მიმდინარე გამოცემის თემები:

• ნაციზმზე გამარჯვება - კრემლის ლინზით დანახული სამხედრო მდგომარეობა

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

• პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ

• უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ

• პრორუსული წყაროები ალტერნატიული საგარეო პოლიტიკის „იდეებს“ გვთავაზობენ

• დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში

(20-26 ივნისი)

ნაციზმზე გამარჯვება - კრემლის ლინზით დანახული სამხედრო მდგომარეობა

კრემლის პროპაგანდა მიიჩნევს, რომ ომის ბედი უკვე გადაწყვეტილია და შესაბამისად, მათი გზავნილებიც უკრაინის არმიის სისასტიკისა და ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, უკრაინის დამარცხებულად წარმოჩენის მცდელობებით ჩანაცვლდა. ამასთან, გასულ კვირას პრორუსული პროპაგანდა ომის იდეოლოგიურ კონტექსტზე მეტად მის პოლიტიკურ და სამხედრო ნაწილზე ამახვილებდა ყურადღებას:

• პრორუსული პოლიტიკური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა პარტიის მხარდამჭერ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში აშშ-ის პოლიტიკური ელიტის „ომის პარტია“ მოღალატე პრეზიდენტი ზელენსკის ხელით უკრაინაში ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა, ასევე მათ ბრალეულობად წარმოაჩინა 2008 წლის საქართველოს ომიც. თარხან-მოურავის მტკიცებით, ომის საწყის ეტაპზე გავრცელებული გზავნილებისგან განსხვავებით, თითქოს უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდოდა და მოსკოვამდე მიაღწევდა, რეალობა საკმაოდ შეიცვალა - კერძოდ, უკრაინა ომში მარცხდება და უკვე დაკარგა საქართველოზე ორჯერ დიდი ტერიტორიები, რომელსაც უკან ვერასდროს დაიბრუნებს. მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ ყოფნას რომ დათანხმებოდა, ომი საერთოდ არ დაიწყებოდა.

„ალტ-ინფო“ და პრორუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა ომში უკვე დამარცხდა და ამ ფაქტს აშშ-იც ოფიციალურად აღიარებს. აღნიშნული მტკიცების გასამყარებლად, მათ გაავრცელეს ყოფილი პოლკოვნიკის რიჩარდ ბლეკის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ მართალია ჯერ ომი არ დასრულებულა, მაგრამ მასში უკრაინა უკვე დამარცხდა ჭურვების დეფიციტის გამო. შედეგად, უკრაინა დღეში 10-ჯერ ნაკლებ გასროლას ახორციელებს, ვიდრე რუსეთი, რომელმაც ომი ეფექტურად გადაზარდა საარტილერიო დუელში. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრინა ყოველდღე დაახლოებით 1000 ჯარისკაცს კარგავს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.

• „ალტ-ინფომ“ მიმდინარე ომში რუსული ტაქტიკა შეაქო და რუსული მხარის სამხედრო უპირატესობას გაუსვა ხაზი. ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ქარდავა ამტკიცებდა, რომ რუსეთს მარტივი, თუმცა ეფექტური ტაქტიკა აქვს - ის უფრთხილდება ადამიანურ რესურსებს და სამაგიეროდ, საარტილერიო დარტყმებს ახორციელებს. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა არტილერიისა და ტანკების დახმარებით უკრაინა მიწასთან გაასწორა. მისივე თქმით, უკრაინა საინფორმაციო ომშიც მარცხდება, ამიტომაც ვერ ახერხებს სევეროდონეცკიდან ჯარების გამოყვანას, რადგან სხვაგვარად, უკრაინული ნარატივი, რომ გამარჯვება უკრაინის მხარეზეა, სიცრუე აღმოჩნდება. სევეროდონეცკი პრორუსული გამოცემა „ნიუს-ფრონტის“ ინტერესის ობიექტიც გახდა. მათი თქმით, სევეროდონეცკი მარიუპოლის შემდეგ მეორე ქალაქი გახდება, რომელშიც უკრაინული არმია ხაფანგში გაეხვევა და ჩაბარდება. თუმცა, სინამდვილეში, სევეროდონეცკის ნანგრევებიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუირება და მათი გამაგრებულ თავდაცვით პოზიციებზე გადანაცვლება მოხდა.

• ახლად შექმნილი პრორუსული Facebook-გვერდი ორიენტირებული იყო რუსული არმიის სამხედრო უპირატესობის წარმოჩენის მცდელობებზე. კერძოდ, გვერდმა უკრაინის დამარცხებაში „კინჟალის“ რაკეტების როლს ხაზი გაუსვა. გვერდის ინფორმაციით, რუსული „კინჟალის“ ანალოგი მთელს მსოფლიოში არ არსებობს და მას აშშ-ს თავდაცვის სისტემებიც ვერ ჩამოაგდებს, ამიტომაც ამერიკელებსაც და უკრაინელებსაც მისი ეშინიათ. გვერდმა აგრეთვე დაასკვნა, რომ ომი უკვე დასრულებულია და უკრაინაც დამარცხებულია, რადგან რუსეთი ისკანდერის სარაკეტო სისტემას აღმოსავლეთ უკრაინაში ათავსებს. ამ სისტემაზე კი ბირთვული ქობინების მოთავსება და ზუსტი დარტყმით 500 კმ-ზე სამიზნის განადგურება არის შესაძლებელი.

• „სპუტნიკ საქართველომ“ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ რუსულ რაკეტაზე კალიბრი, რომლითაც, თითქოს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ათობით გენერალი განადგურდა. „სპუტნიკის“ მტკიცებით, რაკეტებით განხორციელებულმა დარტყმებმა ჩაშალა უკრაინის გეგმა ხერსონში კონტრშეტევის განხორციელების შესახებ, რადგან უკრაინული ძალები 300 კილომეტრის რადიუსში უმეთაუროდ დარჩნენ.

• კიდევ ერთი პრორუსული გამოცემა Isari.ge ამტკიცებდა, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმიტომ, რომ დასავლეთს სურს უკრაინამ რუსეთთან ომი გააგრძელოს, რომელშიც მას გამარჯვების შანსი არ აქვს და გაჭიანურებულ ომს მხოლოდ ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვება. თუმცა, ავტორის მტკიცების მიხედვით, დასავლეთს უკრაინის ნგრევა არ ადარდებს, რადგან ის საკუთარ მიზანს, ომის გაჭიანურებას, აღწევს. რეალურად, აღნიშნული გზავნილი იმეორებს კრემლის ოფიციალურ პოზიციას, რომ უკრაინამ იარაღი უნდა დაყაროს, ბრძოლა შეწყვეტოს და ომი ასე დამთავრდება. Isari.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ზელენსკი და მისი მთავრობა გენოციდის ჩადენაშიც კი დაადანაშაულა, რადგან, ჭიპაშვილის თქმით, ზელენსკი ომს ფინანსური სარგებლისთვის აგრძელებს, რომელშიც დღეში 300-დან 1000-მდე ჯარისკაცი იღუპება. ამდენად, პრორუსულმა გამოცემამ პუტინის არაპროვოცირებულ ომში უკრაინა დაადანაშაულა რუსეთის მიერ უკრაინელი ჯარისკაცების დახოცვაში და მას ზელენსკის მიერ ჩადენილი გენოციდი უწოდა.

• უკრაინის ეროვნული დროშა ნაცისტურ დროშად იქნა მოხსენიებული და სოციალურ სივრცეში გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც „ნაცისტური“ დროშების ჩამოხსნის პროცესს ასახავდა.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

პროპაგანდისტული წყაროები საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების დისკრედიტაციას ცდილობენ და მათ სხვადასხვა აქციაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, რომლებიც, თითქოს, რევოლუციის მოწყობას და საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ისახავს მიზნად.

• პროსამთავრობო Facebook-გვერდი - „ლიდერი 41“ - აცხადებდა, რომ თუ უკრაინელი ლტოლვილები 20 ივნისის აქციაში მიიღებდნენ მონაწილეობას - რომელიც, მათი მტკიცებით, ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული (სინამდვილეში, აქცია „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული) - ფაქტობრივად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის დესტაბილიზაციაში დაეხმარებოდნენ, რის გამოც, ხელისუფლება იძულებული იქნებოდა ისინი ქვეყნიდან გაეძევებინა.

• „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე „ალტ-ინფოს“ გადაცემაში ამტკიცებდა, რომ „დასავლელი პატრონების მიერ წაქეზებული აგენტები“ წელსაც აპირებენ „ლგბტ ღონისძიების“ ჩატარებას. მახარაძის თქმით, ამჟამად, „გეი აქტივისტები“ ბელარუსიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოჰყავთ, რასაც, თითქოს, თავისი პოლიტიკური ამოცანა აქვს: დაძაბულობის კერების შექმნა, „მაიდანის“ ორგანიზება, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ

• ულტრამემარჯვენე და პრორუსულ ჯგუფებთან დაკავშირებული თვითგამოცხადებული პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე „ერი მედიის“ Facebook-გადაცემაში ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა საქართველო იმისთვის დასაჯა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „რადიკალურ სანქციებს“ არ მიუერთდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსული აგრესიის საქართველოზე გადმოტანა სურს და ლატვიის მსგავსად, საქართველოზეც ზეწოლას ახდენს. მან დამატებით ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი, ევროპა და აშშ-ი საქართველოს ომში ჩათრევით და მისი დაყოფით არიან დაინტერესებული.

• „ალტ-ინფოსთან“ და სხვა ულტრამემარჯვენე და დეზინფორმაციულ ჯგუფებთან დაკავშირებული ცნობილი ბლოგერი და პროპაგანდისტი ბექა ვარდოსანიძე ცდილობს თავისი 10000-ზე მეტი Facebook-გამომწერი დაარწმუნოს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უშედეგოა და, პირიქით, დასავლეთზე მოქმედებს უარყოფითად. მან ევროპის ქვეყნების შესახებ ირონიულად ისიც აღნიშნა, რომ მწვავე ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავების მიზნით ისინი "შხაპის დროს ამცირებენ".

• ერთ-ერთმა Facebook-მომხმარებელმა განაცხადა, რომ რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო გერმანია „ბუმერანგის ეფექტს“ განიცდის, რადგან რუსეთმა გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს გაზის მიწოდება გაუნახევრა, რითაც გერმანია აიძულა ზამთრის რეზერვების გამოყენებაზე გადასულიყო. მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ავსტრია და ნიდერლანდებიც იმავე სირთულეებს წინაშე არიან. Facebook-მომხმარებელი იმასაც ამტკიცებდა, რომ, გერმანიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, აშშ და სპარსეთის ყურის ქვეყნები ზამთრის სეზონზე თხევადი ბუნებრივი გაზის, როგორც რუსული გაზის ალტერნატივას, მხოლოდ 10%-დან 15%-მდე მიწოდებას შეძლებენ, რითაც დაასკვნა, რომ გერმანია რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის ქვანახშირითა და მაზუთით ჩანაცვლებით ნელ-ნელა მე-19 საუკუნეში ბრუნდება, მაშინ, როცა სწორედ დასავლეთში ამტკიცებდნენ, რომ ქვის ხანაში რუსეთი დაბრუნდა.

• ამავე ნარატივს ავრცელებდა ულტრამემარჯვენე და პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი ქარდავა „ალტ-ინფოს“ გადაცემაში. ის ამტკიცებდა, რომ რუსული გაზის ფასი ისე გაიზარდა, რომ გერმანია ქავანახშირის გამოყენებაზე გადავიდა და ირონიულად აღნიშნა, რომ შესაძლოა მალე შეშაზეც გადავიდეს.

• ანტიდასავლური ჯგუფები დასავლეთს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წაქეზებაში კვლავ ადანაშუალბდნენ და ამჯერად, აღნიშნული ახსნეს იმით, რომ თითქოს, დასავლეთს უკრაინის ომით რუსეთის დასუსტება სურს. გავრცელებული ნარატივის მიხედვით, დასავლეთი უკრაინის მოქალაქების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას და უკრაინის ბრძოლის ველად გამოყენებას ცდილობს. ამ ნარატივს იმეორებს ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია „ქართული იდეა“, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს აკრიტიკებს, რომელიც, თითქოს, უკრაინას, ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, „ცუდი მშვიდობისკენ“ უბიძგებს.

• პროკრემლისტური მედია „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის სარედაქციო სტატიაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ რუსეთის მიერ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომის დაწყება აიცილა თავიდან, რაც მისი თქმით, ბრიუსელის და კიევის გეგმებში შედიოდა.

• პრორუსულმა ვებგვერდმა „Isari.ge-მ“ გაავრცელა მტკიცება, რომ ევროატლანტიკური სივრცე რუსეთის სანქციების გამო იშლება, რადგან სანქციების რეჟიმს ქვეყნების მხოლოდ 15% ემორჩილება.

Gruzinform-მა („საქინფორმის“ რუსული გამოცემა) პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო შეაქო და ამავდროულად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ოპოზიციის მხარდამჭერი პოზიცია გააკრიტიკა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად რადიკალური ოპოზიციისა და დასავლელი ლობისტების უპრეცედენტო ზეწოლის, შანტაჟისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებით, დასავლური ღირებულებებითა და სხვა თემებით სპეკულირებისა, ღარიბაშვილმა ქვეყნის სანქციების უარყოფითი შედეგებისგან დაცვას წარმატებულად გაართვა თავი.

უკრაინის ფარგლებს გარეთ და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

ტრადიციულად დეზინფორმაციის აქტორები ავითარებდნენ ცრუ ურთიერთკავშირს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას შორის. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა თავისი საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატურის სტატუსის მინიჭების და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ (კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, თუ საქართველო დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ რეკომენდირებულ და ევროსაბჭოს მიერ გაზიარებულ კონკრეტულ პირობებს), საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების ახალი ტალღების გავრცელება დაიწყო.

მას შემდეგ რაც ევროკომისიამ და ევროსაბჭომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავიანთი გადაწყვეტილებები გამოაცხადეს, „ქართული ოცნების“ მთავრობა ანტიდასავლურ და პრორუსულ აქტორებთან უნისონში აკრიტიკებდა ოპოზიციას. მათ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებდა, რის მაგალითადაც თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში 20 და 24 ივნისს ჩატარებულ აქციებს ასახელებდა.

პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის „ომის პარტიამ“ და მისმა „გამორჩეულმა“ ლიდერმა ჯონ მაკკეინმა 2008 წელს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრია. თარხან-მოურავის შეფასებით, აბსოლუტურად იგივე ხდება უკრაინასთან დაკავშირებით. ამერიკელებმა ისინი შეიტყუეს რუსეთის წინააღმდეგ ომში. თარხან-მოურავის მტკიცებით, ეს პროცესი რეალურად არის მეტოქეობა ზესახელმწიფოებს შორის და ისინი პატარა ქვეყნებს თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ. თარხან-მოურავის მიხედვით, დასავლეთს და უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლური პოლიტიკური მოძრაობის „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ასევე განაცხადა, რომ „მიმდინარეობს მაქსიმალური მცდელობა (დასავლეთის მხარდაჭერილი ოპოზიციის მიერ), რომ საქართველო საომარ მოქმედებებში გახვიონ“.

• საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა, რომელიც თავისი ანტიდასავლური პოზიციებითაა ცნობილია, ტელეკომპანია „ალტ-ინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ბევრად უსწრებს რეფორმებში და შესაძლოა ბევრად წინაც კი იყოს, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა. მძინარაშვილის თქმით, ეს იციან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და ლიდერებმა, მაგრამ მაინც უარი გვითხრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.

• მსახიობმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ასმათ ტყაბლაძემ, ტელეკომპანია Georgian Times-ის ერთ-ერთ გადაცემაში დებატების დროს განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ისინი საომარ მდგომარეობაში არიან და საქართველომ უარი იმიტომ მიიღო, რომ აქ ომი არ არის. Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასევე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის ერთადერთი პირობა საქართველოს მიმართ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა.

• ანტიდასავლურმა მედია „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტ ლევან ადეიშვილთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივამ საქართველო 2008 წელს რუსეთთან ომში გახვია, რამაც გამოიწვია ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება ქართულ საზოგადოებაში. ადეიშვილის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოსა და უკრაინისთვის ახალი სატყუარა - ევროკავშირში გაწევრიანება - მოიფიქრა. დასავლეთმა უკვე ჩაითრია უკრაინა რუსეთთან ომში და ახლა იმავეს ცდილობს საქართველოსთვის. ადეიშვილის მტკიცებით, ევროკავშირმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, თუ ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ რუსეთთან მორიგი ომი უნდა დაიწყოს. ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ ლიდერმა - ლევან ჩაჩუამაც „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 28 ივნისიდან 2 ივლისამდე საქართველოში დაგეგმილი „პრაიდის კვირეული“ პროვოკაციული პროცესია, რომელიც მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის დაწყებასა და ქართული მაიდანისთვის ნიადაგის მომზადებას ისახავს (მხედველობაში აქვს 2014 წლის ევრომაიდანის მოვლენებს უკრაინაში). ჩაჩუას შეფასებით, საქართველოში სამოქალაქო არეულობა დაიწყება, რაც რუსეთის ყურადღებას მიიპყრობს და ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში კიდევ ერთი ომი გაჩაღდეს.

• ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, სოსო მანჯავიძემ, თავის სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში ომის პროვოცირებას, რათა რუსეთთან „გეოპოლიტიკურ სავაჭრო მაგიდაზე მეტი საკითხი იყოს“. მანჯავიძის თქმით, იგივე დაემართა უკრაინას და ახლა დასავლეთი საქართველოს უბიძგებს, რომ კიდევ ერთი ფრონტი ჰქონდეს რუსეთის წინააღმდეგ. პრორუსული პოლიტიკური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება პროპაგანდისტული მანიპულაციისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ დასავლეთმა ევროკავშირის წევრობის ცრუ დაპირებით უკრაინა ჯოჯოხეთში გამოატარა. მარტინენკოს მტკიცებით, ახლა დასავლეთი ცდილობს იგივე გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით. ანტიდასავლური და პრორუსული მედიის Isari.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭა, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ ომში არიან და საქართველომაც მეორე ფრონტი უნდა გახსნას იმავე სტატუსის მოსაპოვებლად.

• კიდევ ერთი ანტიდასავლური მედიის - „საერთო გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ ღია წერილით მიმართა ქართულ საზოგადოებას, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში 24 ივნისს დაწყებული ევროკავშირის და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია სინამდვილეში მიზნად არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ისახავს. ხარჩილავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მეორე ფრონტს გახსნის და დაუყოვნებლივ დაიწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ

კრემლის „ტრიუმფალური“ ტონი უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო დახმარების შესახებ რუსულ გზავნილებზეც გავრცელდა. პრორუსული წყაროები ფოკუსირებულნი არიან იმ გზავნილების გავრცელებაზე, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და რუსეთი ომში მაინც იმარჯვებს:

• „სპუტნიკ-საქართველომ“ განაცხადა, რომ უკრაინის სამეთაურო ცენტრებზე რუსეთის ზუსტმა სარაკეტო დარტყმებმა ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევის ამბიცია შეაჩერა. ასევე „სპუტნიკ-საქართველოს“ მტკიცებით, ომის სტატისტიკა ცხადყოფს როგორც უკრაინის შეიარაღების ძალების კატასტროფულ მდგომარეობას, ასევე ნატოს სამხედრო დახმარების არაეფექტურობას. ეს გზავნილი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა უკვე დამარცხების ზღვარზეა და დასავლურმა სამხედრო დახმარებამ ვერაფერი ვერ შეცვალა. შესაბამისად, სამხედრო დახმარებაზე მეტი რესურსების ხარჯვას აზრი არ აქვს.

• ანალოგიურად, „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, თავდაპირველად ითქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევა დასავლური სამხედრო დახმარების ჩასვლის შემდეგ ივნისში ან ივლისში დაიწყებოდა, თუმცა ახლა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე აგვისტოში გადავა. „ალტ-ინფოს“ შეფასებით, კონტრშეტევა არასოდეს დაიწყება, რადგან ეს კონფლიქტი რესურსულ ომში გადაიზარდა, რომლის ბედსაც ის გადაწყვეტს, თუ ვის აქვს მეტი ჭურვი და ცეცხლსასროლი ძალა. რუსეთს ამ კომპონენტებში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ დასავლეთი უკრაინას ახალ იარაღს პერიოდულად აწვდის და უკრაინელებს ეუბნება, მტერს კიდევ ცოტა ხანს უნდა გაუძლონ, სანამ აღნიშნულ შეიარაღებას მიიღებენ. თუმცა იარაღის გადაცემის შემდეგ ბრძოლის ველზე არაფერი იცვლება და პროცესი თავიდან იწყება, რის შედეგადაც მოჯადოებული წრე იქმნება.

პრორუსული წყაროები ალტერნატიული საგარეო პოლიტიკის „იდეებს“ გვთავაზობენ

• „ალტ-ინფომ“ საზოგადოებას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ახალი ალტერნატივა შესთავაზა და წამოაყენა უცნაური იდეა, რომ საქართველო ევროპაში რუსეთის გავლით შევიდეს. როგორც შოთა მარტინენკომ განაცხადა, რუსეთს ევროპაში გაზის მიწოდების გამო მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და მალე რუსეთს ექნება ბერკეტი, ევროპაზე გავლენა იქონიოს. ამდენად, „ალტ-ინფოს“ თანახმად, წარმოდგენა, რომ საქართველო ლიბერალურ ევროპას შეუერთდება, სისულელეა, რადგან ლიბერალური ევროპა აღარ იარსებებს, მაგრამ შეძლებს შევიდეს ევროპაში რუსეთის გავლით. გარდა ამისა, „ალტ-ინფომ“ საბჭოთა წარსულის გახსენებით მომავლის სცენარი წარმოადგინა. ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა მახარაძემ, განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად მოაქცევს საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ და როცა ეს მოხდება, საქართველოს როლი უნდა განსხვავდებოდეს მისი იმ როლისგან, რაც საბჭოთა კავშირში ჰქონდა. მახარაძის მტკიცებით, საქართველომ უკვე უნდა დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები იმ პირობებზე, რომლითაც ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროში იქნება. Alt-info აცხადებდა, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს აღქმული როგორც დასასვენებელი ადგილი, არამედ ქვეყანამ ქრისტიანობის საყრდენი სტატუსი უნდა მიიღოს.

• ლევან ვასაძე ამტკიცებდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივის მინიჭება არის დაცინვა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის 30 წლიანი დაპირებები მირაჟი იყო. ვასაძის თქმით, რეალურად, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება ბიძგი უნდა იყოს უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად, რომლის საგარეო პოლიტიკური კურსიც პროდასავლურის ნაცვლად კავკასოცენტრული უნდა იყოს.

• „პატრიოტთა ალიანსის“ (AoP) ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი, ამტკიცებდა, რომ საქართველოს ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებაა. მისი თქმით, მოლდოვა დსთ-ის წევრია და ხელი არ შეშლია. საქართველოს ასევე ეუბნებიან, რომ კონფლიქტური რეგიონები ხელისშემშლელია, მაგრამ მოლდოვასაც და უკრაინასაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც კონფლიქტში იყვნენ ჩართული. გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ ნარატივი, რომ ნეიტრალიტეტი არის ბარიერი ევროკავშირის წევრობისთვის, მცდარია. ამის საილუსტრაციოდ თარხან-მოურავმა, ერთი მხრივ, ნეიტრალური სტატუსის მქონე მოლდოვის, ხოლო, მეორე მხრივ, უკრაინის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ნეიტრალიტეტის პოლიტიკას განიხილავს.

• ღიად პრორუსულმა Facebook-გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, რამდენი ფულიც არ უნდა დაიხარჯოს ისტორიის გადაწერაში, ვერ შეიცვლება ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარია. აღნიშნული გვერდი, TVM.ge-ს მსგავსად, აცხადებდა, რომ NATO და აშშ საქართველოს საშინაო საქმეებში ერევიან, ზღუდავენ მის სუვერენიტეტს და არ ადარდებთ საქართველოს განვითარება. ამიტომ, გვერდის მტკიცებით, ისინი საქართველოს ქარხნების გახსნას უკრძალავენ, რადგან ჰაერის დაბინძურების უფლება მხოლოდ მათ აქვთ. როგორც ეს გვერდი აცხადებს, საქართველო რომ ევროპასა და აშშ-ს დროულად ჩამოშორდეს, საქართველოს ქვეყანა ვერ აჯობებს.

• პრორუსი აქტორები ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის დისკრედიტაციას დემონსტრანტების ლგბტქ+ თემად წარმოჩენის გზით შეეცადნენ. პრორუსმა პოლიტიკოსმა, კახა კუკავამ, განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ობიექტური დაბრკოლებები ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემა, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია, მაგრამ ზოგიერთი ხელისშემშლელი გარემოება მუდმივად იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ძალა იქნება ხელისუფლებაში. ერთ-ერთი ასეთი შემაფერხებელია ლგბტქ+ პრაიდების არჩატარება. კუკავა და სხვა პროპაგანდისტები, მათ შორის Alt-Info, აცხადებდნენ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ კიშინიოვსა და კიევში პრაიდის მარშები გამართეს, რაც ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოსგანაც იმავეს მოითხოვს - თბილისში პრაიდის მარშიც ჩატარებასა და ჰომოსექსუალობის ნორმალიზებას, რაც სრულიად მიუღებელი პირობებია.

ევროკავშირის მომხრე საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციის მიზნით, ზოგიერთმა დეზინფორმაციულმა წყარომ ევროკავშირი საქართველოში რევოლუციის მოწყობის დაგეგმვაში დაადანაშაულა:

• „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი განზრახ არ მიანიჭა, რათა პროდასავლურ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და რევოლუციას გამოიწვევდა.

• ნარატივს, რომ ევროკომისიამ ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლების დამხობისა და გადატრიალების მიზნით მიიღო, მხარი დაუჭირეს Facebook-გვერდმა - „2012-იანელები“ და ანტიდასავლურმა ონლაინ მედიამ - „საერთო გაზეთი“. როგორც ისინი აცხადებდნენ, ევროპამ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლისთვის ექვსი თვე მისცა, ან ახალი არჩევნების დანიშვნის ან ხელისუფლების დამხობის გზით. უფრო მეტიც, გვერდმა „2012-იანებმა“ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვა, ისინი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მოინდომებენ და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჯარს გააგზავნიან, რითაც რუსეთთან ომს დაიწყებენ.

• რუსეთის მხარდაჭერილი პრიმაკოვის ფონდის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამტკიცებდა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია აღმოჩნდა არა ევროკავშირის რეკომენდაცია, არამედ ულტიმატუმი, რაც მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას გულისხმობს. გარდა ამისა, ლორთქიფანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის (და სხვა უკრაინელი პოლიტიკოსების) მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართულ ოპოზიციას ულტიმატუმის განხორციელებაში, საქართველოზე ზეწოლას კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის.

• დეზინფორმაციულმა აქტორებმა გააგრძელეს იმ გზავნილების გაძლიერება, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინის გამო ვერ მიიღო. Facebook-გვერდი - „2012-იანელები“ - ირწმუნებოდა, რომ საქართველოს ოპოზიციასთან ერთად, უკრაინის მთავრობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირის გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. კონკრეტულად, Facebook-გვერდი ამტკიცებდა, რომ უკრაინის მთავრობა მკაცრად ითხოვდა ევროკავშირისგან, არ გაებედათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. „2012-იანელებმა“ უკრაინა საქართველოს უპირველეს მტრად მოიხსენია, რითაც უგულებელყო რუსეთის მიერ საქართველოს წინაღმდეგ ჩადენილი სისასტიკე და აგრესია (სხვა წყაროები უკრაინას რუსეთს უთანაბრებდნენ). აღნიშნულ უსაფუძვლო თეორიაზე დაყრდნობით, Facebook-გვერდმა ევროპას „ბებერი ფაშისტი“ უწოდა, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც ქართული ოპოზიციისა და უკრაინის მთავრობის მარიონეტი. ამ გზავნილს არა მხოლოდ ევროკავშირის დისკრედიტაცია, არამედ ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებაც ჰქონდა მიზნად.

დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

კრემლის პროპაგანდა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში აგრძელებს დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებას, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინის ნაცისტებისა და ფაშისტებისგან გასათავისუფლებლად "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ აწარმოებს.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

გასული კვირის განმავლობაში, კრემლის პროპაგანდისტული წყაროები აგრძელებდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის სხვადასხვა საკითხის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა Facebook პოსტში გაჟღერებული ყალბი მტკიცება, რუსეთის მიერ ორი პოლონური ბატალიონის განადგურების შესახებ. აღნიშნულს რუსული პროპაგანდა დაჟინებით ამტკიცებს სულ მცირე 23 მაისიდან. კიდევ ერთმა ფართოდ გავრცელებულმა პოსტმა გერმანიის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტის ინგო გერჰარცის განცხადება გააყალბა, რომელშიც ნათქვამია, რომ გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურის თქმით, „NATO მზად უნდა იყოს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად“. კიდევ ერთხელ გავრცელდა ძველი დეზინფორმაცია, თითქოს რუსებმა ბაირაქტარის ის დრონი ჩამოაგდეს, რომლისთვისაც ლიეტუველებმა ფული შეაგროვეს. რუსული პროპაგანდის ცრუ გზავნილების მიხედვით, „ვილნიუსის მიერ კალინინგრადის რეგიონის ბლოკადის გამო პენტაგონმა NATO-დან ლიეტუვის გარიცხვა მოითხოვა,“ უკრაინელები კი ახლა, სავარაუდოდ, ყირიმის რუსეთისთვის მიყიდვაზე ფიქრობენ.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი