იტვირთება

2022 წლის 25 აგვისტოს ალტ-ინფოს გადაცემა „დღის კომენტარი 13:00 საათზე“ ეთერში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვით, მორიგი პანდემიის დაწყებისას სახელმწიფოები მმართველობის უფლებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) გადასცემენ: „იმაზეა ლაპარაკი, რომ მორიგი პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ის დადგენილება, რომ ჯანმოს გადაეცემა მმართველობა მთელს ამ ქვეყნებში“. რეალურად, აღნიშნული მტკიცება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეფუძნება, რომლის მიხედვით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიური ხელშეკრულების განხორციელებას გეგმავს, რაც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს სუვერენულობას წაართმევს.

აღსანიშნავია, რომ მტკიცება, რომ თითქოს ჯანმო პანდემიური ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყნებს მმართველობის უფლებასა და შესაბამისად, მათ სუვერენიტეტს შეუზღუდავს, ამ დრომდეც არაერთხელ გავრცელებულა, რასაც „ფაქტ-მეტრი“ რამდენჯერმე გამოეხმაურა. შესაბამისი სტატიები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე (ბმული 1; ბმული 2);

რეალურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიური ხელშეკრულებით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებზე კონტროლის დამყარებას არ გეგმავს. სინამდვილეში, ორგანიზაციაში პანდემიების დროს მზადყოფნის ზრდის შესაძლებლობებს განიხილავენ. ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2021 წლის 30 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის სპეციალურ სესიაზე დაიწყო. სესიაზე მზადყოფნის მისაღწევად პანდემიური ხელშეკრულების შექმნის იდეაც გაჟღერდა და ხელშეკრულების გარშემო მოლაპარაკებებისთვის სამთავრობათაშორისო ორგანო შეიქმნა.

სამთავრობათაშორისო ორგანოს მიერ პანდემიური ხელშეკრულების სამუშაო ვერსიის გამოქვეყნება 2023 წელს მსოფლიო ჯანდაცვის 76-ე ასამბლეაზეა დაგეგმილი, დოკუმენტის საბოლოო სახით შემუშავება და მიღება კი - 2024 წლისთვის.

ამჟამად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდპანდემიის შედეგების გათვალისწინებით პანდემიის პრევენციის, პანდემიის პირისპირ მზადყოფნისა და პანდემიის საპასუხო ქმედებების გასაუმჯობესებლად მუშაობს. ამ მიზნით 2022 წლის 22-28 მაისს გამართულ ასამბლეაზე ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებში (IHR) ცვლილებების შეტანაზეც შეთანხმდნენ.

ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი ხელშეკრულებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საყურადღებო დაავადებების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მოპოვებასა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემას, ანუ მსოფლიოს სახელმწიფოების ინფორმირებას გულისხმობს. ის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებაა, რომლის დანიშნულება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოტენციური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საყურადღებო შემთხვევების დროულ გამოვლენის, ასეთი შემთხვევების აღმოჩენის, შეფასების, პასუხისა და ჯანდაცვის შესაბამისი ორგანოებისთვის დროული შეტყობინების, ხელშეწყობაა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება იურიდიულად სავალდებულო ხასიათისაა და სახელმწიფოებისგან სხვადასხვა დაავადების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას მოითხოვს, ის აღსრულების ძლიერ მექანიზმს არ ფლობს. კოვიდპანდემიის დროს, რომელმაც სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებში ცვლილებების შეტანისა და ახალი ხელშეკრულების შემუშავების აუცილებლობა გაჩნდა.

პანდემიური ხელშეკრულება სწორედ ასეთად მოიაზრება, მან ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებში არსებულ „ჩავარდნებს“ უნდა უპასუხოს და პანდემიების პირისპირ ქვეყნების მიერ პრევენციის, მზაობისა და თანამშრომლობის ხარისხი გაზარდოს. ამასთანავე, ხელშეკრულება პანდემიების გამოვლენის, შეტყობინებისა და რეაგირების ციკლის მანძილზე ხელისშემწყობი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ხელშეკრულება პანდემიების მიმართ კოლექტიური ქმედებების ფორმირებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება სახელმწიფოს სუვერენულობის შეზღუდვის საკითხს, ამ თემაზე ჯანდაცვის გლობალური მმართველობის ექსპერტმა, სარა დევისმა Reuters-სთან განაცხადა, რომ ხელშეკრულების შეთანხმების შემთხვევაშიც კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გააჩნია შესაძლებლობები წევრი ქვეყნები აიძულოს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნორმები დაიცვან.

გარდა ამისა, ყველა ხელშეკრულების მიღება სუვერენული სახელმწიფოების მიერ ხდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში კი 194 ასეთი ქვეყანაა, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი ეროვნული კანონების, რეგულაციებისა და რეგლამენტების გათვალისწინებით მოქმედებენ. სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებების ორგანოს მიერ, რომელიც ასევე სუვერენულ სახელმწიფოებს მოიცავს, წარმოდგენილ სამუშაო ვერსიაში უკვე ჩანს მონახაზები იმ ძირითადი პრინციპებისა, რომლებსაც ხელშეკრულება დაეფუძნება. მათ შორისაა ეროვნული სუვერენული უფლებების, ღირსების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების მნიშვნელობაზე ხაზგასმა.

ამრიგად, 25 აგვისტოს ალტ-ინფოს ეთერში გაჟღერებული მტკიცება, რომ თითქოს სახელმწიფოები მორიგი პანდემიის პირობებში მათზე მმართველობის უფლებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა პანდემიური ხელშეკრულების შექმნას ნამდვილად განიხილავს, თუმცა სუვერენული ქვეყნების მიერ შემუშავების პროცესში მყოფი ხელშეკრულება სახელმწიფოთა სუვერენიტეტის შეზღუდვას არ გულისხმობს. ის სახელმწიფოთა კოლექტიური ქმედებების ჩამოყალიბების გზით - პანდემიების გამოვლენის, შეტყობინებისა და რეაგირების ციკლის მანძილზე პანდემიებთან გამკლავების უკეთესი პირობების შექმნაზე არის კონცენტრირებული.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი