კრემლის მიერ კონტროლირებულმა რუსეთის პირველმა არხმა და ასევე სხვა რუსული პროპაგანდის წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც რუსეთის მიერ მარიუპოლის სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმას უარყოფენ. კერძოდ, მათ გამოაქვეყნეს მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შემდგომ გადაღებულ კადრებში მოხვედრილი დაშავებული ორსულის მარიანა ვიშეგირსკაიას ვიდეო. რუსეთის პირველი არხის მიერ ვიდეოს ჩაწერის ადგილი ზუსტად ცნობილი არაა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონის სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ რუსებმა მარიანა ვიშეგერსკაია გაიტაცეს და მათ კონტროლირებულ ტერიტორიაზე წაიყვანეს, მიუხედავად ახლობლების თხოვნისა, რომ მარიანა ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაეყვანათ. უკრაინული მედიამ ასევე განაცხადა, რომ ვიშეგერსკაიას, სავარაუდოდ, პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება იგეგმებოდა. ვიშეგერსკაიას გარდა, რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომელიც მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა, რუსეთმა გაიტაცა, დაატყვევა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანა, (მათ შორის - 2300 ბავშვზე მეტი). რუსული პირველი არხის ინტერვიუმ დაადასტურა, უკრაინული მხარის განცხადება, რომ მარიანა ვიშეგირსკაია რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას მისი პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება მოჰყვებოდა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში იგი ამბობს, რომ საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმა არ განხორციელებულა, რადგან არავის გაუგია ხმა, რომელიც თვითმფრინავის მიერ ბომბის ჩამოგდებაზე მიანიშნებდა, არამედ იყო სხვა ტიპის აფეთქება იყო (ორჯერ). ამასთან, რუსული პირველი არხი სიუჟეტს ისე ავითარებს, რომ ირიბად მიანიშნებს, თითქოს მარიუპოლის სამშობიარო უკრაინულმა მხარემ დაბომბა.

მარიუპოლის საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმის შესახებ, რომლის შედეგადაც მინიმუმ 17 ადამიანი დაიჭრა, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყებიან უკრაინის ოფიციალური პირები. რუსეთის მიერ მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ადასტურებენ. ასევე, CNN-თან ინტერვიუში უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ბოგნერმა დაადასტურა, რომ, მარიუპოლის საავადმყოფოზე თავდასხმა რუსეთის მიერ განხორციელდა.

შეიარაღების ექსპერტის, კრის კობ-სმიტის თანახმად, შეიარაღების ექსპერტები თანხმდებიან, რომ მარიუპოლის საავადმყოფოსთან დაბომბვის შემდეგ გაჩენილი კრატერი, რომელიც, დაახლოებით, ორი სართულის სიღრმისაა, უდავოდ ჰაერიდან ჩამოგდებული ბომბის შედეგია და ასევე, ეს ბომბი მინიმუმ 450 კილოგრამზე მეტი წონის უნდა ყოფილიყო. Truth Hounds-ი, უკრაინული ჯგუფი, რომელიც 2014 წლიდან სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირებას ახდენს, კი აცხადებს, რომ კრატერი თვითმფრინავიდან ჩამოგდებულ მინიმუმ 500-კილოგრამიან ბომბს შეესაბამება.

რუსეთის მტკიცების მიუხედავად საავადმყოფოს აზოვის ბატალიონის მიერ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. ისრაელში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა სურათი, სადაც ტანკი შენობის წინ დგას და მასზე დაყრდნობით ცდილობდა მარიუპოლის საავადმყოფოს აზოვის ბატალიონის მიერ გამოყენება დაემტკიცებინა. თუმცა ისრაელში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული სურათი Bellingcat-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ სურათზე ნაჩვენები შენობა საავადმყოფოდან, დაახლოებით, 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

საერთაშორისო მედია გავრცელებულ ვიდეოს რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს და წერს, რომ ვიდეომ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს (მაგალითად, იხილეთ Telegraph, Washingtonpost, METRO, Associated Press და ა.შ.).

Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემსწრეთა ჩვენებები და Associated Press-ის (AP) მიერ გადაღებული ვიდეო საჰაერო თავდასხმის მტკიცებულებებს წარმოადგენს - აფეთქებამდე თვითმფრინავების ხმა გაისმა, ხოლო აფეთქების შემდეგ საავადმყოფოს წინ, დაახლოებით, ორი სართულის ზომის კრატერი გაჩნდა. შემთხვევის ადგილიდან ინტერვიუში პოლიციის ოფიცერმა და ჯარისკაცმა თავდასხმას საჰაერო დარტყმა უწოდეს. თავდასხმის მომენტში AP-ის რეპორტიორები მარიუპოლის სხვა ნაწილში იყვნენ და მათ ჯერ თვითმფრინავის და შემდეგ ორი აფეთქების ხმა გაიგეს. შემდეგ ისინი ახლოს მდებარე შენობის მე-12 სართულზე ავიდნენ და საავადმყოფოს მიმართულებით ორი დიდი კვამლის ამოსვლის წერტილი შენიშნეს. შემდეგ კი მათ საავადმყოფოსთან მისვლისთვის, დაახლოებით, 25 წუთი დასჭირდათ, მაშინ როდესაც რუსული პროპაგანდისტული წყაროები ამტკიცებენ, რომ თავდასხმა დადგმული იყო და რეპორტიორებიც წინასწარ მზად იყვნენ ადგილზე.

პირველი არხის გავრცელებულ ვიდეოში ვიშეგერსკაია AP-ის ჟურნალისტებთან საუბარს არასწორად ჰყვება. ის ამბობს, რომ AP-ს განუცხადა, რომ არ სურდა, მისთვის გადაეღოთ, მაგრამ მასთან AP-ის ჟურნალისტების ინტერაქციის ჩანაწერები ვიშეგერსკაიას მტკიცებას გამორიცხავს. ვიდეოში ჩანს რეპორტიორების პირველი შეხვედრა ვიშეგერსკაიასთან, სადაც მას პლედი აქვს მოხვეული და პირდაპირ კამერას უყურებს. AP-ის რეპორტიორმა, მსტისლავ ჩერნოვმა მას ჰკითხა, თუ როგორ იყო, რაზეც ვიშეგერსკაიამ უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო და თავს კარგად გრძნობდა. ამ დროს ვიშეგერსკაიამ იცოდა, რომ მას კამერა უღებდა და არანაირად არ მიუნიშნებია, რომ არ სურდა კადრში მოხვედრა. AP-ის რეპორტიორების თქმით, არც მას და არც მის ქმარს არ მიუნიშნებიათ, რომ ისინი გადაღებას ან ინტერვიუს მიცემას არ ეთანხმებოდნენ, როდესაც წყვილს ბავშვის შეძენის შემდგომ დღეს, 11 მარტს, ესაუბრნენ. რაც შეეხება საავადმყოფოს დაბომბვის დეტალებს, AP-ს კამერის წინ ვიშეგერსკაიამ განაცხადა, რომ მას საკუთარი თვალით არ უნახავს, თუ ვისგან, საიდან, რა ან რა მიმართულებიდან მოხვდა. მან ასევე დაამატა, რომ ბევრი ჭორი იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფრის თქმა შეეძლო.

ვიშეგირსკაიას მიერ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან გაკეთებული განცხადება ასევე ეწინააღმდეგება დაბომბვის შემდეგ რუსეთის მიერ გავრცელებულ მტკიცებებს. მაგალითად, 9 მარტის სამშობიაროს დაბომბვის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩომ AP-ის მიერ გადაღებულ ვიშეგერსკაიას სურათების შესახებ დაწერა, რომ ისინი ყალბი იყო და ამტკიცებდა, რომ ვიშეგერსკაია დაბომბვისთვის მაკიაჟით პოზირებდა. ლონდონში რუსეთის საელჩო (ასევე, ჰოლანდიაში რუსეთის ელჩი და სოციალურ მედიაში პროპაგანდის გამავრცელებელი სხვა წყაროები) ასევე ამტკიცებდა, რომ ვიშეგერსკაია დაქირავებული მსახიობი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ დაბომბვის დროს სამშობიარო ფუნქციური აღარ იყო და მას უკრაინის შეიარაღებული ძალები რადიკალები, კერძოდ „ნეო-ნაცისტური“ აზოვის ბატალიონი იყენებდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთმა სამი დღით ადრე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც განაცხადა. საინტერესოა, რომ რუსეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ რუსულ ძალებს საავადმყოფო არ განუხორციელებია.

Twitter-მა ლონდონში რუსეთის საელჩოს აღნიშნული ყალბი განცხადებები წაშალა. შესაბამისად, რუსულმა მხარემ ვიშეგერსკაიას ახალი ინტერვიუ სანდო წყაროდ მიიჩნია იმის მიუხედავად, რომ ის მათ მიერვე გავრცელებულ წინა ვერსიებს, მათ შორის იმას რომ ვიშეგერკაია რეალურად არ დაშავებულა და მსახიობი იყო, ეწინააღმდეგებოდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსული პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენს.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია