ირაკლი ღარიბაშვილი: 2017 წელს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: 2017 წელს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაკეთება მოითხოვეს. აღნიშნულ ინიციატივას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა შემდეგ მათ იდეის ინიციატორებს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს - აესახათ ჩანაწერი არა პრეამბულაში, არამედ კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. ვინაიდან აღნიშნული შეთავაზება ინიციატორებისთვის მისაღები აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩანაწერი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში აისახა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაკეთებას მხარს არ უჭერდა. კონსტიტუციაში ქვეყნის პროდასავლური კურსის ჩაწერის მოთხოვნა პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში დააყენა, თუმცა - უშედეგოდ. მოგვიანებით, 2016 წელს იგივე ინიციატივა გაუჩნდა პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა მისი მოთხოვნა წინასაარჩევნო სვლად და პოლიტიკურ მანიპულაციად შეაფასეს.
ანალიზი
23 ივნისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო საქართველოსთვის - ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.
მანამდე, 17 ივნისს, საქართველო აღმოჩნდა „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიმართაც, ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა - მინიჭებოდა უკრაინასა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა.
კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა, „დეოლიგარქიზაცია“ და სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენას ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ნაწილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მიაწერს. ისინი მმართველ გუნდს ევროპული კურსიდან გადახვევაში სდებენ ბრალს, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში განაცხადა, რომ 2017 წელს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე.
„2017 წელს, ჩვენი მთავრობის, პარლამენტის და პარტიის ინიციატივით, მაშინ ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, კონსტიტუციაში ჩაიწერა, განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა“,- განაცხადა მან.
კონსტიტუციაში ქვეყნის პროდასავლური კურსის ჩაწერის მოთხოვნა პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში დააყენა. პარტიამ აღნიშნული ინიციატივის შესახებ იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სომხეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის „არმენიზაციას“ ისახავდა მიზნად, კერძოდ, დასავლეთისგანაც და რუსეთისგანაც თანაბარი დისტანციის დაკავებას. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ საქართველო არცერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში არ შევიდოდა.
სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხეთში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები: ერთი, როდესაც მან თქვა, რომ სომხეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად კარგი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ნატოსთან; და მეორე - აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.
აღსანიშნავია, იმავე პერიოდში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საპარლამენტო ფრაქციებს შორის 14-პუნქტიანი შეთანხმების პროექტი მოამზადა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს ეხებოდა. თუმცა, შეთანხმების ტექსტმა, კითხვები გააჩინა და გარკვეული პროტესტიც გამოიწვია. განხილვის საგანი გახდა ტექსტის ის პუნქტები, რომლებიც, ითვალისწინებდა საქართველოს მხრიდან მსოფლიო თუ რეგიონული მასშტაბების დაპირისპირებებში სტრატეგიული როლისგან თავის შეკავებაზე; დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში საქართველოს ფაქტორის გაქრობაზე და ა.შ.
მოგვიანებით, ინტერფრაქციულ შეთავაზებას დაემატა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი თანამშრომლობის 4-პუნქტიანი გეგმა. მის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა ინიციატივა კონსტიტუციის პრეამბულაში „ქართველი ერის ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის შესაძლებლობის თაობაზე”. თუმცა, საბოლოოდ, ქვეყნის მთავარ კანონში წამოყენებული ინიციატივები საერთოდ არ ასახულა. სანაცვლოდ, 2013 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით, ერთხმად მიიღო ცხრამეტპუნქტიანი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ მიმართულებებს განსაზღვრავდა.
დაახლოებით 3 წელში, აღნიშნული საკითხი კვლავ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ნინო ბურჯანაძემ კონსტიტუციაში საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ჩანაწერის გაკეთება მოითხოვა. ბურჯანაძის მოთხოვნის საპასუხოდ, პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორც ბურჯანაძის, ისე უსუფაშვილის ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ და მოთხოვნები „წინასაარჩევნო სვლებად“ და პოლიტიკურ მანიპულაციებად შეაფასეს.
მალევე, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო კომისიის [1] მუშაობის პარალელურად, კვლავ გააქტიურდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „კოალიციამ ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“, კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაკეთება მოითხოვა.
„საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ის არ არის აღნიშნული საქართველოს სახელმწიფოს სახელმძღვანელო დოკუმენტსა და ძირითად კანონში - კონსტიტუციაში. ვფიქრობთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუდმივად დგას საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, აღნიშნული განაცხადის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა კიდევ ერთი გარანტია იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთადერთი სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით“, - ვკითხულობთ კოალიციის მიერ 2017 წლის 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულმა ინიციატივამ საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შორის დისკუსია არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. მმართველმა გუნდმა ინიციატივას თავიდან მხარი არ დაუჭირა, რაც საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დააფიქსირა. საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებდა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციების წევრობის საკითხი კონსტიტუციაში და, მით უმეტეს, პრეამბულაში დასაფიქსირებელი არ იყო. ასევე, კომისიის ზოგიერთი წევრი „ქართული ოცნებიდან“ ჩანაწერის უშუალოდ პრეამბულაში ასახვას ეწინააღმდეგებოდა, მაგალითად, ასეთი იყო კობა ნარჩემაშვილი: „შესაძლებელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ამბავი დაფიქსირდეს გარდამავალ დებულებებში, ხოლო თვით შიგნით, კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში ამ ჩანაწერის არსებობას მე პირადად მხარს არ ვუჭერ", - აცხადებდა დეპუტატი.
მოგვიანებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა იდეის ინიციატორებს ჩანაწერის გარდამავალ დებულებებში ასახვა შესთავაზეს, რაც მათთვის და კომისიისთვის მისაღები აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩანაწერი გარდამავალ დებულებებში, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში აისახა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის 26 სექტემბერს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მმართველო გუნდის წევრები გასულ დღეებში აქტიურად სდებდნენ ბრალს (ბმული 1; ბმული 2) „ნაციონალური მოძრაობას“ იმაში, რომ მათ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს. სინამდვილეში, ოპოზიციურმა პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას სხდომა კენჭისყრამდე, პროტესტის ნიშნად დატოვეს. პროტესტი უკავშირდებოდა არა იმას, რომ პარტიები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდნენ, არამედ იმას, რომ ისინი ცვლილებებით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ და პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით არჩევას 2020 წლიდან მოითხოვდნენ.
შესაბამისად, განცხადებები, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერს ეწინააღმდეგებოდა და მხარი არ დაუჭირა, კონტექსტის დამახინჯება და ერთგვარი მანიპულაციაა. ამით მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცდილობენ ხაზი გაუსვან, თითქოს ევროინტეგრაციის პროცესში წინა ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ მიუძღვის, მეტიც, ისინი ხელს უშლიდნენ/უშლიან პროცესს და ამ მიმართულებით ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი, რამდენადაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში 2017 წელს „ქართული ოცნების“ ინიციატივით არ გაჩენილა. იმ პერიოდისთვის აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოაყენეს, თუმცა მათი მოთხოვნა იყო, ჩანაწერი კონსტიტუციის პრეამბულაში ასახულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ, მათ წარმოადგინეს კომპრომისული ვარიანტი - ასახულიყო ჩანაწერი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, როგორც ხელისუფლების ერთგვარი ამოცანა, რომლის მიღწევის შემდეგაც, მუხლის არსებობის საჭიროება აღარ იქნებოდა. ვინაიდან აღნიშნული შეთავაზება ინიციატორებისთვის მისაღები აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩანაწერი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში აისახა.