რეზიუმე: კურორტ აბასთუმანში არსებული მდგომარეობის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. დაბაში მოშლილი ინფრასტრუქტურა, დანგრეული შენობები და მოუვლელი გარემო იყო.
ამჟამად, მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში ორ პროექტს ახორციელებს. კერძოდ, ისტორიული სახლების და ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტს (ორივე პროექტი 2019 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს). ასევე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპი აქვს დაწყებული (რაც 2019 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს). ფონდი „ქართუ“ კი, აბასთუმანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის, მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრის და ტურისტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია დაიწყო. პირველ ეტაპზე 3.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ანალიზი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა (15:40 წთ-დან): „მიმდინარეობს აბასთუმნის რეაბილიტაცია, წესრიგდება სახლები, წყალგაყვანილობა-კანალიზაცია, გზები, რაც საშუალებას მოგვცემს ეს ოდესღაც მივიწყებული კურორტი მაღალი კლასის კურორტად ვაქციოთ“.
კურორტ აბასთუმანში არსებული მდგომარეობის შესახებ ფაქტ-მეტრი გასულ წლებშიც წერდა (იხ. სტატია 1, სტატია 2). აბასთუმანში მოშლილი ინფრასტრუქტურა, დანგრეული შენობები და მოუვლელი გარემო იყო. კურორტის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოები რეალურად 2018 წელს დაიწყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში ამჟამად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე დაბაში ისტორიული სახლების და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 4.1 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერ-სახით აღდგენას. აღნიშნული სახლები იშვიათი არქიტექტურით გამოირჩევა, აჟურული მორთულობის აივნებით და ქანობიანი სახურავებით. რამდენიმე სახლზე ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოებიც არის გათვალისწინებული. ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.
ამ პროექტის გარდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-ის შენობის სრულ განახლებას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს და დღეის მდგომარეობით, 125 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოების და პარკინგის მოწყობა. პროექტის ღირებულება 3.7 მილიონი ლარია. ორივე პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია. პროექტი 2019 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია დაიწყო. პირველ ეტაპზე 3.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს გზა მნიშვნელოვანია საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე მგზავრობის მანძილის და დროის (დაახლოებით 90-120 წუთით) შემცირების თვალსაზრისით.
ასევე, კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებს. ხელშეკრულების ღირებულება 3 727 121 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
მუნუციპალური განვითარების ფონდს 2019-2021 წლებში აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტიც აქვს დაგეგმილი. პროექტი პარკების, საფეხმავლო ბილიკების, ავტოსადგომების, განათების, სანაგვე ურნების, მოსასვენებელი ადგილების და და მათთან უსაფრთხო მისასვლელების მოწყობას გულისხმობს.
გარდა აღნიშნულისა, ფონდი „ქართუ“ აბასთუმანში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს. უკვე დაწყებულია ახალი მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრის და ტურისტული კომპლექსის მშენებლობა. ასევე, აბასთუმნის ცენტრში აშენდება სასტუმრო „პარაგრაფ-მერიოტი“, რომლის ანალოგი საქართველოში, შეკვეთილში, უკვე არსებობს. შეკვეთილში სასტუმროს მშენებლობა თანაინვესტირების ფონდმა დააფინანსა. განხორციელებული ჯამური ინვესტიციის ოდენობა 90 მილიონი აშშ დოლარი იყო. აბასთუმნის სასტუმროსაც თანაინვესტირების ფონდი ააშენებს და პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარი იქნება. სასტუმროს მშენებლობაზე დაახლოებით 350 ადამიანი დასაქმდება. სამომავლოდ, ასევე იგეგმება, რომ აბასთუმანი მწვანე ტრასპორტის დასახლება გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში მხოლოდ ელექტრო ტრანსპორტი იმოძრავებს.
ჩვენ აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თვალს მივადევნებთ და მომავალში (2019 წლის შემოდგომაზე, როცა მიმდინარე პროექტების უმრავლესობა უნდა დასრულდეს) მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.