გიგი უგულავა: ამ ხელფასით მინიმუმ სამჯერ ნაკლებს ყიდულობს ადამიანი, ვიდრე ერთი და ორი წლის წინ ყიდულობდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგი უგულავას განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე:
2021 წლის მეოთხე კვარტლის ნომინალური საშუალო თვიური ხელფასი, წინა პერიოდთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო და 1464 ლარი შეადგინა. თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ხელფასის ცვლილებაა ფასების დონის ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით (რეალური ხელფასი) .
2021 წლის IV კვარტალში, რეალური ხელფასი - 2019 წლის მეოთხე კვარტლის საშუალოთვიურ ხელფასს 5.1%-ით ჩამოუვარდებოდა, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტლის საშუალოთვიურ ხელფასს 1.5%-ით. შესაბამისად, ამ კვარტლებთან ხელფასის რეალური მსყიდველუნარიანობის შემცირება ნამდვილად შეინიშნება. თუმცა პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი მტკიცება რომ - მინიმუმ სამჯერ მაინც ნაკლებს იყიდის ადამიანი, ვიდრე ერთი და ორი წლის წინ ყიდულობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, თუ დავუშვებთ, რომ ნომინალური ხელფასი 2019 წლის პირველი კვარტლის შემდეგ არ გაზრდილა, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასი 1.2-ჯერ შემცირდებოდა და არა სამჯერ (ნომინალური ხელფასის ერთ დონეზე შენარჩუნების პირობებში, რეალური ხელფასის 3-ჯერ კლებისთვის ინფლაცია 200% უნდა ყოფილიყო).
მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი მოსახლეობისთვის მართლაც კრიტიკული პრობლემაა. მაღალმა ინფლაციამ, კონკრეტულ კვარტლებთან შედარებით, რეალური ხელფასის შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, პოლიტიკოსის პათოსი არსებულ მძიმე ვითარებას გარკვეულწილად ეხმიანება, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მისი მტკიცება რეალურ ვითარებასთან შედარებით არარეალისტურად დრამატულია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგი უგულავას განცხადება არის მცდარი.
ანალიზი:
ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიგი უგულავამ, ხელფასებთან დაკავშირებით განაცხადა: „მინიმუმ სამჯერ ნაკლებს იყიდის ადამიანი, ვიდრე ყიდულობდა ერთი და ორი წლის წინ“.
ინფორმაციას ხელფასების შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ცხრილ 1-ში, 2019-2021 წლებში ნომინალური და რეალური ხელფასების სტატისტიკა კვარტლების მიხედვითაა წარმოდგენილი. 2021 წლის მეოთხე კვარტალში, ნომინალური საშუალო თვიური ხელფასის მოცულობამ 1464 ლარი შეადგინა, რაც ყველა წინა პერიოდთან შედარებით მაქსიმალურ ნიშნულს წარმოადგენდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ხელფასის ცვლილებაა ფასების დონის ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით (რეალური ხელფასი), რადგან შესაძლოა ნომინალური, ანუ ხელზე ასაღები თანხა იზრდებოდეს, მაგრამ ინფლაციის გამო, საქონელი და მომსახურება, რომლის შეძენაც ამ თანხით არის შესაძლებელი, მცირდებოდეს. უფრო ზუსტად, რეალური ხელფასი მსყიდველუნარიანობის მიხედვით, ადამიანებს უმცირდებოდეთ.
2021 წლის IV კვარტალში, რეალურმა ხელფასმა (2019 წლის პირველი კვარტლის ფასებში) 1198 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტლის საშუალოთვიურ ხელფასს 5.1%-ით ჩამოუვარდებოდა, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტლის საშუალოთვიურ ხელფასს - 1.5%-ით. ამ პერიოდთან შედარებით, ხელფასის რეალური მსყიდველუნარიანობის შემცირება ნამდვილად შეინიშნება. თუმცა პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი მტკიცება, რომ მინიმუმ სამჯერ მაინც ნაკლებს იყიდის ადამიანი, ვიდრე ყიდულობდა ერთი და ორი წლის წინ, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, სხვა კვარტლებთან შედარებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში რეალური საშუალოთვიური ხელფასი მცირედით გაზრდილია.
ცხრილი 1: რეალური [1] და ნომინალური საშუალო თვიური ხელფასი 2019-2021 წლებში (2019 წლის I კვ=100), კვარტლების მიხედვით, ლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აქვე აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასი ცალკე აღებულად, არ არის იდეალური მაჩვენებელი დასაქმებულთა მიერ მიღებულ ანაზღაურებაზე წარმოდგენის შესაქმნელად, ვინაიდან მონაცემები საშუალო მაჩვენებლისგან არსებითად არის გადახრილი, როგორც მეტობის, ასევე ნაკლებობის მიმართულებით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ხელფასის მიმღებთა დიდი ნაწილი იღებს საშუალოზე გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას. ბუნებრივია, შესაძლოა ზოგიერთ დასაქმებულის შემთხვევაში, ნომინალური ხელფასი შემცირდა კიდეც, მაგრამ მაკროეკონომიკური ანალიზისთვის, საშუალო ხელფასის განხილვა მაინც რელევანტურია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ რომ საქსტატის მონაცემებით, ნომინალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი ყველა დარგში ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუ დავუშვებთ რომ ნომინალური ხელფასი 2019 წლის პირველი კვარტლის შემდეგ არ გაზრდილა, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასი 1.2-ჯერ შემცირდებოდა და არა სამჯერ (ნომინალური ხელფასის ერთ დონეზე შენარჩუნების პირობებში, რეალური ხელფასის 3-ჯერ კლებისთვის ინფლაცია 200% უნდა ყოფილიყო) და ამ შემთხვევაშიც კი, პოლიტიკოსის მტკიცება მკვეთრად გადაჭარბებული იქნებოდა.
მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში ორნიშნა ინფლაცია მოსახლეობისთვის მართლაც არსებითი პრობლემაა, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ ჯგუფებში, რომლებიც მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და პირველადი მოთხოვნილებების საქონელსა და მომსახურებას შეიცავს, ფასების ზრდა საშუალო ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებლებს კიდევ უფრო აღემატებოდა. მაღალმა ინფლაციამ, კონკრეტულ კვარტლებთან შედარებით, რეალური ხელფასის შემცირება გამოიწვია, შესაბამისად, პოლიტიკოსის პათოსი არსებულ მძიმე ვითარებას გარკვეულწილად ეხმიანება, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მისი მტკიცება რეალურ ვითარებასთან შედარებით არარეალისტურად დრამატულია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგი უგულავას განცხადება არის მცდარი.
[1] მონაცემების გარეალურებისთვის გამოყენებულია შესაბამისი კვარტლების 3 თვის საშუალო ინფლაცია