გიორგი ვაშაძე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი, სადაც საქართველო სამი წლის წინ იყო პირველ ადგილზე ყველგან, დღეს უკრაინა და მოლდოვა არიან პირველ-მეორე ადგილზე. ამ ინდექსის ყოველ მესამე კომპონენტში, საქართველოს უსწრებს სომხეთი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი
რეზიუმე:
პოლიტიკოსის მიერ დასახელებული ინდექსი ორ ქვე-ინდექსად იყოფა: ევროპასთან დაახლოების (Approximation) და ურთიერთკავშირის (Linkages) ინდექსები. ხაზი უნდა გაესვას, რომ წარმოდგენილი ინდექსი, ცალკეული ექსპერტების შეფასებების აგრეგირებით და დამუშავებით დგინდება. 2018-2019 (ერთობლივი პერიოდი) წლებისთვის მხოლოდ ევროპასთან ურთიერთკავშირის, ხოლო 2020-2021 წლებისთვის მხოლოდ ევროპასთან დაახლოების ინდექსები გამოქვეყნდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ქვეყნების დინამიკის შედარება შეუძლებელია. მაღალი ალბათობით, პოლიტიკოსმა, ორი სხვადასხვა ინდექსის ქულები ერთმანეთს არასწორად, ან გარკვეული ტექნიკური ხარვეზით შეადარა, რის შედეგადაც მცდარ დასკვნამდე მივიდა.
2015 წლიდან დღემდე, დაახლოების ინდექსში, საქართველოს პირველი ადგილი არცერთ შემთხვევაში არ დაუკავებია და მოწინავე პოზიციებს უკრაინა და მოლდოვა ინაწილებდნენ. მეორე მხრივ, ურთიერთკავშირის ინდექსის მხრივ, საქართველო 2015-2019 წლებში მოწინავე პოზიციას იკავებდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, 2020-2021 წლებისთვის ინფორმაციის განახლება არ მომხდარა და შესაბამისად, შეუძლებელია დავასკვნათ, საქართველო პირველი ადგილიდან დაქვეითდა, თუ - არა.
2020-2021 წლებისთვის, განცხადების იმ ნაწილის გადამოწმება, რომლის მიხედვით, ინდექსის ყოველ მესამე კომპონენტში საქართველოს სომხეთი უსწრებს, მხოლოდ ევროპასთან დაახლოების ინდექსის საშუალებით არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, ინდექსის მეორე, ურთიერთთავსებადობის ინდექსის შემთხვევაში, შედარება შეუძლებელია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ, „TV პირველის“ ეთერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან ადკავშირებით განაცხადა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი, სადაც საქართველო სამი წლის წინ იყო პირველ ადგილზე აბსოლუტურად ყველგან. დღეს უკრაინა და მოლდოვა არიან პირველ-მეორე ადგილზე. ამ ინდექსის ყოველ მესამე კომპონენტში, საქართველოს უსწრებს სომხეთი“.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (Eastern Partnership(EaP) არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული პროგრამა, რომელიც 2009 წელს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა. ეს იყო მცდელობა, პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის შექმნილიყო განსხვავებული ფორმატი, თუმცა, დღეს ის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის მიმართულებად მოიაზრება. აღმოსავლეთ პარტნიორობაში შედის 6 სახელმწიფო: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექები ასახავს არმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ვითარებას დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. მეთოდოლოგიის მიხედვით, ინდექსის შემუშავება ხდება რამდენიმე ეტაპად, როგორებიცაა საბაზისო კვლევის ჩამოყალიბება, მონაცემთა შეგროვება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი და ვერიფიკაცია. კვლევაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან 50-ზე მეტი ექსპერტია ჩართული. პირველ ეტაპზე, ხდება ექსპერტების მიერ ქულების მინიჭება ინდიკატორების დეტალური ნაკრების მიხედვით, რის შემდეგაც შედეგების გაანალიზება ხდება და მიღებული შედეგების სინთეზი ფართო რეგიონულ პერსპექტივაში.
ინდექსი ორ ნაწილად იყოფა: დაახლოება (Approximation) და ურთიერთკავშირი (Linkages). დაახლოების ინდექსი, თავის მხრივ, დაყოფილია სამ სექციად: დემოკრატია, ევროინტეგრაცია და მდგრადი განვითარება. ურთიერთკავშირის ინდექსი კი მოიცავს საერთაშორისო უსაფრთხოების, პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას, სექტორული თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებს და ევროპაში ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრირების კომპონენტებს.
აღსანიშნავია რომ როგორც 2015-2016 წლებისთვის (ერთიანი პერიოდი), ასევე 2017 წელს (ცალკე წლისთვის) გამოქვეყნდა როგორც დაახლოების (Approximation), ასევე ურთიერთკავშირის (Linkages) ინდექსები. თუმცა 2018-2019 წლებისთვის მხოლოდ ევროპასთან ურთიერთკავშირის, ხოლო 2020-2021 წლებისთვის მხოლოდ ევროპასთან დაახლოების ინდექსები გამოქვეყნდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ქვეყნების დინამიკის შედარება შეუძლებელია. მაღალი ალბათობით, პოლიტიკოსმა, ორი სხვადასხვა ინდექსის ქულები ერთმანეთს არასწორად, ან ტექნიკური ხარვეზით შეადარა, რის შედეგადაც მცდარ დასკვნამდე მივიდა.
ცხრილი 1: აღმოსავლეთ პარტნიორობის დაახლოების და ურთიერთკავშირის ინდექსები 2015-2021 წლებისთვის
წყარო: https://eap-csf.eu/
2015 წლიდან, დაახლოების ინდექსში, რომელიც 2018-2019 წლებისთვის არ გამოქვეყნებულა, საქართველოს პირველი ადგილი არცერთ შემთხვევაში არ ეკავა და მოწინავე პოზიციებს უკრაინა და მოლდოვა და ინაწილებდნენ. ამ თვალსაზრისით, როგორც აღვნიშნეთ, შედარება სამი წლის წინანდელ ვითარებასთან შეუძლებელია. 2020-2021 წლებში, უშუალოდ საქართველოს ქულა 2017 წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია, მაგრამ 2015-2016 წლებთან შედარებით, შემცირებულია.
მეორე მხრივ, ურთიერთკავშირის ინდექსის მიხედვით, საქართველო 2017-2019 წლებში მოწინავე პოზიციას იკავებდა. 2018-2019 წლებისთვის, 2017 წელთან შედარებით, საქართველოს ქულა 0.01-ით შემცირდა, თუმცა 2015-2016 წლებთან შედარებით, 0.04 ქულით გაიზარდა. თუმცა იმის გამო რომ 2020-2021 წლების ინდექსი არ გამოქვეყნებულა, მიმდინარე ვითარების შეფასება შეუძლებელია.
2020-2021 წლებისთვის, განცხადების იმ ნაწილის გადამოწმება, რომ ინდექსის ყოველ მესამე კომპონენტში საქართველოს სომხეთი უსწრებს, 2020-2021 წლის ევროპასთან დაახლოების ინდექსის მიხედვით არის შესაძლებელი. ამ ინდექსის ზემოთ დასახელებული 3 კომპონენტი 18 ქვეკომპონენტისგან შედგება, რომლიდანაც სომხეთი საქართველოს 8 კომპონენტში უსწრებს. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, უფრო მეტიც, სომხეთი საქართველოს თითქმის ყველა მეორე კომპონენტში უსწრებს. თუმცა, ინდექსის მეორე, ურთიერთთავსებადობის ინდექსის შემთხვევაში, შედარება შეუძლებელია.