ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ 10.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება. 2022 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი მართლაც საგრძნობლად გაიზარდა. ექსპორტის 36.3%-ით ზრდა უპრეცედენტოა და ექსპორტის მონაცემები, პრეპანდემიურ მაჩვენებელსაც მკვეთრად აღემატება. 2022 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტმა 10.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 35%-ით ზრდას წარმოადგენს და ეს ზრდაც, წინა წლების დინამიკასთან შედარებით, მკვეთრია. სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, თუმცა, ექსპორტის პროცენტული წილი სავაჭრო ბრუნვაში, მცირედით გაზრდილია.

ადგილობრივი წარმოების ექსპორტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მშპ-ს ზრდასთან კავშირში უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 2022 წლის იანვარ-ივნისში, ადგილობრივი ექსპორტი პროცენტულად, 36.3%-ით გაიზარდა, რაც ფულად გამოსახულებაში 501 მლნ დოლარით ზრდას ნიშნავს. უშუალოდ რეექსპორტი 171 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აშკარაა, რომ ექსპორტის ზრდა, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდაზე მოდიოდა. აღსანიშნავია რომ პანდემიურ პერიოდში, მაჩვენებელი არ შემცირებულა. შესაბამისად, ზრდა ე.წ საბაზო ეფექტის მიღმაც არსებითია. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება როგორც შინაარსით, ისე კონტექსტურად, სიმართლეს შეესაბამება. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტრუქტურა არსებითად არ შეცვლილა, კვლავ სუსტია და ძირითადად პირველადი, დაბალი დამატებული ღირებულების მქონდე საქონლისგან შედგება.

ანალიზი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი თითქმის 37%-ით გაიზარდა და 3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 10.2 მლრდ დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტია.

2022 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი მართლაც საგრძნობლად გაიზარდა. უშუალოდ ივლისში, წინა წლის ივლისთან ზრდა 40%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანად, შვიდი თვის განმავლობაში ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი 826 მლნ აშშ დოლარით, ანუ 36.3%-ით არის გაზრდილი. მსგავსი ზრდა უპრეცედენტოა და ექსპორტის მონაცემები, პრეპანდემიურ მაჩვენებელსაც მკვეთრად აღემატება. 2019 წელს, პირველი შვიდი თვის განმავლობაში ექსპორტი 2.1 მლრდ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2018 წელს - 1.8 მლრდ დოლარი. 2019 წელთან შედარებით, მონაცემი 46.6%-ით არის გაზრდილი.

ცხრილი 1: საქონლის ექსპორტის დინამიკა 2013-2022 წლების იანვარ-თებერვალში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სავაჭრო ბრუნვა წარმოადგენს საქონლით ექსპორტისა და იმპორტის ჯამს. აღნიშნულმა მონაცემმა, 2022 წლის იანვარ-ივლისში 10.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 35%-ით ზრდას წარმოადგენს და ეს ზრდაც, როგორც ექსპორტის შემთხვევაში, წინა წლების დინამიკასთან შედარებით მკვეთრია. სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, თუმცა, ექსპორტის პროცენტული წილი სავაჭრო ბრუნვაში, მცირედით გაზრდილია.

გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვა და სავაჭრო დეფიციტი 2013-2022 წლებში, მლრდ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ზოგადად, საქონლის ექსპორტზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ექსპორტის, ანუ რეექსპორტის გარეშე ექსპორტის მოცულობაზე და სტრუქტურაზე მსჯელობა, რადგან ეკონომიკის ზრდას სწორედ აღნიშნული განაპირობებს. რეექსპორტის შემთხვევაში, იზრდება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები, ხოლო რეექსპორტის საექსპორტო და საიმპორტო ღირებულებას შორის სხვაობა წარმოადგენს ქვეყნის სარგებელს.

ადგილობრივი წარმოების ექსპორტის შემთხვევაში, მონაცემები მხოლოდ ივნისის თვის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი. 2022 წლის იანვარ-ივნისში, ადგილობრივი ექსპორტი პროცენტულად, 36.3%-ით გაიზარდა, რაც ფულად გამოსახულებაში 501 მლნ დოლარით ზრდას ნიშნავს. უშუალოდ რეექსპორტი 171 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აშკარაა რომ ექსპორტის ზრდა, დიდწილად ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდაზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიურ პერიოდში, მაჩვენებელი არ შემცირებულა. შესაბამისად, ზრდა ე.წ საბაზო ეფექტის მიღმაც მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტრუქტურა არსებითად არ შეცვლილა, კვლავ სუსტია და ძირითადად პირველადი, დაბალი დამატებითი ღირებულების მქონე საქონლისგან შედგება (სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, ღვინოები, სასუქები). გამონაკლისს წარმოადგენს ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც 2021 წელთან შედარებით 300%-ით გაიზარდა და უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფებში მეექვსე ადგილზე მოექცა.

ცხრილი 2: ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის დინამიკა 2013-2022 წლებში. მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი