რომან გოცირიძე: საქართველოში წელს ორჯერ ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წელს, პრობლემაა რამდენი აპირებს დარჩენას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე:ბოლო პერიოდში, 2022 წლის მეორე კვარტალში, რუსეთიდან განხორციელებული ვიზიტების 2021 წელთან შედარება, უფრო და უფრო ხშირად გვხვდება. აღნიშნულზე დაყრდნობით კეთდება დასკვნები, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაზრდილია. თუმცა, რეალურად, 2020-2021 წლებში, მოგზაურების სტატისტიკა - როგორც მთელი მსოფლიოდან, ისე რუსეთიდან - მკვეთრად შემცირდა.

პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად არ გაზრდილა. 2022 წლის მეორე კვარტალში 175.3 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც პრეპანდემიურ, 2019 წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლებია, რაც არსებით სხვაობას წარმოადგენს. შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.

საფუძვლიანია ასევე აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ მიმდინარე პერიოდში რუსეთიდან ჩამოსული ადამიანების ვიზიტის მიზეზი წინა პერიოდში შემოსული ადამიანების ვიზიტის მიზნებისაგან (ტურისტული) შესაძლებელია, განსხვავდებოდეს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე პერიოდში შემოსულ ვიზიტორებს შორის, იმ ადამიანების წილი, ვინც რეალურად საცხოვრებლად გადმოდის და უფრო დიდხანს აპირებს დარჩენას, გასულ პერიოდებთან შედარებით, მაღალი იყოს. აღნიშნულის ერთ-ერთ ინდიკატორს საცხოვრებელი ფართების იჯარაზე გაზრდილი მოთხოვნა და შესაბამისად - გაზრდილი ფასი, წარმოადგენს.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, ფეისბუქ-პოსტში განაცხადა: „საქართველოში წელს ორჯერ ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წელს. ტურისტების შემოსვლა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ რამდენი აპირებს აქ დარჩენას“.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შემოდის და საცხოვრებლად რჩება, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად სულ უფრო მზარდია. ისინი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიზეზების ერთობლიობიდან გამომდინარე, მათ შორის - სანქციებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მოემგზავრებიან. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება შედარებები 2021 წლის მონაცემებთან, რაზე დაყრდნობითაც კეთდება დასკვნები, რომ საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის რუსი მოგზაურები/ტურისტები შემოდიან. თუმცა, რომან გოცირიძის განცხადების შესაბამისად, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაციას რუსეთიდან განხორციელებული ვიზიტების შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი [1] მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს. შესაბამისად, უნდა განიმარტოს რომ ვიზიტების რიცხვი, აუცილებლად რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს არ ასახავს.

იმის მიუხედავად რომ ივნისის თვეში, რუსეთიდან 90,239 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივნისთან შედარებით 500.2% ზრდას წარმოადგენს, ხოლო 2020 წელთან შედარებით 2500% ზრდას, 2019 წელთან შედარებით, ვიზიტების რაოდენობა 40%-ით არის შემცირებული. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020-2021 წლებში, მოგზაურობის სტატისტიკა როგორც მთელი მსოფლიოდან, ისე რუსეთიდან მკვეთრად შემცირდა. 2021 წლის ივნისში, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვა ძალაში იყო, კერძოდ: კომენდანტის საათი ვრცელდებოდა 23:00-05:00 საათებში, სავალდებულო იყო პირბადის ტარება, საზღვრის კვეთისას საჭირო იყო უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენა და ვაქცინირების გარეშე, 3 დღეში მეორე PCR ტესტის ჩატარება, აკრძალული იყო სოციალური ღონისძიებები და ა.შ. ამ ვითარების გამო, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა - როგორც რუსეთიდან, ისე მთელი მსოფლიოდან, მკვეთრად შემცირებული იყო.

ცხრილი 1: რუსეთიდან განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა 2018-2022 წლების პირველ ნახევარში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2022 წელს, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების მკვეთრი ზრდა ივნისის თვეში დაფიქსირდა. უშუალოდ მეორე კვარტალში - 175.3 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც პრეპანდემიურ, 2019 წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლებია, რაც არსებით სხვაობას წარმოადგენს. პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, სტატისტიკა რუსეთიდან ვიზიტორების მკვეთრ ზრდას არ ასახავს. შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადება სიმართლეს შეესაბამება. ასევე, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ რუსეთიდან მიმდინარე პერიოდში ჩამოსული ადამიანები, რეალურად საცხოვრებლად გადმოდიან და უფრო დიდხანს აპირებენ დარჩენას, ვიდრე ადრე. აღნიშნული კი სხვა ეკონომიკურ ეფექტებთან ერთად, იჯარის ხარჯების მკვეთრ ზრდაში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ვიზიტორების შესახებ სხვა უფრო დეტალური სტატისტიკა და ინფორმაცია რთულად ხელმისაწვდომია.

[1] პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, რომელიც მთავრდება საგადასახადო წელს, ან იგი საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხოეთში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი