საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ქართული ღვინის ექსპორტმა სულ 99.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 104.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო იქნა გატანილი. შესაბამისად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი (ფულად ფორმაში) 4.3%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში რუსეთში 57.9 მლნ აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც შარშანდელ ამავე პერიოდის მონაცემებს 3.1%-ით ჩამოუვარდება (2021 წლის 6 თვეში რუსეთში 59.7 მლნ აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა). რაც შეეხება მთლიან იმპორტში რუსეთის წილს, 2021 წლის ექვს თვეში რუსეთის წილი 57.3% იყო. მიმდინარე წელს რუსეთის წილი 58%-ია. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 3.1%-ით შემცირდა, ჯამური ექსპორტის მეტად შემცირების გამო (4.3%-ით), საბოლოოდ რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში, გასული წლის ექვს თვესთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს უკრაინაში, მიმდინარე წლის ექვს თვეში უკრაინაში ჯამში 3.4 მლნ აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, გასულ წელს ამავე პერიოდში 10.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო იქნა გატანილი. როგორც ვხედავთ კლება საკმაოდ მნიშვნელოვანია და 66.6% შეადგინა. 2021 წლის ექვს თვეში უკრაინის წილი მთლიან იმპორტში 9.9% იყო, მიმდინარე წელს ეს მონაცემი 3.4%-ს შეადგენს.

ცხრილი 1: ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთსა და უკრაინაში 2021-2022 წლებში (6 თვე), მლნ აშშ დოლარი

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

როგორ მონაცემები ცხადყოფს, რუსეთ-უკრაინის ომმა ღვინის ექსპორტზე გარკვეული გავლენა უკვე მოახდინა, რაც ღვინის ექსპორტის კლებით გამოიხატა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლება უკრაინის მიმართულებით ფიქსირდება, რაც ობიექტურად გასაგები და მოსალოდნელიც იყო. სავარაუდოდ, კლების ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და საბოლოოდ, მოსალოდნელია, რომ 2022 წელი ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლებით დასრულდეს.

ქართული ღვინის ექსპორტის ერთიანი სურათის მისაღებად ბოლო წლებში რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის სტატისტიკური მონაცემებსაც გავეცნოთ:

გრაფიკი 1: ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75ლ) და მლნ დოლარი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ჩვენ ადრეც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით, აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა და 29 მლნ დოლარამდე დავიდა.

2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და მთლიანი ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია, რუსეთის წილი ექსპორტში კი 15%-ით შემცირდა. 2016 წლიდან, მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი სტაბილურად 57-60%-იან შუალედშია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლიდან მოყოლებული, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების ათვისება ხდება, ძირითადად მაინც რუსეთის ბაზარზე არის დამოკიდებული.

2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. შესაბამისად, რუსული ბაზარი არ არის თავისუფალი პოლიტიკური კონტექსტისაგან და არასტაბილურობით ხასიათდება.

რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს უკრაინაში, ბოლო წლების სტატისტიკა შემდეგნაირია:

გრაფიკი 2: ქართული ღვინის ექსპორტი უკრაინაში, მლნ აშშ დოლარი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უკრაინის წილი ღვინის ექსპორტში ყველაზე მაღალი 2012 წელს იყო - 38%. 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინაში ღვინის ექსპორტი სტაბილურობას ინარჩუნებს და მუდმივად დაახლოებით 10%-ია. მიმდინარე წლის 6 თვეში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკრაინაში ექსპორტის მნიშვნელოვანი კლებაა და მთლიანი ექსპორტის 3.4%-ს შეადგენს, შარშან იგივე პერიოდში უკრაინაზე მთლიანი ექსპორტის 9.9% მოდიოდა.

რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება უნდა იყოს. შესაბამისად, ბიუჯეტის სახსრები ალტერნატიული ბაზრების მოძიებისკენ და ქართული ღვინის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა რუსეთის არასტაბილურმა ბაზარმა საქართველოს ღვინის ექსპორტზე გავლენა ნაკლებად იქონიოს.