16 აგვისტოს Facebook-მომხმარებელმა „მათე ბიჭი“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, შვედეთი, გერმანია, შვეიცარია და ბელგია) ჰორმონალური თერაპიის საშუალებით ბავშვებში სქესის შეცვლა დაშვებულია და ამას თავად სახელმწიფოები აფინანსებენ. პოსტის ავტორის თანახმად, „საქართველოშიც უნდათ იგივეს დამკვიდრება და სწორედ ამიტომ სკოლებში შეაქვთ ე.წ. - „ექიმის კაბინეტი“...“ პოსტში არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.

რეალურად, საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციის, ენდოკრინოლოგთა ასოციაციის და ასევე შვედეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნული საბჭოს თანახმად, პაციენტი, რომელსაც სურს ჰორმონალური თერაპიის ჩატარება სხეულის ფემინიზაციის ან მასკულინიზაციის მიზნით, სულ მცირე 16 წლის უნდა იყოს. ამასთან ერთად, 18 წლამდე პაციენტს აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად მეურვის თანხმობა ესაჭიროება. ჰორმონალური თერაპია მას შემდეგ იწყება, რაც სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი სხვადასხვა კვლევის შედეგად დაადასტურებს, რომ პაციენტს გენდერული დისფორია (მდგომარეობა, როდესაც ინდივიდის ბიოლოგიური სქესი და მის მიერ საკუთარი გენდერის შეგრძნება ერთმანეთთან შეუსაბამობაშია) ნამდვილად აღენიშნება და ჰორმონალური თერაპია ესაჭიროება. დანიაში 12 წლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემაფერხებელი პრეპარატები მიიღონ, თუმცა სრული ჰორმონალური თერაპიის ჩატარებისთვის საჭიროა, 16 წლის ან მეტი ასაკისანი იყვნენ. კლინიკა მაიოს მიხედვით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გენდერული იდენტობის დამადასტურებელი ჰორმონალური თერაპია ბავშვებში არ გამოიყენება. რაც შეეხება, სქესის შეცვლის ოპერაციას, ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს მიხედვით (FRA), ევროპის ქვეყნების უმეტესობაში (მათ შორის დანია, შვედეთი) ამ პროცედურის ჩასატარებლად მინიმალურ ასაკად 18 წელია დადგენილი. შესაბამისად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს ჰორმონალური თერაპიით სარგებლობის უფლება, იგი 16 წლის ან მეტის უნდა იყოს, ხოლო სქესის შეცვლის ოპერაციის ჩასატარებლად ინდივიდის ასაკი სულ მცირე 18 წელს უნდა აღწევდეს.

რაც შეეხება ფოტოზე არსებულ რიცხვებს, ამ შემთხვევაში საუბარია ასაკზე, როდესაც ინდივიდს შეუძლია, პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში თავისი გენდერის აღმნიშვნელი ჩანაწერი ლეგალურად შეცვალოს და აღნიშნულს ჰორმონალურ თერაპიასთან ან სხვა სახის სამედიცინო ჩარევასთან კავშირი არ აქვს. მაგალითად, ნორვეგიაში 6 წლის ასაკის ბავშვს მშობლების თანხმობის საფუძველზე, ექიმის თანხმობისა და ჩარევის გარეშე, შეუძლია პასპორტში თუ პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტში სქესი ლეგალურად შეიცვალოს და შესაბამისად, საკუთარი თავი მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლად დააფიქსიროს. შესაბამისად, პოსტში არსებული მტკიცება, რომ ევროპის ქვეყნებში ბავშვების სქესის შეცვლა ჰორმონალური თერაპიის შედეგად დაშვებულია და ამას თავად სახელმწიფოები აფინანსებენ, არის ყალბი ამბავი.

გარდა ამისა, პოსტში ნახსენებია სკოლებში ექიმის კაბინეტის განთავსების შესახებ დეზინფორმაცია. სინამდვილეში, განათლების სამინისტროს თანახმად, 2014 წლიდან საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტისა და სკოლის ექიმის პროგრამა ამუშავდა. აღნიშნული პროგრამის მიზანია „მოსწავლეებისთვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებში ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება, ინფექციური/ვირუსული დაავადებების პრევენცია, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა. მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისათვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ადგილზე მისვლამდე).“ სამედიცინო კაბინეტს მოზარდებში სქესის შეცვლის ჰორმონალურ თერაპიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი