იტვირთება

2022 წლის 17 აგვისტოს Facebook-ანგარიშმა - სულიერი სამყარო - რომელსაც კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გაუვრცელებია (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4), მორიგი ანტივაქსერული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ონტარიოს საავადმყოფოში თანამშრომლებს ვაქცინის მეოთხე დოზა გაუკეთეს, რამდენიმე დღეში კი 3 ექიმი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ Facebook-ანგარიში საზოგადოებას მოუწოდებს, ვაქცინა არ გაიკეთონ.

სინამდვილეში, პოსტში მოცემული ინფორმაცია მანიპულაციურია. ივლისში კანადის საავადმყოფოში - Trillium Health Partners - 3 ექიმი ნამდვილად გარდაიცვალა, თუმცა სამივე მათგანი არა ვაქცინის, არამედ ხანგრძლივი დაავადების შედეგად დაიღუპა.

აღნიშნული დეზინფორმაცია პირველად უცხოურ წყაროებში გავრცელდა, მათ შორის, ინგლისურენოვან, ესპანურ, ებრაულ და პოლონურ წყაროებში. მას შემდეგ, რაც ექიმების გარდაცვალების შესახებ დეზინფორმაციამ ფართო მასშტაბი მიიღო, 28 ივლისს საავადმყოფომ, სადაც ექიმები მუშაობდნენ, განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში წერია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჭორები სიმართლე არაა და მათი გარდაცვალება Covid-19-ის ვაქცინებთან კავშირში არაა:

უფრო კონკრეტულად, ექიმი ლორნე სეგალი 17 ივლისს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, რომელიც, ნეკროლოგის თანახმად, დაავადებას ერთი წელი ებრძოდა. 18 ივლისს ექიმი სტივენ მაკკენზი გარდაიცვალა, რომელიც, ნეკროლოგის თანახმად, ასევე სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა. მესამე ექიმი, იაკუბ სავიცკი, 19 ივლისს გარდაიცვალა. მას გასულ წელს მეოთხე სტატიის კუჭის სიმსივნე დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია მისმა მეუღლემ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, რომელიც ექიმი სავიცკის სახელობის სტიპენდიის შექმნას შეეხება.

ამრიგად, ექიმების გარდაცვალების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირება მანიპულირებაა, რომელიც საზოგადოებაში ანტივაქსერული განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი