ირაკლი ქადაგიშვილი: ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ არის მძიმე კრიმინოგენური ვითარება
ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე
რეზიუმე
2019 წლის შემდეგ რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მიუხედავად ამისა, მსჯელობა, ამჟამად ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური ვითარება არის, თუ -არა, შეუძლებელია. პირველ რიგში, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მხოლოდ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე რეალურ სურათს ვერ მოგვცემს. როგორც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, ქვეყანაში დანაშაულის დონის სწორად შესაფასებლად მნიშვნელოვანია ე.წ. „დაფარული დანაშაულის” კვლევაც, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ შეწყდა.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები არსებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობის საკითხიც. შეგახსენებთ, რომ დანაშაულის სტატისტიკა წლების განმავლობაში არასტაბილურად ქვეყნდებოდა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში, უწყების მიერ დანაშაულის ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებიც კი ვრცელდებოდა, ხოლო სამინისტროში აღიარებდნენ, რომ დანაშაულის სტატისტიკის „შელამაზებასაც“ ჰქონია ადგილი. აქედან გამომდინარე, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით კითხვების არსებობა, ბუნებრივია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი
20 სექტემბერს ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლად არაერთი ადამიანი აიყვანა [1]. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს: მძევლად ხელში ჩაგდებას; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას; ტერორისტულ აქტს; ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას.
აღნიშნულ ფაქტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა. „ხდება ესეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ არის მძიმე კრიმინოგენური ვითარება“, - აღნიშნა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება გადაამოწმა.
კრიმინალის დონე ქვეყანაში, ბოლო წლებია, აქტიურად განიხილება, განსაკუთრებით კი - მედიის მიერ ცალკეული, მძიმე დანაშაულების გაშუქებისას. ოპოზიციის წარმომადგენლები კრიმინოგენურ მდგომარეობას ხშირად კრიტიკულად აფასებენ, მმართველი გუნდში კი - რეგისტრირებული დანაშაულის არსებულ სტატისტიკაში, როგორც წესი, პრობლემას ვერ ხედავენ და აღნიშნული თემით სპეკულირებაში მედიას ადანაშაულებენ.
„ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, რომ კრიმინოგენური მდგომარეობის სრულყოფილად შეფასება მხოლოდ არსებული, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკით (რითაც პოლიტიკოსები და მედია ხშირად ხელმძღვანელობენ) შეუძლებელია. გარდა ამისა, არსებობს რიგი გარემოებები, რომლებიც რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკასთან მიმართებით გარკვეულ უნდობლობას დღემდე შეიძლება იწვევდეს. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წლის შემდეგ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის წარმოების განსხვავებული მეთოდოლოგია არ დანერგილა (სამინისტროს ამ საკითხზე რაიმე სიახლე არ გაუსაჯაროებია), უკანასკნელი წლების მონაცემებით, დანაშაულის გარკვეული ტენდენციების დანახვა შეიძლება.
მოცემულ სტატიაში 2021-2022 წლების სტატისტიკურ მონაცემებს შევადარებთ. თუმცა, ვინაიდან მიმდინარე წლის სტატისტიკა შსს-ს ვებგვერდზე სრულად არაა გამოქვეყნებული,გასული წლის ანალოგიური პერიოდის (იანვარი-ივლისი) მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ.
გასული წლის იანვარი-ივლისის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 5.14%-ით იკლო. კერძოდ, 2021 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში სულ 34 848 დანაშაული აღირიცხა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 33 058 ერთეული.
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, გასული წლის იანვარი-ივლისის პერიოდში ეს მაჩვენებელი 41.64% იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში - 56.49%.
გრაფიკი 1: 2021 და 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკა ცალკეული თვეების მიხედვით
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
როგორც გრაფიკიდან ჩანს, რეგისტრირებული დანაშაულის მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ტენდენცია, გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ისევე, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც, მეორე კვარტალში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ შედარებით მოიმატა, თუმცა უმნიშვნელოდ.
რაც შეეხება ცალკეული კატეგორიის დანაშაულის სტატისტიკას, გასული წლის იანვარ-ივლისის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში, როგორც სიცოცხლის (-25.37%), ასევე ჯანმრთელობის წინააღმდეგ (-17.8%) მიმართულმა დანაშაულებმა იკლო. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი კატეგორიის დანაშაულებიდან შესამჩნევად - 25.87%-ით, იკლო ოჯახში ძალადობამ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში მედიის მიერ გაშუქებულ ოჯახში ძალადობის (უმეტესწილად - ფემიციდის) შემთხვევებს, აღნიშნული სტატისტიკა გარკვეულ კითხვებს აჩენს და შესაბამისად, ღრმა ანალიზს საჭიროებს.
სტატისტიკის თანახმად, ასევე, იკლო (-12.38%) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულებმა.
გასული წლის იანვარი-ივლისის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში, უმნიშვნელოდ (-1.42%) იკლო დანაშაულებმა საკუთრების წინააღმდეგ. თუმცა, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებიდან შესამჩნევად იმატა (+31.72%) ძარცვის შემთხვევებმა. ამავე კატეგორიის დანაშაულებიდან შედარებით შემცირებულია თაღლითობისა (-16.33%) და გამოძალვის (-18.18%) შემთხვევები.
სტატისტიკის თანახმად, 14.36%-ით შემცირდა დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ. თუმცა მნიშვნელოვნად იმატა დანაშაულმა ფულადსაკრედიტო (+58.94%) საფინანსო საქმიანობის სფეროში (+191.38%) და დანაშაულმა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ (+97.44%).
უმნიშვნელოდ, 4.21%-ით, მოიმატა დანაშაულმა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ. თუმცა, ამ კატეგორიის დანაშაულებიდან მკვეთრად, +80.65%-ითაა გაზრდილი ხულიგნობის შემთხვევები.
სტატისტიკის თანახმად, 27.94%-ით იკლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის შემთხვევებმა.
მიმდინარე წლის იანვარი ივლისის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93.06%-ით იკლო დანაშაულმა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიის დანაშაულებიდან 99,73%-ით იკლო იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევებმა, რაც ერთი მხრივ, ქვეყანაში შეცვლილი ეპიდ-ვითარებითა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულებაზე, ფაქტობრივად, უკვე აღარარსებული კონტროლით უნდა აიხსნას.
სტატისტიკის თანახმად, 28.64%-ით მოიმატა ნარკოტიკულმა დანაშაულმა. აღნიშნული კატეგორიიდან მოიმატა თითქმის ყველა მუხლით გათვალისწინებულმა დანაშაულმა. მათ შორის, მკვეთრადაა გაზრდილი ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღებისა და (+300%) და ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის შემთხვევები (+40.78%).
სატრანსპორტო დანაშაულთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი მკვეთრი ცვლილებები არ ფიქსირდება. კერძოდ, შემთხვევათა რაოდენობამ 15.8%-ით იკლო.
საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებმა მიმდინარე წელს 75.86%-ით მოიმატა. ტერორიზმთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, გასული წლის მსგავსად, 6 შემთხვევა აღირიცხა.
რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობას უკანასკნელ წლებში, როგორც გრაფიკიდან ჩანს, მკვეთრი მატება 2019 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც, 2020 წელს დანაშაულმა, ასევე, მკვეთრად იკლო.
გრაფიკი 2: ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
უნდა აღინიშნოს, რომ რომ 2020 წელს პანდემიამ/მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა გარკვეულწილად ქვეყნის ყველა მაჩვენებელზე მოახდინა ზემოქმედება. პანდემიის დროს შემოღებულ საგანგებო მდგომარეობასა და შეზღუდვებს შესაძლოა, რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობაზეც ჰქონოდა გავლენა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია აღნიშნულ თემაზე). თუმცა, დანაშაულის კლების/მატების მიზეზების დადგენა ღრმა ანალიზს საჭიროებს, (რომელსაც, სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვთავაზობს) რისთვისაც, მხოლოდ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა საკმარისი არაა.
როგორც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, ქვეყანაში დანაშაულის დონის სწორად შესაფასებლად მნიშვნელოვანია ე.წ. „დაფარული დანაშაულის” (ვიქტიმოლოგიური) კვლევა, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ შეწყდა.
განვითარებულ ქვეყნებში ვიქტიმოლოგიური კვლევის მონაცემები სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ წარმოებული სტატისტიკის „შესავსებად“ გამოიყენება. კვლევისთვის მონაცემები მოქალაქეთა გამოკითხვით გროვდება. აღნიშნული კვლევის უპირატესობა ისაა, რომ მის საფუძველზე ქვეყანაში ვიქტიმიზაციის დონე განისაზღვრება, დგინდება მოსახლეობის გამოცდილება და დამოკიდებულება დანაშაულის, სასჯელისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი.
2010-2012 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ვიქტიმოლოგიური კვლევა ყოველწლიურად ტარდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ ამ სახის კვლევების წარმოება შეწყდა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ვებპორტალი static.pol.ge, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონების და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია უნდა მიგვეღო, დღემდე არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ვებპორტალის შექმნის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს აიღო.
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის შემდეგ რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, მსჯელობა, ამჟამად ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური ვითარება არის, თუ-არა, შეუძლებელია. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მხოლოდ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე რეალურ სურათს ვერ მოგვცემს.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები არსებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობის საკითხიც. შეგახსენებთ, რომ დანაშაულის სტატისტიკა წლების განმავლობაში არასტაბილურად ქვეყნდებოდა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში, უწყების მიერ დანაშაულის ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებიც კი ვრცელდებოდა. მაგალითისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 2019 წელს, მისი წინამორბედი მინისტრების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ დანაშაულის სტატისტიკას „ალამაზებდნენ“. აქედან გამომდინარე, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით კითხვები ბუნებრივია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტის გარეშე ტოვებს.