ელენე ხოშტარია: 2021 წელს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან იყო მესამე ადგილზე, ხოლო ომის პერიოდში რუსეთი გახდა ნომერ პირველი ნავთობ-იმპორტიორი ქვეყანა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2021 წელს საქართველოში სულ 822,573.7 ათასი აშშ დოლარის ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, საიდანაც რუსეთიდან იმპორტის წილმა 16.4% შეადგინა. 2021 წელს საქართველოში რუსეთზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები მხოლოდ თურქმენეთიდან შემოვიდა - მთლიანი იმპორტის 23.3%. შესაბამისად, 2021 წელს ნავთობპროდუქტების მთლიან იმპორტში რუსეთს მე-2 ადგილი ეჭირა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ცალკეული თვეების სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა მარტის თვიდან დაიწყო და უკვე ივნისის თვისთვის, მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტი შეადგინა და შესაბამისად, რუსეთი დროის ამ პერიოდისთვის მართლაც ნავთობპროდუქტების პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მთელი ცივილური სამყარო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს და ამ დროს საქართველოში სრულიად საპირისპირო სურათი იქმნება, კერძოდ - ნავთობპროდუქტების იმპორტში, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის წილი შემცირების მაგივრად - 26 პროცენტული პუნქტით იზრდება, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.
მთლიანი სურათის დასანახად ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2019, 2020 წლებშიც რუსეთი ნავთობპროდუქტების პირველი იმპორტიორი ქვეყანა იყო. შესაბამისად, ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთი პირველად მიმდინარე წელს არ გამხდარა, თუმცა იმპორტში ხვედრითი წილი არსებითად არის გაზრდილი ბოლო თვეებში და როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის ივნისში ნავთობპროდუქტების ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა.
აქედან გამომდინარე, ელენე ხოშტარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
პარტია „დროას“ ლიდერმა - ელენე ხოშტარიამ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა: „2021 წელს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან იყო მესამე ადგილზე, ხოლო ომის პერიოდში რუსეთი გახდა ნომერ პირველი ნავთობ-იმპორტიორი ქვეყანა... მაისში, აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით“.
რუსეთიდან ნავტობპროდუქტების იმპორტი თუ რამდენად გაიზარდა, აღნიშნულის გასარკვევად ქვემოთ ნავთობპროდუქტების იმპორტის ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებს განვიხილავთ:
ცხრილი 1: ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2012-2021 წლებში (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში ნავთობპროდუქტების რუსეთზე დამოკიდებულება ყველაზე მაღალი 2019 წელს იყო და მთლიანი იმპორტის 26.4% შეადგინა. 2021 წელს რუსეთის წილი ნავთობპროდუქტების იმპორტში 16.4% იყო. გასულ წელს ყველაზე მეტი ნავთობპროდუქტი თურქმენეთიდან შემოვიდა - 191 979.7 ათასი აშშ დოლარის, რაც მთლიანი იმპორტის 23.3%-ს შეადგენს. რუსეთის და თურქმენეთის შემდეგ, 2021 წელს ყველზე მეტი ნავთობპროდუქტები აზერბაიჯანიდან - 128 477.4 ათასი აშშ დოლარი (15.6%) და რუმინეთიდან - 133 805.3 ათასი აშშ დოლარი ( 16.3%) შემოვიდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში 2021 წელს რუსეთზე მეტი ნავთოპროდუქტების იმპორტი მხოლოდ თურქმენეთიდან განხორციელდა. შესაბამისად, 2021 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთს მეორე ადგილი ეკავა.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, მის გადასამოწმებლად ნავთობპროდუქტების იმპორტის მიმდინარე წლის თვიურ მონაცემს განვიხილავთ და 2021 წლის ანალოგიურ მონაცემთან შევადარებთ.
ცხრილი 2: ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი მიმდინარე წლის 6 თვეში (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი ყოველთვიურად იზრდება. თუ მიმდინარე წლის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა მარტიდან იწყება და უკვე ივნისის თვისთვის 6-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე წლის აპრილისა და მაისის თვის მონაცემების შედარებას, მაისში აპრილთან შედარებით, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი 1.7- ჯერ არის გაზრდილი, რაც 73%-იანი ზრდაა. შესაბამისად, ელენე ხოშტარიას განცხადების ეს ნაწილიც სიმართლეა.
რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდას განსაკუთრებითი მნიშვნელობა იმ ფონზე ენიჭება, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მთელი მსოფლიო ცდილობს, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს. ამ დროს საქართველოში აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება და უკვე ივნისის თვისთვის მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს.
მთლიანი სურათის დასანახად ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2019, 2020 წლებშიც რუსეთი ნავთობპროდუქტების პირველი იმპორტიორი ქვეყანა იყო. შესაბამისად, ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთი პირველად მიმდინარე წელს არ გამხდარა, თუმცა იმპორტში ხვედრითი წილი არსებითად არის გაზრდილი ბოლო თვეებში და როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის ივნისში ნავთობპროდუქტების ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა.
განხილული მასალიდან გამომდინარე, ელენე ხოშტარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.