ირაკლი კობახიძე: არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული მათ განცხადებებში არ არის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მხრიდან, ანტიდასავლური კამპანია შესამჩნევად გააქტიურდა. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატის გასვლაც (რომლებმაც მოგვიანებით მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს) სწორედ დასავლეთის უფრო მწვავე, ღია კრიტიკასა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებას ემსახურებოდა.

მოძრაობის წევრები სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ხშირად იყენებენ შეურაცხმყოფელ, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და კონსპირაციის თეორიებზე აგებულ რიტორიკას. მათი შედარებით ახალი განცხადებები, ძირითადად, აშშ-ის და საქართველოში მისი ელჩის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. კერძოდ, „ხალხის ძალა“ აქტიურად ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ აშშ-ს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა და რევოლუციის მოწყობა სურს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული „ხალხის ძალის“ განცხადებებში არ არის, წარმოადგენს ტყუილს.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიიდან წასულ ე.წ. ოთხეულსა და მის გუნდს შორის ტაქტიკური სხვაობაა, თუმცა ღირებულებებში აცდენა არ აქვთ. მისივე თქმით, ე.წ. ოთხეულის განცხადებებში ანტიდასავლური და ანტიამერიკული არაფერია.

„ხშირად საუბრობენ, რომ ანტიდასავლურია მათი განცხადებები, არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული ამ განცხადებებში არ არის”, - განაცხადა კობახიძემ 15 სექტემბერს.

„ფაქტ-მეტრმა“ მმართველი გუნდის თავმჯდომარის განცხადება გადაამოწმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებისა და საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, მმართველი გუნდის მხრიდან, ანტიდასავლური კამპანია შესამჩნევად გააქტიურდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ღია კრიტიკას და, ზოგჯერ, შეურაცხყოფასაც ხშირად მიმართავენ.

შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატის გასვლა სწორედ დასავლეთის შესახებ კონსპირაციული თეორიების გავრცელებას ემსახურებოდა („ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა მოგვიანებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს).

მოძრაობის წევრებმა პარტიისგან გამოყოფის მიზეზად საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება დაასახელეს. თუმცა, თუკი მათ ქმედებებსა და განცხადებებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მოძრაობის წევრებს „ქართული ოცნებისგან“ მხოლოდ ის განასხვავებს, რომ უფრო თამამად დაიწყეს საუბარი და იმ კონსპირაციის თეორიის განვითარება, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.

შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ წევრებმა არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება თუ წერილი გაავრცელეს როგორც ქვეყნის ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორების მისამართით. უფრო დეტალურად, აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ, იხილოთ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „ხალხის ძალის“ წევრებისგან საზოგადოებამ კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი განცხადებები და დაუსაბუთებელი ბრალდებები მოისმინა, რომლებიც კვლავ სტრატეგიულ პარტნიორებს მიემართებოდა.

22 აგვისტოს მოძრაობის წევრებმა აშშ-ის საელჩო რევოლუციის მომხრეობასა და კოორდინირებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) გამოქომაგებით, ამერიკის საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და მმართველი პარტია და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუოს.

მოძრაობის წევრების მტკიცებით, ISFED რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება აშშ-ის საელჩოს მიერაა კოორდინირებული.

14 სექტემბერს „ხალხის ძალამ“ კვლავ გაავრცელა აშშ-ის მადისკრედიტებელი განცხადება და აღნიშნა, რომ საელჩოს, კელი დეგნანს, საქართველოს „მეორე ფრონტად“ ქცევა სურს. კერძოდ, მოძრაობის წევრების მტკიცებით, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა პირდაპირ განაცხადა ის, რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს.

„როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ, ვფიქრობთ, საზოგადოებას აქედან ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეუძლია. რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს.

ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს – ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს, ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რაც საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს უქადის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ, 19 სექტემბერს, „ხალხის ძალა“ აშშ-ს კიდევ ერთი განცხადებით დაესხა თავს. როგორც მათ ახალ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ მისი შერყევისკენ არის მიმართული.

„...ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ საქართველოდან მიიღეს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი. ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული, ეს უკვე ვთქვით და ამაზე მოგვიანებით საზოგადოებას ბევრად მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - წერია განცხადებაში.

სტატიაში მოყვანილი, როგორც ირაკლი კობახიძის, ისე „ხალხის ძალის“ განცხადებები, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისგან ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატები, დიპლომატიური ეტიკეტის ყოველგვარ ფარგლებს მნიშვნელოვნად გასცდნენ. მათი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი, დაუსაბუთებელი ბრალდებები და კონსპირაციის თეორიებზე აგებული რიტორიკა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული „ხალხის ძალის“ განცხადებებში არ არის, წარმოადგენს ტყუილს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი