2022 წლის 17 ივლისს „ალტ-ინფოს“ გადაცემის - „განსხვავებული აზრი“ - მთავარი თემა ბიოლოგიური ლაბორატორიები იყო. წამყვანმა, ზაზა დავითაიამ, ექიმად და მედიცინის დოქტორად წოდებულმა, თინათინ გოცაძემ და „ევრო-აზიური ალიანსის“ თავმჯდომარე, კობა კუსიანმა, საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე პრორუსული დეზინფორმაცია გაავრცელეს.
გადაცემის თანახმად, საქართველოში ბიოლოგიური იარაღის მეშვეობით ჩატარებულ სახიფათო ექსპერიმენტებზე ღიად ალაპარაკდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ამერიკელების ექსპერიმენტების შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა. გადაცემაში ნათქვამი იყო, რომ თბილისში მეცნიერთა კონფერენცია ჩატარდა, რომელთა წევრებიც მოსკოვს დსთ-ს ქვეყნებთან ერთობლივი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესასწავლად და იმ ექსპერიმენტების ასაკრძალად, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
„ალტ-ინფოს“ გადაცემაში ამტკიცებენ, რომ უკრაინას რუსეთი ქვეყანაში არსებულ აშშ-ის ლაბორატორიებში ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოების გამო დაესხა თავს. მათი თქმით, რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბიოლოგიური ლაბორატორიების სახით საფრთხე ემუქრება და ის იძულებულია ამ საფრთხეს უპასუხოს.
„ალტ-ინფოს“ გადაცემა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული პროპაგანდა საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ლუგარის ლაბორატორიებს ესხმის თავს. უკრაინაში სამხედრო შეჭრისთანავე, კრემლმა საინფორმაციო ომის ფრონტიც გააქტიურა და დეზინფორმაციის სამიზნეში ბიოლოგიური ლაბორატორიები ამოიღო. სხვადასხვა დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავად საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, სერგეი კირილოვმა, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა არაერთი განცხადება გააკეთეს უკრაინასა და საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზე და მისგან მომდინარე „საფრთხეებზე“ ალაპარაკდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ალტ-ინფოს“ გადაცემას წინ რუსეთის „პირველ არხზე“ გასული სიუჟეტი უძღოდა, რომელშიც მონაწილეობას სწორად აღნიშნული გადაცემის სტუმრები, თინათინ გოცაძე და კობა კუსიანი, იღებდნენ. სინამდვილეში, ამ პირებს სამეცნიერო კომპეტენცია არ გააჩნიათ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების შესახებ უსაფუძვლო მტკიცებებს წლებია ავრცელებენ.
თინათინ გოცაძე, რომელიც მეცნიერებათა დოქტორად არის წარმოდგენილი, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდან ვირუსის, ვაქცინებისა და პირბადეების შესახებ ყალბი და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში არაერთხელ იყო შემჩნეული. ამის გამო, ის „ფაქტ-მეტრის“ ყურადღების ცენტრში (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) არაერთხელ მოხვედრილა. გოცაძემ რუსული „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიას და მის პროექტებს, მათ შორის, პროექტს სახელწოდებით „მოკავშირე მწერები“, პენტაგონი მართავს.
კობა კუსიანმა, „ევრო-აზიური ალიანსის“ დირექტორმა რუსული „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ აშშ საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის წამოწყებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ კუსიანის ევრო-აზიური ალიანსი ერთ-ერთი იყო იმ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების Sputnik V-ის შემოტანას სთხოვდა.
„ფაქტ-მეტრი“ გთავაზობთ „ალტ-ინფოს“ ეთერში წამყვანისა და სტუმრების მიერ გაჟღერებულ ყალბ მტკიცებებს:
მტკიცება: უკრაინასა და საქართველოში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობა გასაიდუმლოებულია და მათში საქმიანობა ადგილობრივი მთავრობებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
მტკიცება, რომ უკრაინასა და საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიები საიდუმლოდ ფუნქციონირებდა, ყალბია. საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა 2004 წელს აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობს“.
ანალოგიური ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე 2005 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორისაც გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები აშენდა. ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის მრავალი ლაბორატორია განახლდა და ბიოუსაფრთხოების მე-2 დონე იქნა მიღწეული. 2019 წელს ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის ორი ლაბორატორია აშენდა - ერთი კიევში, ერთიც - ოდესაში.
