ბორის ჯონსონმა 7 ივლისს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობიდან გადადგომის განცხადება გააკეთა, ხოლო სექტემბერში, როდესაც „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს აირჩევს, ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დატოვებს. მის გადადგომას რუსულ პროპაგანდისტულ წრეებში სიხარულით შეეგებნენ, რადგან ჯონსონი რუსეთთან ომში უკრაინას მხარს აქტიურად უჭერდა. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოში პრორუსულ წყაროებზე. ამასთან, მათ ჯონსონის გადადგომა რუსეთისადმი მის პოლიტიკას დაუკავშირეს. კერძოდ, პრორუსულმა გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ მკითხველს ჯონსონის გადადგომა შემდეგნაირად აუწყა: „დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა. ის საკუთარ რუსოფობიას გადაყვა“.

კიდევ ერთ პრორუსულ გამოცემა isari.ge-ზე მისმა რედაქტორმა, ჰამლეტ ჭიპაშვილმა, გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს, რომ [სტილი დაცულია]: „ამერიკელს აღარ სჯერა, რომ საწვავზე მომატებული ფასები, ისე, როგორც კვების პროდუქტებზე, პუტინის ბრალია; რომ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა გამოიწვია აშშ-სა და მსოფლიო კრიზისი. ასე გაიძახოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონიც და თავისი ორწლინახევრიანი პოლიტიკური მოღვაწეობა კრახით დაასრულა. ის, საკუთარმა პარტიამ აიძულა გადამდგარიყო. მიზეზი? მრავალია, მაგრამ კონკრეტულად ერთი, რაც აშკარად გვახსენებს საჯდომის, ანუ **აკის ძალას არა მარტო სექსუალურ ურთიერთობაში, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჯონსონის პროტეჟე მაღალპარტიელმა, შეზარხოშებულმა და სექსუალური ჟინით ანთებულმა მხარზე ხელი გადახვია კოლეგა მამაკაცს, შემდეგ წელს ქვევით ჩაუცურა და თან ყურში ჩასძახა — თუ დამნებდები, მაღალ თანამდებობას მოგცემო... ასე, რომ ჯონსონი საკუთარი პარტიელის სექსუალური ჟინის მოძალებას გადაჰყვა. სინამდვილეში კი აუტანელ ეკონომიკურ კრიზისს, 10%-იან ინფლაციას, უკრაინისთვის უზომო სამხედრო-ფინანსურ დახმარებას, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომლებმაც მძიმედ იმოქმედეს ინგლისელებზე. უკრაინაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 4 თვის თავზე გამოჩნდა კოლექტიური დასავლეთის სამხედრო, ეკონომიკური, მორალური დეგრადაცია. ერთი რამ, რაც აშკარად თვალშისაცემია აშშ-ის მიმართ მონური მორჩილება და ახალი ლიბერალური იდეოლოგიის — ლგბტ-ობის თაყვანისცემაა”.

„საქართველო და მსოფლიოსა“ და isari.ge-ის მიერ ჯონსონის გადადგომის მიზეზების შესახებ მცდარი ინფორმაციაა მოცემული, რომელიც რუსული პროპაგანდის ნარატივს იმეორებს. „რუსოფობია“ ან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო-ფინანსური დახმარება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჯონსონის გადადგომასთან არავითარ კავშირში არ ყოფილა.

ჯონსონი მის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ სკანდალებს შეეწირა, რასაც საბოლოოდ მინისტრების გადადგომა და პარტიის მიერ ჯონსონზე გადადგომის მოთხოვნით განხორციელებული წნეხი მოჰყვა.

სკანდალები 2020 წელს დაიწყო, როდესაც გაჟონა სურათებმა, სადაც ჩანდა, რომ ბორის ჯონსონი მის რეზიდენციაში წვეულებას მასპინძლობდა, მაშინ, როდესაც მსგავს შეკრებებზე COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებდა. პანდემიის დროს გამართული წვეულებების სკანდალის შესახებ გამოძიების ავტორიზაცია 2021 წელს გასცა.

2021 წლის ნოემბერში მან „კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატის მიმართ, ვინც ლობიზმის წესები დაარღვია, გარკვეული ზომების გატარებაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და მის პირვანდელ პოზიციას ტოტალური შეცდომა უწოდა.

2022 წლის იანვარში ჯონსონს ბოდიშის მოხდა მოუწია, რადგან დამალა WhatsApp-ის შეტყობინებები („მესიჯები“) კონსერვატორ დონორთან, რომელსაც მისი რეზიდენციის ინტერიერის განახლებისთვის 52 ათას ფუნტს სთხოვდა, მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მსგავსი დანახარჯებისთვის 30 ათასი ფუნტი აქვს გამოყოფილი. ჯონსონმა აღნიშნულის გამო მოიბოდიშა და მიზეზად ახალი ტელეფონის ქონა დაასახელა, რის გამოც WhatsApp-ის შეტყობინებები აღარ ჰქონდა. თუმცა მისი მიზეზი ბევრმა არასერიოზულად და მცდარად მიიჩნია.

2022 წლის თებერვალში ჯონსონის პოლიტიკის დანაყოფის დირექტორი გადადგა, რადგან ჯონსონმა ოპოზიციის ლიდერის შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს თანამდებობაზე მუშაობის დროს კეირ სტარმერმა სერიოზული სექსუალური მოძალადე ვერ დასაჯა. შემდგომ ჯონსონმა აღიარა, რომ სტარმერი, აღნიშნული საქმის გადაწყვეტილებებში, პერსონალურად არაფერ შუაში იყო.

თუმცა ყველაზე დიდ სკანდალად კვლავ COVID-19-ის დროს გამართული წვეულებები რჩებოდა, რის გამოც, როგორც პოლიციის გამოძიება, ისე შიდა მოკვლევა მიმდინარეობდა, რასაც მაღალჩინოსანი საჯარო მოხელე სუი გრეი ხელმძღვანელობდა. ჯონსონმა სკანდალთან დაკავშირებით მისი პოზიცია კიდევაც შეიცვალა, მაგრამ აცხადებდა, რომ პარლამენტარები განზრახ არ მოუტყუებია. სუი გრეის ანგარიში საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა - გრეის თქმით, როგორც პოლიტიკურ, ისე ოფიციალურ მაღალჩინოსნებს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრათ. ხოლო პოლიციამ ჯონსონი კანონების დარღვევის გამო 50 ფუნტით დააჯარიმა. ჯონსონი აცხადებდა, რომ მან არ იცოდა, თუ წვეულებას დაესწრო, თუმცა ის გახდა გაერთიანებული სამეფოს პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს კანონი დაარღვია.

აღნიშნული სკანდალების გამო მის პარტიაში ჯონსონისადმი უკმაყოფილება იზრდებოდა და ასევე შემცირებული იყო ჯონსონის რეიტინგი (ყველაზე დაბალი 2022 წლის იანვარში - 71% უარყოფითი რეიტინგი). თებერვალში ცნობილი იყო, რომ მისადმი უნდობლობა რამდენიმე „კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატს საჯაროდაც კი ჰქონდა გაცხადებული (წერილობით) და მოსალოდნელი იყო, რომ ჯონსონს პარტიაში უნდობლობის ხმის მიცემა (vote of no confidence) მოუწევდა. ასევე „კონსერვატიულმა პარტიამ“ რამდენიმე საარჩევნო ოლქში, რომელიც წინა არჩევნებზე მოგებული ჰქონდა, შუალედური არჩევნები წააგო. ეს კი ჯონსონის პოპულარობის შემცირებაზე მიუთითებდა, რაც „კონსერვატიული პარტიის“ წევრებისთვის შემდგომი არჩევნების კონტექსტში შემაშფოთებელი იყო. თუმცა ჯონსონი უნდობლობის ხმის მიცემის გამოცხადებას გადაურჩა, დიდწილად, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული დღის წესრიგის ცვლილების გამო.

ჯონსონის რეიტინგი 2021-2022 წლებში. წყარო: Politico

საბოლოოდ, მინიმუმ 54-მა „კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატმა ჯონსონისადმი უნდობლობის წერილი გაგზავნა, რაც უნდობლობის ხმის მიცემის პროცედურის დაწყებისთვის საკმარისი რაოდენობაა. ჯონსონი უნდობლობის ხმის მიცემას გადაურჩა - 6 ივნისს 211-მა „კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა, ხოლო 148 დეპუტატმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. თუმცა ამან მისი პოზიციები მნიშვნელოვნად შეარყია, რადგან მისი პარტიის დეპუტატების 41% მის წინააღმდეგ წავიდა. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ხმის მიცემაში გადარჩენა, მის პოლიტიკურ გადარჩენას ვერ უზრუნველყოფდა. შესაძლოა, მისთვისაც გარდაუვალი ყოფილიყო გადადგომა, როგორც ჯონსონის წინამორბედი ტერეზა მეი გადაურჩა უნდობლობის გამოცხადებას, მაგრამ მალევე გადადგა.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯონსონმა მაღალ თანამდებობაზე დანიშნა დეპუტატი, რომლის შესახებაც იცოდა, რომ საფუძვლიანი ბრალდებები არსებობდა. კერძოდ, მან ნასვამ მდგომარეობაში სექსუალურად შეავიწროვა ორი სხვა კაცი.

აღნიშნული სკანდალი უკვე კულმინაცია იყო და შედეგად, 5 ივლისს ჯანდაცვისა და ხაზინის მდივნებმა (შეესაბამება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს; ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრის შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოზიციაა ბრიტანეთში) გადადგომის შესახებ განაცხადეს და მათ შედარებით დაბალი პოზიციის მრავალი მაღალჩინოსანი მიჰყვა და ჯამში 40-ზე მეტი თანამდებობის პირი გადადგა. შემდეგ დღეს ჯონსონმა საგარეო საქმეთა მდივნობის (მინისტრობის) პერიოდში, 2018 წელს, კგბ-ს ყოფილ აგენტ ალექსანდ ლებედევთან ასისტენტების, ოფიციალური პირების ან უსაფრთხოების პერსონალის გარეშე შეხვედრაც აღიარა.

ჯონსონი თავდაპირველად, ამის მიუხედავადაც კი, გადადგომას არ აპირებდა და გადადგომის მოწოდების გამო, მთავრობის კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი თანამდებობიდან გადააყენა. თუმცა, საბოლოოდ, პარტიის წევრებისა და ერთგული მინისტრებისგანაც კი განხორციელებული წნეხის გამო გადადგა.

შესაბამისად, როგორც განხილულიდან ჩანს, ჯონსონის გადადგომაში არანაირი როლი - არც მის ე.წ. „რუსოფობიას“ (რაც, თავის მხრივაც, ცრუ ბრალდებაა), არც უკრაინისთვის სამხედრო-ფინანსურ დახმარებას და არც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ ჰქონია. აღნიშნულ პოლიტიკას მხარს უჭერდა, როგორც ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“, ისე მთავარი ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიაც“. სხვა ჯონსონის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯები, რასაც მის პარტიაში მღელვარება მოჰყვა, ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლს შეეხებოდა, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის მინისტრებს უფლება ეძლევათ, პროტოკოლის გარკვეული ნაწილი უგულებელყონ, რაც ბევრის - მათ შორის, თავად მთავრობის თქმითაც კი, საერთაშორისო ხელშეკრულებას და შესაბამისად, საერთაშორისო სამართალს არღვევდა. თუმცა მთავრობა აცხადებდა, რომ „საჭიროების დოქტრინა“ აღნიშნული კანონის მიღებას ამართლებდა.

შესაბამისად, „საქართველო და მსოფლიოსა“ და isari.ge-ს გავრცელებული ინფორმაციები ყალბ ამბავს წარმოადგენს.

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი