რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მთავრობა რთველს მიმდინარე წელსაც დაასუბსიდირებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული გამოწვევების ფონზე მთავრობამ რთველის დასუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2022 წლის რთველის სუბსიდირება ჯამში 150 მლნ ლარი დაჯდება.

„ამის თაობაზე ვიმსჯელეთ, შეკრება გვქონდა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რთველი წელსაც დავასუბსიდიროთ. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება და არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება... ჩვენი ქვეყანა მეღვინეობის აკვანია, დადასტურებულია, რომ მეღვინეობა სწორედ ჩვენგან დაიწყო, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევა აუცილებელია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს წითელი ყურძნის რეალიზაცია თავისუფალ ბაზარზე მოხდება, თეთრი ყურძნის შემთხვევაში კი, როგორც გასულ წელს, იმ შემთხვევაში თუ ფერმერს ერთ კილოგრამ თეთრ ყურძენში 0.90 ლარზე ნაკლებს გადაუხდიან, თეთრი ყურძნის ფასს სუბსიდიის სახით 0.35 თეთრი დაემატება.

საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანა. ამ ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ მევენახეებისთვის საქმიანობას რენტაბელობა შეენარჩუნებინა, ყურძნის ფასის სუბსიდირება გახდა საჭირო. 2008-2012 წლამდე ყურძნის სუბსიდირების პროგრამა მცირე მასშტაბის იყო. კერძოდ, 1 კგ რქაწითლის ჯიშის ყურძნის დასუბსიდირება საქართველოს ბიუჯეტს 0.15 ლარი უჯდებოდა, საფერავის ჯიშის - 0.25 ლარი და მუჯურეთული/ალექსანდროული კი 1 კგ -1 ლარი. ბიუჯეტიდან რთველისთვის აღნიშნულ წლებში საშუალოდ 6-7 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

სიტუაცია 2013 წლიდან შეიცვალა, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, მუჯურეთულ/ალექსანდროულის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი 1 ლარი უცვლელი დარჩა, თუმცა რქაწითელსა და საფერავის ჯიშებზე სუბსიდირება შესაბამისად 0.4 და 0.35 ლარამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტიდან ჯამურად გამოყოფილი თანხის მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2013 წელს 32 მილიონ ლარს მიაღწია.

სუბსიდირების სტრუქტურა 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მთავრობა ყურძნის ფასის სუბსიდირებიდან გავიდა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმოებს თანხა მაინც გამოუყო. შესაბამისად, 2017 წლის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაიცა. სუბსიდია მხოლოდ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე შენარჩუნდა (1 კგ. ყურძენზე - 2 ლარი). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპენსაცია იმ ღვინის კომპანიებმა მიიღეს, რომელთაც საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დასამზადებლად, ერთი კილოგრამი ყურძენი (რქაწითელი და კახური მწვანე) არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს. საკომპენსაციო თანხა 1კგ. ყურძენზე 0.35 ლარი იყო.

სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ და ს.ს „აკურა“ ბაზარზე დარჩენილი ყურძენი შეისყიდეს და მისგან ღვინის მასალა და სპირტი დაამზადეს, რომელსაც შემდგომში აუქციონის წესით საბითუმო ფასად გაყიდეს.

2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმო „აკურას“ ორივე წელს 10-10 მილიონი ლარი გამოუყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთველის ირიბი სუბსიდირება იყო. 2019 წელს გამოყოფილი 10 მლნ საკმარისი არ აღმოჩნდა და ჭარბი ყურძნის შესაძენად აკუმულირებულმა თანხამ ჯამში 80 მლნ ლარი შეადგინა.

2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო. გარდა აღნიშნულისა, ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესაძენად დამატებითი თანხები გამოიყო და საბოლოო ჯამში, რთველის სუბსიდირებამ 87.1 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ წელს მთავრობამ 95 000 ტონა ყურძენი შეისყიდა.

2021 წელს რთველის სუბსიდირებისთვის ჯამში 138 მლნ ლარი გამოიყო. სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის“ კომპანიას ჩაერიცხა (107 მლნ ლარი). კომპანიას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ როგორც საღი, ასევე სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი უნდა ჩაებარებინა და ასევე მიღებული მოსავალი გადაემუშავებინა.

მიმდინარე წელს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოიყო (მოხდება როგორც თეთრი ყურძნის ფასის სუბსიდირება, ასევე ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვა).

2008 წლიდან მოყოლებული ყურძნის სუბსიდირებაზე ჯამურად დახარჯული თანხები შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1: 2008-2022 წლებში ყურძნის ცალკეული ჯიშების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა და ჯამური ხარჯი (ლარებში)

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, სუბსიდირების თანხები 2013 წლიდან იზრდება, შემდგომ 2016-2018 წლებში კლების ტენდენცია იკვეთება. მთავრობამ 2018 წლიდან სუბსიდირებიდან გასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შეძენა მაინც განახორციელა. რთველის სუბსიდირების თანხები განსაკუთრებით ბოლო წლებში არის გაზრდილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ ყურძნის ფასის სუბსიდირების გარდა, მთავრობა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესყიდვასაც ახორციელებს. ყურძნის გაზრდილი მოსავლის გამო კი ყოველწლიურად ბაზარზე დარჩენილი სულ უფრო მეტი ჭარბი ყურძნის შესყიდვა უწევს.

ზოგადად სუბსიდირება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და იგი რეალურად დარგის გადარჩენას, განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას უნდა ემსახურებოდეს. საქართველოში მდგომარეობა სხვაგვარადაა. სუბსიდირების პირველ ეტაპზე, როდესაც ქართულმა ღვინომ გასაღების ძირითადი ბაზარი დაწესებული რუსული ემბარგოს გამო დაკარგა, სუბსიდირება გამართლებული იყო. მაგრამ უკვე 2018 წლიდან აღნიშნულმა სხვა შინაარსი შეიძინა.

ბოლო წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირება სოციალური დახმარება უფროა, ვიდრე დარგის განვითარების ხელშეწყობა და დარგზე ერთგვარ უარყოფით გავლენასაც კი ახდენს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. საქართველოში სუბსიდიას მიჩვეული ფერმერების ნაწილი ყურძნის ფასით ყოველწლიურად უკმაყოფილო რჩება. აღნიშნულის სათავე წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაცემული უხვი დაპირებები და სუბსიდირების პოლიტიკაა, რაც მევენახეებს მუდმივად გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს. გარდა ამისა, იმის იმედად, რომ მთავრობა ჭარბ და უხარისხო ყურძენს მაინც შეისყიდის, ფერმერების ნაწილი ხარისხზე ნაკლებად ზრუნავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად სუბსიდირებას მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი კომპანიები იღებენ (ამის შესახებ იხილეთ „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა), რაც მცირე მარნებს არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურძნის წარმოება მზარდია, ასევე ღვინის ექსპორტშიც ზრდის ტენდენცია იკვეთება, სასურველია სახელმწიფო ყურძნის და რთველის სუბსიდირებიდან გავიდეს და დარგს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეს. სუბსიდირებაში დახარჯული რესურსი კი ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდას და ბაზრების დივერსიფიცირებას მოახმაროს, რაც სახელმწიფო სახსრების უფრო გონივრული და მიზნობრივი მოხმარება იქნება.