აბასთუმნისადმი ინტერესი ბიძინა ივანიშვილს 2018 წლიდან გაუჩნდა, როდესაც ის დაბაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. უკვე შემდგომ წელს აბასთუმანში კვლავ სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში“.

მალევე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ „სანაპირო ხედი“, აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, ასევე მიმდებარედ მდებარე ორი ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, აუქციონზე 3 540 000 ლარად შეიძინა.

შპს „სანაპირო ხედის“ 100%-ინი წილის მფლობელი, 2008 წელს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ლაიმსტოუნ ფაინანს ინტერნეიშენალია“.

აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე სასტუმრო უნდა აშენებულიყო, რომელსაც ერთი ერთეული სასტუმრო დანიშნულების შენობა ან არაუმეტეს ორი ერთეული საცხოვრებელი სახლი უნდა მოეცვა.

ამ ეტაპზე, აბასთუმანში სასტუმრო Autograph Collection-ის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. 150-ნომრიან სასტუმროში თავმოყრილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360-გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენდება და მისი საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ს შეადგენს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 60 მლნ ლარია და სასტუმრო 2023 წელს უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფოს, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ტუბსაავადმყოფოს ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების, 100 ბენეფიციარზე გათვლილი ფილტვის ცენტრი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრის მოშორებით აშენდა, რაშიც ფონდმა „ქართუმ“ 5.3 მლნ ლარი დახარჯა.

„ქართუს“ დაფინანსებით ასევე ამბულატორიის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 655 ათასი ლარი გამოიყო.

„მინდა აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი და ვაპირებთ გავაკეთოთ ავტომობილების სადგომი“,- აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი. ამ ეტაპისთვის აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილები არ მოძრაობენ და „ფონდ „ქართუს“ არც მანქანების სადგომი აუშენებია. სამაგიეროდ, მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის შესასვლელში, 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობას აწარმოებს, სადაც 200 ერთეული ადგილი ელექტრომობილებისთვისაც არის გათვალისწინებული.

საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე აბასთუმანში მხოლოდ სასტუმროს აშენებს. რაც შეეხება უკვე აშენებულ ფილტვის ცენტს, ის მის მიერვე დანგრეული ტუბდისპანსერის სანაცვლოდ ააშენა და თანაც ადგილმდებარეობა შეუცვალა, დაბიდან სამი კილომეტრის დაშორებით ააგო. ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ერთადერთი საზოგადოებრივი კონტრიბუცია - ამბულატორიის რეაბილიტაცია, განახორციელა, რაც 655 ათასი ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია განახორციელა, რაც ჯამში 4.1 მლნ ლარი დაჯდა (იხილეთ: სტატია).

ამ პროექტის გარდა, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა აღდგა. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია და დაბის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ტემპით მიმდინარეობს როგორც აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, შემოვლითი გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე 3 ახალი ხიდის მშენებლობა, მიწის სამუშაოები და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულების შემდეგ კი, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობა, ნაცვლად 4 საათისა, 2.5 სთ-ში იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებს შორის კავშირის განვითარებას, ასევე ტურისტების ნაკადების ზრდას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაბაში მიმდინარეობს აბასთუმნის ობსერვატორიის გუმბათის და ტელესკოპის რეაბილიტაციაა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის 1.5-მეტრიანი ტელესკოპის, მისი შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათის დასამზადებლად ავსტრიული კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“ შეარჩია. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის მაღალპროფესიული გუნდი ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს - როგორც კომერციული ორგანიზაციებისთვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის ამზადებს. ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია კომპანიამ 2024 წლისთვის უნდა დაასრულოს. პროექტი მსოფლიო ბანკის 8.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო.

„ფაქტ-მეტრი“ აბასთუმანში მიმდინარე პროექტებს და განსაკუთრებით, ობსერვატორიის გუმბათის და ტელესკოპის რესტავრაცია-ინსტალაციის პროცესს, თვალს მიადევნებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი