იტვირთება

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-დან 17.5%-მდე შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: 2021 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 17.5%-მდე შემცირდა. მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა ჯამში შემცირებულია, სწორია, თუმცა ტენდენცია არაერთგვაროვანია. რაც შეეხება ბოლო წლების მაჩვენებლებს, პანდემიის პერიოდში, 2020 წელს სიღარიბის დონე 1.8 პროცენტული პუნქტით - 21.3%-მდე გაიზარდა. 2021 წელს კი აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მინიმალურ ნიშნულამდე ჩამოვიდა. აღნიშნული დიდწილად ფულადი სოციალური დახმარებების მიმღებთა რეკორდულად ზრდამ განაპირობა, რაც თავის მხრივ დადებით მოვლენად ვერ შეფასდება.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს, როგორც მეტწილად სიმართლეს.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით: „დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანების რაოდენობა 17.5% - ია, რაც მინიმალური მონაცემებია და სხვა წლებთან შედარებით დაწეულია. ვიცით, რომ 2020 წელს 19.5%-ი იყო. 2012 წელს, დაახლოებით 30%-ს მიღმა იყო, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 30%-დან 17.5%-მდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. საერთო სურათი არის ასეთი, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია“.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს აბსოლუტურ სიღარიბის [1] ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მოსახლეობის 30%, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 17.5%-მდე შემცირდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სიღარიბე ჯამში შემცირებულია, თუმცა ტენდენცია არაერთგვაროვანია. 2013-2015 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 8.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით, 0.4 პროცენტული პუნქტით, გაიზარდა. 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში კი ცხოვრების დონე კვლავ გაუმჯობესდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით, ამ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბე ჯამში 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო გამოწვეული. 2021 წელს კი წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5% შეადგინა. გასულ წელს სიღარიბის დონე პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებითაც (2 პროცენტული პუნქტით) შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ სიღარიბის მაჩვენებლებზე სოციალურ ტრანსფერებს [ფულადი დახმარებები] სწრაფი, მაგრამ მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი ვინც მოცემულ მომენტში უკიდურეს სიღარიბეს ამ გზით აღწევს თავს, კვლავ რჩება მოწყვლად ჯგუფად. სიღარიბის შემცირების ბუნებრივი გზა არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და მისი თანმხლები სამუშაო ადგილებისა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

2021 წელს სიღარიბის შემცირება უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2021 წელს დასაქმების პარამეტრები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში რეალური საშუალო თვიური ხელფასი არ გაზრდილა. რეალურად, 2021 წელს უკიდურესი სიღარიბის შემცირება დიდწილად ფულადი სოციალური დახმარებების მიმღებთა რეკორდულად ზრდამ და სხვა სოციალურმა ბენეფიტებმა განაპირობა.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


[1] აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4290 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი