2022 წლის თებერვალში „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ბიუჯეტი 58.5 მილიონი ლარია. გურიის რეგიონის სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამურად 62 კმ-ს შეადგენს და ოთხ ლოტად ხორციელდება. აქედან ლოტი 1 საჯავახო - ჩოხატაური - ოზურგეთი - ქობულეთის საავტომობილო გზის (შ 02) კმ 35 - კმ 43.6 და კმ 47.2 - კმ 48 რეაბილიტაციას გულისხმობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 8.5 კმ-ია. აღნიშნული კონტრაქტის თანხა, დღგ-ის ჩათვლით, 8 128 896 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION ასრულებს. კონტრაქტი 2021 წლის 27 მაისს გაფორმდა და 12 თვეში, ანუ 2022 წლის 27 მაისს უნდა დასრულებულიყო.

ჩვენ საკითხს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დავუბრუნდით. როგორც ირკვევა, პროექტის დასრულებამდე ჯერაც არაერთი სამუშაო უნდა განხორციელდეს, რასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდება. თუმცა უწყება სახელშეკრულებო პირობების დამრღვევ კომპანიასთან თანამშრომლობას აგრძელებს.

სტატიაზე მუშაობის პერიოდში, ჩვენ რამდენიმე ადგილობრივსა და მძღოლსაც დავუკავშირდით. „ფაქტ-მეტრთან“, ისევე, როგორც არაერთ მედიასაშუალებასთან, ისინი აცხადებდნენ, რომ სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობდა და სარეაბილიტაციო გზის მხოლოდ 300-400 მეტრი იყო გაკეთებული. ამის შემდეგ ჩვენ უწყებისგან ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობდა. იმდროინდელი მონაცემებით, სანიაღვრე არხები მოწყობილი იყო 1 კმ-ზე, გზის საფუძვლის ფენა - 2 კმ-ზე, გზის საყრდენი კედლები - 11 ლოკაციაზე და რკინა/ბეტონის წყალგამტარი მილი - 9 ლოკაციაზე. მიმწოდებელი კომპანიისთვის 732 397 ლარის სამუშაო იყო ანაზღაურებული.

ამჯერად, ვინაიდან სამუშაოები დასრულებული არაა, უწყებისგან ინფორმაცია კიდევ ერთხელ გამოვითხოვეთ. დავინტერესდით, პროექტის დროში გაჭიანურების მიზეზი რა გახდა და მოსახლეობა მის დასრულებას როდის უნდა ელოდოს.

დეპარტამენტმა მოგვწერა, დანართი 1 რომ კონტაქტორმა კომპანიამ ადგილზე ადამიანური და ტექნიკური რესურსების სათანადო მობილიზება ვერ შეძლო, რაც სამუშაოების დაუსრულებლობის მიზეზი გახდა. საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში უწყება განცხადებით გამოეხმაურა აღნიშნული პრობლემის შესახებ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დეპარტამენტი ირწმუნებოდა, რომ სამუშაოები შესაბამისი პროგრესით მიმდინარეობდა, ხოლო მედიამ არასწორი და არასრული ინფორმაცია გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, თავის დროზე ადგილობრივი მოსახლეობა სწორად მიუთითებდა, რომ კომპანია ნელი ტემპით მუშაობდა, რადგან არც ტექნიკა და არც შესაბამისი რაოდენობის მუშახელი საპროექტო ლოკაციებზე არ შეუნიშნავთ. როგორც ჩანს, ეს არგუმენტები დეპარტამენტმა სანდოდ არ მიიჩნია.

დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიას პროექტის მთლიანი ღირებულების (8 128 896 ლარი) 26,9% ანუ 2 186 405 ლარი აუნაზღაურდა. რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, დღევანდელი მდგომარეობით (02. 09. 2022), საპროექტო 8,6 კმ-დან, ასფალტის ქვედა ფენა მოწყობილია 4,56 კმ-ზე; ასფალტის საცვეთი ფენა - 0 კმ; დაგეგმილი 4 646 მ არმირებული ბეტონის სადრენაჟე არხებიდან მოწყობილია 2 550 მ; ბრტყელი ბეტონის სადრენაჟე არხებისა და წინასწარ დამზადებული გვერდითი არხებიდან, რომელთა საპროექტო მოცულობა, შესაბამისად, 500 მ-სა და 250 მ-ს შეადგენს, ჯერ არც ერთი სანტიმეტრი გაკეთებული არაა. რაც შეეხება საყრდენ კედლებს, მათი მოწყობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. დანართი 2

უწყების ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION-ს, რომელიც გეგმა-გრაფიკს მკვეთრად ჩამორჩება, ყოველ გადაცილებულ დღეზე, ჯარიმის სახით, მთლიანი ღირებულების 0,1% ერიცხება. ჩვენს კითხვაზე, როდის დასრულდება სამუშაოები, უწყების პასუხში არაფერია ნათქვამი.

ფოტო: https://www.facebook.com/GuriisMkhare/posts/3077956339106245