ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდზე ორი წლის წინანდელი ყალბი ამბავი კვლავ აქტუალური გახდა. აღნიშნულ ყალბ ამბავს რუსული პროპაგანდისტული ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ. კერძოდ, საუბარია 2020 წელს ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოზე, სადაც ესტონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა მწერლებს ძალადობის პრევენციაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადასცეს. უნდა აღინიშნოს, რომ ორი წლის წინ დეზინფორმატორებმა გაავრცელეს სურათის ოდნავ განსხვავებული ვერსია, რომელზეც მარცხნიდან მარჯვნივ გამოსახული არიან: მაშინდელი იუსტიციის მინისტრი რაივო აეგი, პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და მწერალი მიკ პიარნიცი. ამავდროულად, დეზინფორმატორებმა მამაკაცები პრეზიდენტის ქმრად და შვილად წარმოადგინეს.
ამჯერად, აუდიტორიას ყალბი ამბის ახლებური ვერსია შესთავაზეს. ფოტოზე, რომელიც გადაღებულია ორი წლის წინ იმავე ღონისძიებაზე, პირველ პლანზე კერსტი კალიულაიდი და მწერალი მიკ პიარნიცი ჩანან. ფოტოს შემდეგი წარწერა ერთვის: „ესტონეთის პრეზიდენტი და მისი ვაჟი. გადაწყვიტეთ ვინ ვინ არის“.
ფოტო სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება და მას კომენტარებში არაერთი მომხმარებელი გამოეხმაურა. აღნიშნული კომენტარების ავტორების ანგარიშების გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მათგან ყველაზე აქტიურები რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის გამავრცელებლები არიან.
სინამდვილეში კი, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ორი წლის წინ გადაღებულ ფოტოზე კერსტი კალიულაიდთან ერთად მწერალი მიკ პიარნიცია აღბეჭდილი. რაც შეეხება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, ის მეორე ქორწინებაში იმყოფება. ჰყავს ოთხი შვილი, ორი პირველი და ორი ამჟამინდელი ქორწინებიდან. გარდა ამისა, კერსტი კალიულაიდი უკვე ბებიაა.
------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.