ანტივაქსერი და ჰომეოპათი თინა თოფურია სოციალურ ქსელში 7 წლის წინანდელ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ის დეზინფორმაციული შინაარსის გზავნილებით ცდილობს მოსახლეობაში ვაქცინებისადმი უნდობლობა და შიში გააღვივოს.

მტკიცება: აუტიზმის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი აცრებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს ვაქცინები აუტიზმს და აუტისტური სპექტრის დარღვევებს იწვევს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. რეალურად, ვაქცინებსა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირი არ არსებობს, რაც შესაბამისი სამეცნიერო კვლევებით დასტურდება.

მითი, თითქოს ვაქცინა ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის კვლევას უკავშირდება, რომელიც 1997 წელს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, წითელა, წითურა, ყბაყურას (measles, mumps, rubella - MMR) საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი და მისი მიგნებები სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო უარყვეს. ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს. ჰიპოთეზა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევდა, რამდენიმე სერიოზული კვლევის სახით გადამოწმდა და რაიმე კავშირი ვაქცინასთან და აუტიზმის განვითარების ალბათობას შორის არ დადგინდა. ამასთან, უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ აუტიზმი მუცლად ჰყოფნის პერიოდში, ბავშვის დაბადებამდე, ვითარდება. აღნიშნული ფაქტი კი, აცრასა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირს, გამორიცხავს.

მტკიცება: ჩვენს ბავშვებს საექსპერიმენტო მასალად იყენებენ, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ბავშვებზე კვლევების ჩატარება აკრძალულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და იმუნიზაციის პროგრამა განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს. ვაქცინამ დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიან და დეტალურ შემოწმების რამდენიმე ფაზას გადის, რომლის საფუძველზეც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება. ვაქცინის დანერგვის შემდეგაც, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

მტკიცება, თითქოს ვაქცინები საფრთხის შემცველია და ბავშვებზე ექსპერიმენტი ტარდება [ან ტარდებოდა], ყალბია. იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადმინისტრირებული ყველა ვაქცინა, შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და დამტკიცებული და აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ.

რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ვაქცინა მილიონობით ადამიანს მძიმე ინფექციური დაავადებებით (პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.) ინფიცირებისგან, შემდგომი გართულებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, იმუნიზაციის საშუალებით, ყოველწლიურად, 4-5 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება.

იმუნიზაციის შესახებ გავრცელებულ მითებზე და ფაქტებზე ვრცლად იხილეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დოკუმენტი.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.