იტვირთება

Facebook-მომხმარებლებმა დონეცკის რეგიონში, ოლენივკაში, ციხეზე, სადაც აზოვის ბატალიონის ტყვეები იმყოფებოდნენ, შეტევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს. აღნიშნული პოსტების თანახმად, დაბომბვა „ჰაიმარსის“ ამერიკული სარაკეტო სისტემის მეშვეობით ამერიკელებმა და უკრაინელებმა განახორციელეს, რადგან მათ იცოდნენ, რომ ტყვეები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ ოფიციალურ ჩვენებას მისცემდნენ. კერძოდ, ჟურნალისტის ზაზა დავითაიას და ყოფილი ოფიცრის, რომელიც ღალატის ბრალდებით იყო გასამართლებული, ტრისტან წითელაშვილის მტკიცებით, ტყვეები აპირებდნენ, ეღიარებინათ, რომ უკრაინა აშშ-ის ხელისუფლების ხელშეწყობითა და წაქეზებით რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს გეგმავდა. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ რუსები ტყვეებს საერთაშორისო კონვენციის დაცვით ეპყრობიან, ხოლო უკრაინელები პატიმრებს აწამებენ.

2022 წლის 29 ივლისს, ღამით, ოლენივკას ციხეზე, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, შეტევა განხორციელდა. შედეგად დაზიანდა შენობა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ და 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე გარდაიცვალა. რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა დონეცკელმა სეპარატისტებმა მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალები დაადანაშაულეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ეს „სისხლიანი პროვოკაცია“ უკრაინის რეჟიმმა ამერიკული სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ გამოყენებით მოაწყო, რათა ტყვეებს უკრაინის წინააღმდეგ ოფიციალური ჩვენება არ მიეცათ. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ჩადენილი აფეთქება არის რუსეთის ფედერაციის მიერ მოწყობილი სამხედრო პროვოკაცია და ტიპური „ცრუ დროშის“ ოპერაცია, რომლის მიზანია ომის დანაშაულების დაფარვა, უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხება და უკრაინულ საზოგადოებაში დაძაბულობის გაზრდა“. მაღალი სიზუსტის შეიარაღების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზუსტ იერიშს მხოლოდ რუსულ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები არ განუხორციელებიათ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით CNN-მა გამოძიება ჩაატარა. გამოძიების ფარგლებში გაანალიზეს შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული ვიდეო და ფოტომასალა, ასევე თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოები, სასამართლო ექსპერტიზისა და შეიარაღების ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და დაასკვნეს, რომ მოვლენების განვითარების რუსული ვერსია, დიდი ალბათობით, ყალბია.

წყარო: CNN

მოცემულ ფოტოებზე, რომლებიც თავდასხმის შემდეგაა გადაღებული, ოლენივკას საპატიმროს იმ შენობის (საწყობის) ნანგრევებია ასახული, სადაც ტყვეები იმყოფებოდნენ. როგორც ფოტოებზე ჩანს, შენობის კედლები და სახურავის ნაწილი შეტევის შემდეგ შენარჩუნებულია. ექსპერტების თანახმად, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ გამოყენების შემთხვევაში შენობას გაცილებით მასშტაბური ზიანი მიადგებოდა. შეიარაღების ექსპერტმა კრის კობ-სმიტმა CNN-თან განაცხადა, რომ მოცემული შენობა, რომელსაც თხელი კედლები და მეტალის სახურავი აქვს, „ჰაიმარსის“ დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდებოდა. „აფეთქების შედეგად გაჩნდებოდა კრატერები, შედეგად მივიღებდით დანგრეულ კედლებს და აფეთქებულ სხეულებს“, - განაცხადა კრის კობ-სმიტმა. ექსპერტების აზრით, მეტად სავარაუდოა, რომ ხანძრის წყარო შენობის შიგნით იყო, რადგან შენობასა და ადამიანების სხეულებზე მიყენებული დაზიანებები, საწოლების განლაგება ფართოდ გავრცელებული ძლიერი ცეცხლის შედეგს ჰგავს და არა გარეგანი აფეთქების.

„ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემის გამანადგურებელი ძალის უკეთ აღსაქმელად CNN-მა წარმოადგინა სატელიტური ფოტომასალა, რომელიც ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში „ჰაიმარსის“ გამოყენებით რუსული იარაღის საწყობის აფეთქების შედეგებს ასახავს. როგორც მარჯვენა ფოტოზე ჩანს, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ დარტყმის შედეგად ნოვა კახოვკაში მდებარე შენობა მთლიანად განადგურებულია. შენობის კედლების კვალი, ოლენივკას საპატიმროსგან განსხვავებით, ადგილზე არ არის.

