ონლაინ მედია - ეროვნული ტელევიზია დიდგორი TV – Facebook-ში დეზინფორმაციული შინაარსის ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოს ავტორის თანახმად, საქართველოში პლებისციტის ჩატარების შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.


ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია ყალბია. საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა.

2022 წლის 21 აპრილს მიუკერძოებელმა არასამთავრობო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს მოიცავს. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში +/-1.8%, მარტის კვლევაში კი +/- 1.6%-ია. კვლევა საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე არის განზოგადებული ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით.

აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71-74%-ისთვის NATO-ში ინტეგრაციაა მისაღები. 10-13% აცხადებს, რომ პასუხი არ იცის, 16-15% კი NATO-ს წევრობის წინააღმდეგია:

რაც შეეხება ევროკავშირს, მოსახლეობის 80-82% ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს, 8% აცხადებს, რომ პასუხი არ იცის, 11-9%-ისთვის კი ევროკავშირში ინტეგრაცია მიუღებელია:

კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI), 2022 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2022 წლის 4-24 მარტს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ასახავს. კვლევა IRI-ის სახელით, ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუისკინეს მიერ ჩატარდა. საველე სამუშაოებს IPM ატარებდა. მონაცემები პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. კვლევის ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60% NATO-ში ინტეგრაციას სრულად უჭერს მხარს, 15% - ნაწილობრივ. NATO-ში შესვლას მკაფიოდ გამოკითხულთა მხოლოდ 12% ეწინააღმდეგება. ფოტოზე მოცემულია 2011 წლიდან დღემდე NATO-ში ინტეგრაციისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება:

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% ევროკავშირში ინტეგრაციას სრულად უჭერს მხარს, 14% - ნაწილობრივ. ევროკავშირში შესვლას მკაფიოდ გამოკითხულთა მხოლოდ 6% ეწინააღმდეგება. ფოტოზე მოცემულია 2011 წლიდან დღემდე ევროკავშირში ინტეგრაციისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება:

გარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა, რომელიც მთლიან მოსახლეობაზე განზოგადებადია, აღსანიშნავია, იმ პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა დაიმსახურა.

2012 წელს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში საერთო ჯამში ხმების 95.3% მიიღეს. ამომრჩევლის აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 61%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ორივე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დაპირებას შეიცავდა.

„ქართული ოცნება“ თავისი პროგრამის მესამე პუნქტში ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეგიონული პოზიციების გამყარების მიზნით ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრობდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში კი ეწერა, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამდენად, არჩევნებში დეკლარირებულად პროდასავლური პარტიების მხარდაჭერაც ცხადყოფს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას არათუ ეწინააღმდეგება, არამედ - მხარს უჭერს.

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.