დოკუმენტები საიდუმლო არასდროს ყოფილა და ისინი გაფორმების დღიდან საზოგადოებისთვის საჯაროა:
უკრაინასა და საქართველოში ლაბორატორიები აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა მტკიცება, რომ მათ ამერიკელები აკონტროლებენ, ყალბია.
2005 წლიდან შეერთებული შტატები ხელს უწყობს უკრაინის ლაბორატორიების მოდერნიზებას, კვლევების ჩატარებასა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 46 ლაბორატორიისა და სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა აშშ-სა და უკრაინის მეცნიერებს შორის არაერთ გაერთიანებულ კვლევით პროექტებს უჭერს მხარს, ლაბორატორიები სრულად უკრაინის დაქვემდებარებაშია. აღნიშნული პროგრამის ამჟამინდელი აღმასრულებლები ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახური, აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და თავდაცვის სამინისტრო არიან.
ანალოგიურად, ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, საქართველოს მთავრობის საკუთრებაში არის სრულად გადმოცემული, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი დაავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს წარმოადგენს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში შედის. ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას შესაბამისი ექსპერტები - მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით, ახორციელებენ. ცენტრის ამოცანების დასახვაში ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ. მათ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება არ აქვთ.
მტკიცება: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ომამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის ბიოლაბორატორიებს ხელმძღვანელობდა, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილია
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აღნიშნული დეზინფორმაცია 2022 წლის 8 მარტს აშშ-ის სენატში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, მოსმენას მოჰყვა, რა დროსაც სენატორმა მარკო რუბიომ დაუსვა კითხვა: „აქვს, თუ - არა უკრაინას ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი?“
პასუხად ვიქტორია ნულანდს არ დაუდასტურებია, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიები არსებობს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. სინამდვილეში, ნულანდმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები“, რაც საიდუმლო არასდროს ყოფილა. აღნიშნული დაწესებულებები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები შესაძლოა რუსეთმა თავისი მომავალი ქმედებების - უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების, საბაბად გამოიყენოს და ამაში ბრალი უკრაინას დასდოს. ვრცლად ნულანდის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
მტკიცება: აშშ-ის მეთაურობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება პათოგენები, დაავადების გამომწვევი ორგანიზმები ადამიანთა დიდი მასების განადგურებისთვის, ერთ-ერთი მათგანი ლუგარის ლაბორატორიაა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.
როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.
როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის - ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი შემუშავდა, რომელიც გამჭვირვალობის ერთადერთ ინსტრუმენტად გვევლინება.
კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა.
მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“,- ვკითხულობთ ანგარიშში. იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.
მტკიცება: ლუგარის ლაბორატორიამ შეიძინა დრონები, რომელთა საშუალებით საქართველოდან ჩეჩნეთში „დესანტი მწერები“ გადაიყვანეს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
როგორც უკვე ითქვა, ლუგარის ლაბორატორიის დადანაშაულება სხვადასხვა ტიპის მწერების ინფიცირებაში ახალი არაა. რუსულმა პროპაგანდამ ცენტრი აქამდე H1N1 ვირუსის გავრცელებაში, ზიკას ვირუსით კოღოების დაინფიცირებაში და აზიური ფაროსანას აფხაზეთში და რუსეთის სამხრეთ ტერიტორიაზე შეყვანაში დაადანაშაულა.
დეზინფორმაციის ერთ-ერთ კამპანიაში, აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, მუჰამედ კილბამ, ლაბორატორია აფხაზეთის საზღვრის სიახლოვეს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა. მისივე ვარაუდით, 2013 წელს ტყვარჩელში ბავშვების მასობრივი მოწამვლა, ისევე როგორც ღორის გრიპის შემთხვევების დაფიქსირება, ლაბორატორიის საქმიანობას უკავშირდება.
რუსული მხარის ბრალდებები ლუგარის შესახებ არ წყდება, მტკიცებულებებს კი, ჩვეულებრივ, არ წარმოადგენენ. აბსურდულია მორიგი ბრალდებაც, რომ ლუგარის ლაბორატორიამ დრონები შეიძინა, რომელთა საშუალებითაც ჩეჩნეთში „დესანტი მწერები“ გადაიყვანა.
ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას). გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.
ბოლო წლებში ლუგარის ცენტრში მიმდინარე პროგრამების არასრული ჩამონათვალია:
- საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არადიფერენცირებული მწვავე ფებრილური დაავადებების გამომწვევთა დახასიათება
- ნოროვირუსის (NoV) და ენტოროტოქსიგენური ნაწლავის ჩხირის (ETEC) პრევალენტობის განსაზღვრა აშშ-ს მოქალაქეებში, საქართველოში და ETEC-ის იზოლატების ანტიმიკრობული რეზისტენტობის განსაზღვრა.
- მწვავე რესპირატორული ინფექციების (ARI) გამომწვევების შესწავლა ქართულ კონტინგენტში.
- აივ ინფიცირების ინციდენტობის შეფასების ზუსტი და პრაქტიკული ბიოლოგიური ინსტრუმენტების განსაზღვრა, საქართველოში ახლად დიაგნოზირებულ 1/2/ აივ შემთხვევებთან მიმართებაში.
- საქართველოში არსებული კოღოების (ინვაზიური კოღოების ჩათვლით), ქვიშის რწყილებისა და ტკიპების იდენტიფიცირება და მათი გავრცელების არეალის დადგენა
მტკიცება: C ჰეპატიტის სამკურნალო ვაქცინამ საკმაოდ დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია, რასთანაც კავშირში ლუგარის ლაბორატორიაა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
თავდაპირველად, უნდა ითქვას, რომ არსებობს არა C ჰეპატიტის სამკურნალო ვაქცინა, არამედ მედიკამენტი. ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები საქართველოში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქვეყანამ C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო. უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ამტკიცებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიებში ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობაზე ექსპერიმენტი ტარდებოდა, რის გამოც ადამიანები იღუპებოდნენ.
სინამდვილეში, ლუგარის ცენტრში რომელიმე მედიკამენტის, მათ შორის, C ჰეპატიტის, კლინიკური ცდები არასდროს ჩატარებულა. საქართველოში ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშემ, ქრისტოფერ დავენპორტმა, განაცხადა, რომ „ლუგარის ცენტრში არასდროს ჩატარებულა კლინიკური ცდები. მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება, არის დამტკიცებული „ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის“ მიერ, ისევე როგორც „ევროპული მედიცინის სააგენტოს“ მიერ. ისინი ადამიანებში C ჰეპატიტის ინფექციასთან საბრძოლველად გამოიყენება და მათ არანაირი დამატებითი ტესტირება არ სჭირდება. მათი სერტიფიკატები აღიარებულია, როგორც საქართველოს ისე მსოფლიოს ბაზრების მიერ“.
საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, ლუგარის ცენტრს ადამიანების მკურნალობასთან და ცდების ჩატარებასთან, როგორც ამას იგორ გიორგაძე აცხადებს, არაფერი აქვს საერთო.
ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც კომპანია „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის, აშშ-ის საკვებისა და წამლის კონტროლის (FDA), ასევე ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.
ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დადასტურებულად (SVR ტესტირებით) C ჰეპატიტისგან 53,815 პირი განიკურნა. განკურნების მაჩვენებელი (იმ პირთა შორის, რომელთაც მკურნალობის დასრულების შემდგომ მიმართეს ტესტირებას) 98.9%-ია.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც 67%-იან შემცირებას წარმოადგენს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო „ვაქცინამ“ [იგულისხმება, მედიკამენტი] დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია, ყალბია. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა ან არასწორი ინფორმაცია, ასევე გავრცელებული დეზინფორმაცია იყო, რამაც ელიმინაციის პროცესი საგრძნობლად შეაფერხა.
მტკიცება: ფაროსანას ერთ-ერთი სახეობა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
2018 წელს, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) პრესმდივანმა, იულია მელანომ Российская газета-სთან მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული აზიური ფაროსანა შესაძლოა ლუგარის ლაბორატორიაში ყოფილიყო შექმნილი. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და კრემლის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანიის ნაწილია.
აზიური ფაროსანას, იგივე Halyomorpha halys სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია. თავდაპირველად იგი ჩინეთში, იაპონიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანსა და ვიეტნამში გავრცელდა. 1996 წლიდან ფაროსანა აშშ-სა და კანადაშიც გამოჩნდა, 2008 წელს შენიშნეს შვეიცარიაში, 2010 წელს კი ახალ ზელანდიაში. აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. სავარაუდოდ, მწერი საქართველოში, სოჭისა და აფხაზეთის გავლით დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში აღმოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ფაროსანა აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვანებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
ამრიგად, უსაფუძვლო მტკიცებები უკრაინულ ლაბორატორიებში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ, არ დასტურდება. წლების განმავლობაში კრემლი და მასთან დაკავშირებული წყაროები მხოლოდ სიტყვიერი ბრალდებებით და ყალბი დოკუმენტების გავრცელებით შემოიფარგლება. ბიოლაბორატორიების საქმიანობა ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციებთან სრულად თანხვედრაშია.
-----------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.