იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: რკინიგზა არის მომგებიანი. შარშან მოგებამ 52 მლნ. შეადგინა, წელს პირველი კვარტლის მოგება არის 23 მლნ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელი რკინიგზამ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად, მოგებით დაასრულა. მოგებამ 53 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა EBITDA მარჟა (41.4%) ერთ-ერთ დაბალ ნიშნულზე იყო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც რკინიგზა მოგებაზე გავიდა და მოგებამ 23 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება გასული წლების ტენდენციას, სახელმწიფო კომპანიის ფინანსური შედეგები არასტაბილური იყო. კერძოდ, 2015 წელს რკინიგზის მოგება რადიკალურად მცირდება და, 2007 წლიდან მოყოლებული, ზარალი პირველად უფიქსირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017-2018 წლებში ზარალის დიდი ოდენობა, შემოვლითი რკინიგზის პროექტზე საბოლოოდ უარის თქმითა (2017) და განგრძობადი წარუმატებელი ოპერირების შედეგად დამდგარი (2018), გაუფასურების ზარალის აღიარებით (ბუღალტრულად ასახვით) იყო გამოწვეული. აღნიშნული ოპერაციები მოგებაზე უარყოფითად აისახა. 2019 წელს შემოსავლები - წინა წლებთან შედარებით, იზრდება, თუმცა 2020 წელს კვლავ მცირედი კლება ფიქსირდება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად კომპანიას ორივე პერიოდის ბოლოს ისევ ზარალი უფიქსირდება. 2021 წელი კი, როგორც აღვნიშნეთ, რკინიგზამ მოგებით დაასრულა. მომგებიანი აღმოჩნდა მიმდინარე წლის პირველი კვარტალიც.

განცხადებაში პრემიერი რკინიგზის გასული და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებს სწორად ასახელებს, თუმცა განცხადების პირველი ნაწილი, რომ რკინიგზა მომგებიანია, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რკინიგზა უკვე წლებია, რაც მომგებიანი კომპანიაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რკინიგზა 2017 წლიდან ზარალზე იყო და მოგებაზე 2021 წელს გავიდა. თუმცა რკინიგზის დადებითი განვითარების გზაზე საუბარი, ერთი კონკრეტული წლის მაჩვენებელზე დაყრდნობით გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატთა კითხვებს უპასუხა, მათ შორის - საქართველოს რკინიგზაზე და აღნიშნა: „რკინიგზა არის მომგებიანი. შარშან მოგებამ შეადგინა 52 მლნ ლარი, წელს პირველ კვარტალში 23 მლნ“.

საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში შემდეგნაირია:

გრაფიკი 1: საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები ( მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს რკინიგზა

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ორგანიზაციის წმინდა მოგება კრიზისულ 2008-2009 წლებში შემცირების ტენდენციით ხასიათდება. შემდგომ პერიოდში აღნიშნული მონაცემი უკვე ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და მაქსიმუმ ნიშნულს 2011 წელს (174 მლნ ლარი) აღწევს. 2012 წელს მაჩვენებელი 97 მლნ ლარამდე მცირდება. მომდევნო 2013, 2014 წლებში მომგებიანობის შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება. უკვე 2015 წელს კი, საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება, 2007 წლიდან პირველად უარყოფითი ხდება, ანუ რკინიგზა ზარალზე გადის. 2016 წელს წმინდა მოგება 65 მლნ ლარი იყო. 2017-2018 წლებში ზარალმა შესაბამისად 354 და 717 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს რკინიგზას ზარალი უფიქსირდება 2019 და 2020 წლებშიც. 2021 წელს, საქართველოს რკინიგზა, 2016 წლის შემდეგ პირველად კვლავ მოგებაზე გავიდა. რკინიგზის წინა წლის მოგებამ 53 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, რკინიგზამ კვარტალი ასევე მოგებით დახურა (24 მლნ). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის პირველ კვარტალში რკინიგზა ზარალზე გავიდა და ზარალმა 54 მლნ ლარი შეადგინა.

საკითხის სრულყოფილი გაანალიზებისთვის, აუცილებელია, რკინიგზის 2017-2018 წლების მომგებიანობის მაჩვენებლები, მასზე მოქმედი სპეციფიკური, თუმცა ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებული ფაქტორების გათვალისწინებით, ცალკე განვიხილოთ. აღნიშნული ფაქტორები სხვა წლების შესაბამის ანგარიშგებაში არ გვხვდება.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2017 წლის საანგარიშგებო პერიოდში, რკინიგზის საოპერაციო მოგება, ისევე როგორც წმინდა მოგება, უარყოფითია (ზარალი) და შესაბამისად - 285.5 მლნ და - 354.1 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა აღნიშნული მაჩვენებლები რეალურად მხოლოდ „ბუღალტრული“ მიზეზით არის დაფიქსირებული და მისი მიზეზი „შემოვლითი რკინიგზის“ პროექტზე საბოლოოდ უარის თქმაა და არა უშუალოდ 2017 ან უახლოეს წლებში რკინიგზის საოპერაციო საქმიანობა. ორგანიზაციის მოგების გაანგარიშებისას, მთლიან შემოსავალს სხვა ხარჯებთან ერთად - კომპანიის აქტივების ამორტიზაცია, ღირებულების დაკარგვა (გაუფასურება) აკლდება. მაგალითად, რკინიგზა 100 000 ლარად ვაგონს თუ შეიძენს და მას 10 წლის განმავლობაში გამოიყენებს, ყოველწლიურად შემოსავალს დააკლდება მხოლოდ 10 000 ლარი ამორტიზაციის სახით და წმინდა მოგება ამდენითვე შემცირდება. თუმცა შეძენის შემდგომ თუ რკინიგზა აღმოაჩენს, რომ აღნიშნული ვაგონის გამოყენება შეუძლებელია და „ჩამოწერს“, ვაგონის სრული ღირებულება ერთდროულად დააკლდება იმავე წლის შემოსავალს (მრავალ წელზე გადასანაწილებელი ხარჯი აღირიცხება ერთ წელს). სწორედ, ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2017 წელს. კერძოდ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის საბალანსო ჯამური ღირებულება (პროექტისთვის საჭირო საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულების ჯამი) 397.3 მლნ ლარს შეადგენდა.

2018 წლის შემთხვევაშიც ზარალის ძირითადი განმაპირობებელი ისევ აქტივების გაუფასურებაა, თუმცა 2017 წლისგან განსხვავებით, აღნიშნული გაუფასურება სწორედ ბოლო წლებში არსებითად გაუარესებულ საოპერაციო მაჩვენებლებს და არა კონკრეტულ პროექტს ან გადაწყვეტილებას, უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ საქართველოს რკინიგზა ბოლო წლების ზარალის მაჩვენებელს, თბილისის შემოვლითი რკინიგზის აქტივების გაუფასურებით ხსნიდა, უკანასკნელ წლებში ტვირთის შემცირებას კი ნედლი ნავთობის მილსადენში გადამისამართებით, რამაც ტვირთის გადაზიდვის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა.

„ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, კომპანია 2018 წელს 24.4 მლნ. ლარის წმინდა მოგებით დაასრულებდა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელმა 2017 წელს 15.1 მლნ. ლარი შეადგინა“,- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

რაც შეეხება რკინიგზის ტვირთბრუნვას, გადაზიდული ტვირთის საერთო მოცულობა 2012 წელს 20.1 მლნ ტონა იყო. შემდგომ პერიოდში რკინიგზის ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მცირდებოდა და 2018 წელს უკვე 10 მლნ ტონა შეადგინა. 2019 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 10.9 მლნ ტონა იყო (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვამ 11.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შედეგზე 0.2 მლნ ტონით, ანუ 1.8%-ით მეტი იყო. 2019 წელს ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავალი 450 მლნ ლარი იყო, 2020 წელს კი - 463 მლნ. აღსანიშნავია ასევე, რომ საქართველოს რკინიგზის საშუალებით სატრანზიტო ტვირთების მიმღები ტოპ-5 ქვეყანა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, კვიპროსი და ნიდერლანდებია. სატრანზიტო ტვირთების გამომგზავნ ტოპ-5 ქვეყანას კი აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და სომხეთი წარმოადგენს.

მართალია განცხადებაში პრემიერი სტატისტიკურ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა განცხადების პირველი ნაწილი, რომ რკინიგზა მომგებიანია, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს რკინიგზა წლების განმავლობაში მომგებიანი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც აღვნიშნეთ, 2017 წლიდან რკინიგზა ზარალზე იყო და გასულ წელს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მოგებაზე პირველად გავიდა. თუმცა რკინიგზის დადებითი განვითარების გზაზე საუბარი, ერთი კონკრეტული წლის მაჩვენებელზე დაყრდნობით გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4144 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი