გამოყენება, ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით.
ნატოს გაფართოების ისტორიაში ზემოთ განხილული იდეის არა იდენტური, თუმცა მსგავსი შემთხვევა გერმანიის სახით არსებობს. 1955 წლის 6 მაისს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა ნატოში გაწევრიანდა. ნატოს წესდება ამ პერიოდისთვის მხოლოდ დასავლეთ გერმანიაზე გავრცელდა და აღმოსავლეთ გერმანიაზე არ ამოქმედებულა. თუმცა, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების (1990) შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა.
-------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.