ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „სთორიში“ მალინა ბერეკაშვილი იყო მიწვეული, რომელსაც თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში საქართველოდან პაციენტები მიჰყავს სამკურნალოდ. მალინა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის შედეგად განვითარდა ბევრი სიმსივნე“. აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი. C ჰეპატიტის ვირუსი იწვევს ღვიძლის ისეთ მძიმე დაზიანებებს, როგორებიცაა: ციროზი, კომპენსირებული ციროზი და სიმსივნე. შესაბამისად, ღვიძლის კიბოს უშუალოდ თავად დაავადება იწვევს და არა მკურნალობა.

ანიტვირუსული თერაპია არ იწვევს კიბოს, პირიქით - C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში დროული მკურნალობის შემთხვევაში ღვიძლის დაზიანების და სიმსივნის რისკი მცირდება.

ჯერ კიდევ 2018 წელს მალინა ბერეკაშვილმა, მაშინ კლინიკა „ფლორანს ნაითინგეილის“ წარმომადგენლის სახელით, გაავრცელა მსგავსი დეზინფორმაცია, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს სიმსივნე უვითარდებოდათ. აღნიშნულს, საქართველოში თურქეთის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გავრცელებული ინფორმაცია C ჰეპატიტის მკურნალობის შემდეგ სიმსივნის განვითარებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თურქეთის საელჩოს ცნობით, მათ წერილი მიიღეს „ფლორანს ნაითინგეილის” საავადმყოფოდან, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული განცხადება საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამასთან, თურქეთის საელჩომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით თურქეთშიც იმავე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება, რაც საქართველოში.

აღნიშნულ დეზინფორმაციას სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციამ (საჰეა) უპასუხა. „საჰეა“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიმდინარე დებატებს არაფერი საერთო არ აქვს თანამედროვე მედიცინაში არსებულ პროცესებთან და რეალურ სამეცნიერო ფაქტებთან“.

ასოციაციის ინფორმაციით, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ 2016 წლის ოქტომბერში, ავტორიტეტულ ჰეპატოლოგიურ გამოცემაში Journal of Hepatology, გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც ავტორები მიუთითებდნენ ღვიძლის პირველადი კიბოს ხელახლა განვითარების მოულოდნელად მაღალ შემთხვევებზე. საკვლევი პოპულაციის სიმცირისა და კვლევის დიზაინის სხვა თავისებურებების გამო, აღნიშნული მონაცემების გავრცობა და მისი უტყუარ სამედიცინო ფაქტად დამკვიდრება არ იყო შესაძლებელი, თუმცა ყურადღების მიქცევას და კვლევების გაგრძელებას ნამდვილად საჭიროებდა. აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ასობით პუბლიკაცია გამოქვეყნდა და ამ თემის განხილვას საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებზე უამრავი სპეციალური სესია დაეთმო. ჰეპატოლოგიის წამყვანი ექსპერტები ცალსახად შემდეგ უტყუარ ფაქტებზე შეთანხმდნენ:

• ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის სარგებელი ბევრად აღემატებოდა შესაძლო რისკებს.

• ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია არ იწვევს ღვიძლის კიბოს.

ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) უკანასკნელ, 2018 წლის მეთოდურ რეკომენდაციაში, რომელიც C ჰეპატიტის ვირუსის მკურნალობას ეძღვნება, ანტივირუსული მკურნალობის მიზნების ჩამონათვალში, ღვიძლის სხვა გართულებების თავიდან არიდებასთან ერთად, ხაზგასმით არის აღნიშნული ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების რისკის შემცირება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც 67%-იან შემცირებას წარმოადგენს.

C ჰეპატიტის პროგრამის მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი ჩართულობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით ინფიცირებული პაციენტია იდენტიფიცირებული, რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ამ დრომდე არ არის პროგრამაში ჩართული. აღნიშნული თავის მხრივ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული, მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია კი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია.

---------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.