ეკა სეფაშვილი: 2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა 4 % - ით შემცირდა. დაახლოებით 36 ათასი ადამიანი დასაქმდა და გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხოვნობაც
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკა სეფაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით, 18.1%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა - 36.2 ათასით (4.4%-ით) , ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით (5.1%) გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის II კვარტალში უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით გაუარესებულია.
ამრიგად, დეპუტატის განცხადებაში დასახელებული რიცხვები ზუსტია. თუმცა დეპუტატი მხოლოდ პოზიტიურ მაჩვენებელზე საუბრობს და ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ 2020-2021 წლებში (პანდემიის დროს) დაკარგული სამუშაო ადგილები დღემდე არ არის აღდგენილი.
ანალიზი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ „2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა 4 % - ით შემცირდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაახლოებით 36 ათასი ადამიანი დასაქმდა და გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხოვნობაც“. დეპუტატის შეფასებით, უმუშევრობის შემცირება საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ძვრების მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა. დასაქმების დონე კი 2.1 პროცენტული პუნქტით, 42.2%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობა 55.3 ათასით (4.5%-ით) გაიზარდა და 1269.9 შეადგინა. აქედან, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 36.2 ათასი კაცით (4.4%-ით) , ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით (5.1%) გაიზარდა.
პანდემიის პერიოდში [2020-2021 წლებში] სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც პანდემიით და მთავრობის პოლიტიკით - მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების აღდგენა. 2022 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მონაცემები ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.
2022 წლის II კვარტლის მაჩვენებლებს თუ პანდემიამდე პერიოდის, ანუ 2019 წლის ანალოგიური კვარტლის მონაცემებს შევადარებთ, უმუშევრობის დონე 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. დასაქმებულთა რიცხოვნობა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელზე 45.8 ათასით ნაკლებია, მათ შორის - დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 41.7 ათასით არის შემცირებული. ამრიგად, ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, უნდა განვიხილოთ როგორც პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენის პროცესი.
2022 წლის I და II კვარტალში დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც ნამდვილად დადებითი მოვლენაა. თუმცა დეპუტატი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ უმუშევრობის მაღალი დონე კვლავ უმთავრესი გამოწვევაა და პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილები ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.
გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები (კვარტალური), 2019-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური