ჯაბა ფუტკარაძე: [2022 წლის] პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან [ანალოგიურ პერიოდთან] შედარებით, გაზრდილია 369%-ით. 2018 და 2019 წლებთან შედარებითაც გაზრდილია.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 59 761 300 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან, 12 734 500 აშშ დოლართან, მიმართებით, 369.3%-ით არის გაზრდილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018, 2019 და 2020 წლების პირველ კვარტლებში FDI იყო შესაბამისად: - 21 855 700 $; 24 842 800 $ და 15 951 600 $, წლევანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი ნამდვილად გაზრდილია თითოეულ მათგანთან შედარებით.
აქედან გამომდინარე, ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა: „[2022 წლის] პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან [ანალოგიურ პერიოდთან] შედარებით, გაზრდილია 369%-ით. 2018 და 2019 წლებთან შედარებითაც გაზრდილია.“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.
როგორც ირკვევა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 59 761 300 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი FDI-ის მოცულობა 12 734 500 აშშ დოლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებელი, შესადარებელ მაჩვენებელთან მიმართებით, მართლაც 369.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს პარამეტრი 2018, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც გაზრდილია. დანართი 1
გრაფიკი 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში, ათასი აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ვხედავთ, აჭარაში 2022 წლის პირველ კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მართლაც აღემატება 2018, 2019, 2020 და 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში, FDI განსაკუთრებით დაბალია 2018 წლის პირველ კვარტალში, რაც ენერგეტიკისა (-11 357 600 აშშ დოლარი) და უძრავი ქონების (-31 321 000 აშშ დოლარი) სექტორებში პუი-ს მკვეთრი ვარდნით არის განპირობებული.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2018 წელს 78 209 200 $ იყო. 2019 წელს 152.9%-ით გაიზარდა და 197 808 200 $ შეადგინა, რაც 2020 (პანდემიური) წლის მონაცემთან, 76 961 700 $-თან მიმართებით, 61.1%%-ით მეტია. კლება 2021 წელსაც შენარჩუნდა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2020 წელთან მიმართებით, 35.2%-ით შემცირდა და 49 864 500 აშშ დოლარი შეადგინა.
აჭარაში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი უძრავი ქონების (ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა) სექტორზე მოდის და წინასწარი მონაცემებით, 37 116 700 აშშ დოლარს უტოლდება. შემდეგ არის ენერგეტიკა 6 996 100 აშშ დოლარით და დამამუშავებელი მრეწველობა - 5 120 600 აშშ დოლარით.
გრაფიკი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში სექტორების მიხედვით, 2018-2021 წლების პირველი კვარტლები, ათასი აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შენიშვნა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით წარმოებს საწარმოთა „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის“ სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული საწარმოების ფაქტობრივი მისამართების მიხედვით. რაც შეეხება საფინანსო სექტორს (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები), მონაცემები მიკუთვნებულია მთლიანად თბილისზე.
როგორც აღვნიშნეთ, რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი უძრავი ქონების სექტორზე მოდის. ექსპერტების შეფასებით, ეს გამოწვეულია რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნის გაზრდით, რაც ქვეყნისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის.
2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში განხორციელებული მთლიანი FDI-ის მოცულობიდან, 89%-ზე მეტი რეინვესტირებაზე მოდის.
ცხრილი 1. აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით, 2018-2022 წლები, კვარტლების მიხედვით, ათასი აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ცხრილ 1-დან ჩანს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის რეინვესტირების მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდის წლიურ მაჩვენებლებსაც კი ბევრად აღემატება. თუმცა მკვეთრად დაბალია სააქციო კაპიტალის წილი.
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ ბოლო კვლევა ერთი წლის წინ გამოაქვეყნა. ჩვენ მაშინ ვწერდით, რომ სექტორების მიხედვით, პირველ-მეორე ადგილებზე მშენებლობა და ენერგეტიკა იყო. რაც შეეხება უძრავი ქონებით დაინტერესებას, შედარებით მაღალი მაჩვენებელი 2018 წლის მეორე კვარტალში გვქონდა. 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაზე მიმზიდველად სწორედ უძრავი ქონების სექტორი გამოიყურება.
* 2021 და 2022 წლის შემთხვევაში აღებულია წინასწარი მონაცემები