ადგილი: ნოვა კახოვკა

წყარო: CNN

კომპანია Maxar Technologies-ის მიერ გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე ოლენივკას საპატიმროს საწყობი აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ არის ასახული. როგორც მარჯვენა ფოტოზე ჩანს, ოლენივკას საპატიმროს საწყობის შენობა დაზიანებულია, თუმცა დაზიანების მასშტაბები გაცილებით მცირეა.

ადგილი: ოლენივკა

წყარო: Maxar

ამასთან ერთად, „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემის გამოყენება საწყობზე იერიშის მისატანად არარაციონალური იქნებოდა, რადგან „ჰაიმარსი“ არის ძვირადღირებული სარაკეტო სისტემა, რომელიც შორ მანძილზე იერიშის მისატანად გამოიყენება. დაზიანებული შენობა კი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.

ბუნებრივია, რომ საარტილერიო სარაკეტო სისტემის გამოყენებისას აფეთქების ძლიერი ხმა იქნებოდა, თუმცა CNN-თან საუბარში ერთ-ერთი სამხედრო პატიმრის დედამ აღნიშნა, რომ ოლენივკაში ტყვეებს აფეთქების ხმა არ გაუგიათ. ოლენივკაში დატყვევებული აზოველების ოჯახის წევრების ჩვენებები ასევე მიანიშნებს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ოლენივკას ციხის ძირითადი შენობებიდან დაახლოებით 200 უკრაინელი ომის ტყვე ციხის საწყობის შენობაში გადაიყვანეს, მათ შორის, ჭარბობდნენ ისეთი ტყვეები, რომლებიც აჯანყების მცდელობით რუსულ სამხედრო ძალებს საფრთხეს უქმნიდნენ. შესაბამისად, გამოძიების შედეგების თანახმად, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ციხეზე თავდასხმა „ჰაიმარსის“ გამოყენებით უკრაინული მხარის მიერ განხორციელებულიყო.

ციხეზე შეტევის შემდეგ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ოლენივკას საპატიმრო დაწესებულებაში გამოძიების დაწყების მიზნით შესვლა მოითხოვა, რაზეც რუსეთმა უარი განაცხადა. 4 აგვისტოს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ, დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთი დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით შემთხვევის ადგილზე ცრუ მტკიცებულებებს ათავსებს და ამიტომ დამოუკიდებელ გამომძიებლებს ადგილზე წვდომის უფლებას არ აძლევს.

გარდა ამისა, პოსტში ნახსენებია დეზინფორმაცია, რომ რუსები ტყვეებს საერთაშორისო კონვენციის დაცვით ეპყრობიან, ხოლო უკრაინელები პატიმრებს აწამებენ. აღნიშნული უსაფუძვლო მტკიცება, ომის მიმდინარეობის პერიოდში არაერთხელ გავრცელდა. რუსული მხარე დადგმულ ვიდეოებს აქვეყნებდა, სადაც ნაჩვენებია, რომ უკრაინელი ტყვეები კარგ პირობებში იმყოფებიან. რეალურად, აღნიშნულის საპირისპირო არაერთი ფაქტი არსებობს.

უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის 29 ივნისის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს მტკიცებულებები კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რეგიონების 30-ზე მეტ დასახლებაში მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯის შესახებ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფიქსირდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების გაუჩინარების ფაქტები. მისიამ სექსუალური ძალადობის 23 შემთხვევა დააფიქსირა, რაც ძირითადად რუსეთის შეიარაღებულ ძალების მიერ იყო ჩადენილი. მონიტორინგის მისიაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს დიდი რაოდენობით ვიდეოები, რომლებიც ასახავს, რომ უკრაინელ ომის ტყვეებს შეურაცხყოფას აყენებენ და აშინებენ. ანგარიშის თანახმად, ასევე არსებობს ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ომის ტყვეები დაკავებისთანავე იკითხებიან, ხოლო ზოგს სისხლჩაქცევები აღენიშნება.

ასევე, Human Rights Watch-ის თანახმად, 13 აპრილს ეუთო-ს ეგიდით გამოცემულ ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება, რომ ომის ტყვეების უფლებებს ორივე მხარე (რუსული და უკრაინული) არღვევს, რადგან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს ომის ტყვეებთან ვიზიტის საშუალებას არ აძლევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ, გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებს (ბმული 1, ბმული 2)

ამდენად, რუსული მხარის მტკიცება, რომ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს რუსები ყველაზე ჰუმანურად ეპყრობიან, კრემლის პროპაგანდისტული გზავნილია, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია. ასევე საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ ოლენივკას ციხე უკრაინელებმა „ჰაიმარსის“ გამოყენებით ააფეთქეს.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი