იტვირთება

2022 წლის 7 ივნისს პრორუსული გამოცემა „ისარის“ რედაქტორმა, ჰამლეტ ჭიპაშვილმა, მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის შემცველი სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - „ვეჭვობ, ამ „გულისამაჩუყებელ“ აქტს ევროკავშირელობა მოჰყვეს“.

სტატია არაერთ დეზინფორმაციას შეიცავს, რომლებიც საზოგადოებას, ერთი მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ, მეორე მხრივ, უკრაინის შესახებ, ყალბ ინფორმაციას აწვდის.

დეზინფორმაცია #1: ქართველი ხალხისთვის არავის უკითხავს, უნდათ, თუ - არა ევროკავშირში შესვლა

ჰამლეტ ჭიპაშვილის თანახმად, ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ საზოგადოების ე.წ. ელიტარულ ნაწილს სურს, რომელიც გაერთიანებაში წევრობიდან პირად კეთილდღეობას ელის და თავის სურვილს ხალხს აბრალებს. მისი თქმით, ხალხისთვის ამ არჩევანზე არავის უკითხავს - „ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, არც პლებისციტი, მაშ საიდან მოიტანა საზოგადოების პირველმა ნაწილმა - ხალხს უნდაო?“

მართალია, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და პლებისციტი არ ჩატარებულა, თუმცა ქართული საზოგადოება ბოლო ათწლეულია ღიად და მკაფიოდ გამოხატავს თავის სურვილს, ევროკავშირის წევრი გახდეს.

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა. 2022 წლის 21 აპრილს მიუკერძოებელმა არასამთავრობო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს მოიცავს. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით, შეირჩნენ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში +/-1.8%, მარტის კვლევაში კი +/- 1.6%-ია. კვლევა საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, არის განზოგადებული.

აღნიშნული კვლევის თანახმად, ქართველი მოსახლეობის 80-82% ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს, 8% აცხადებს, რომ პასუხი არ იცის, 11-9%-ისთვის კი ევროკავშირში ინტეგრაცია მიუღებელია.

კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI), 2022 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2022 წლის 4-24 მარტს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ასახავს. კვლევა IRI-ის სახელით, ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუისკინეს მიერ ჩატარდა. საველე სამუშაოებს IPM ატარებდა. მონაცემები პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. კვლევის ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% ევროკავშირში ინტეგრაციას სრულად უჭერს მხარს, 14% - ნაწილობრივ. ევროკავშირში შესვლას მკაფიოდ გამოკითხულთა მხოლოდ 6% ეწინააღმდეგება. ფოტოზე მოცემულია 2011 წლიდან დღემდე ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ქართველი მოსახლეობის დამოკიდებულება:

გარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა, რომელიც მთლიან მოსახლეობაზე განზოგადებადია, აღსანიშნავია, იმ პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა დაიმსახურა.

2012 წელს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში საერთო ჯამში ხმების 95.3% მიიღეს. ამომრჩევლის აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 61%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ორივე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დაპირებას შეიცავდა.

ქართული ოცნება“ თავისი პროგრამის მესამე პუნქტში ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეგიონული პოზიციების გამყარების მიზნით ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრობდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში კი ეწერა, რომ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოება. ამდენად, არჩევნებში დეკლარირებულად პროდასავლური პარტიების მხარდაჭერაც ცხადყოფს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციას არათუ ეწინააღმდეგება, არამედ - მხარს უჭერს.

დეზინფორმაცია #2: ბალტიისპირა ქვეყნებსა და უკრაინაში რუსებს ავიწროებენ - საყოფაცხოვრებო დონეზე მშობლიურ [რუსულ] ენაზე ლაპარაკს უკრძალავენ

ჭიპაშვილი სტატიაში წერს, რომ ბრიუსელი ურეაქციოდ ტოვებს ბალტიისპირა ქვეყნებსა და უკრაინაში რუსთა შევიწროებას, საყოფაცხოვრებო დონეზე მშობლიურ ენაზე ლაპარაკის აკრძალვას. ავტორის თანახმად, მათთვის ასევე შეზღუდულია რუსული ტელეარხების ყურების შესაძლებლობა, რის გამოც ევროპა სიტყვის თავისუფლების სავანედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

აღნიშნული მტკიცება რუსული პროპაგანდის ნაწილია და სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთი წლებია ავრცელებს ყალბ მტკიცებებს იმის შესახებ, რომ მეზობელ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობისადმი დისკრიმინაცია ხორციელდება და აშკარად გამოხატული რუსოფობია შეიმჩნევა. ამგვარი დეზინფორმაციით რუსეთი თავისი აგრესიული ქმედებებისთვის საფუძველს ამზადებს, რათა სამომავლოდ მისი ლეგიტიმაცია მოახდინოს.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) პროექტის, EUvsDisinfo-ს მიხედვით, 2015 წლიდან 2020 წლამდე რუსეთმა და მასთან დაკავშირებულმა წყაროებმა, ე.წ. რუსოფობიასთან დაკავშირებული 900-მდე დეზინფორმაციული მტკიცება გაავრცელეს.

საბჭოთა კავშირის დროს რუსეთიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ლატვიასა და ესტონეთში, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გადავიდა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ ამ ქვეყნებში დარჩნენ. თუმცა მათ ავტომატურად ლატვიისა და ესტონეთის, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, ადამიანებს, რომლებიც ლატვიის ან ესტონეთის მოქალაქეები არ არიან მოქალაქეობის მიღება მარტივი ნატურალიზაციის პროცედურის მეშვეობით შეუძლიათ. მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის ენის ცოდნაა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ რუსულენოვან მოსახლეობას რუსულ ენაზე, მით უმეტეს - საყოფაცხოვრებო დონეზე, საუბარი ეკრძალებათ. რუსეთს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვან მოსახლეობას მშობლიურ ენაზე საუბარი ეკრძალებათ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხები დაბლოკეს. ჭიპაშვილი აღნიშნულს მშობლიურ ენაზე ტელეარხების ყურების შესაძლებლობის მოსპობად აფასებს. სინამდვილეში, არხების აკრძალვის მიზეზი არა რუსულ ენაზე მაუწყებლობა, არამედ კრემლისტური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ორკესტრირებული გავრცელება იყო.

ჭიპაშვილის მტკიცების სიყალბეზე კარგად მოწმობს ის ფაქტიც, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში არაპროპაგანდისტული რუსულენოვანი არხები და ონლაინ მედიები დღესაც მაუწყებლობს. მაგალითისთვის, ესტონეთში ფუნქციონირებს ტელეარხი ETV+, რომელიც ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ექვემდებარება და ქვეყანაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობისთვის მუშაობს. ესტონეთში ასევე მაუწყებლობს რუსულენოვანი რადიო - Raadio 4 და ინტერნეტარხი - ARU.TV. რაც შეეხება ლიეტუვასა და ლატვიას, ლიეტუის ეროვნული რადიო და ტელევიზია - LRT და ინტერნეტ გამოცემა - DELFI რუსულადაც მაუწყებლობს, ხოლო ლატვიამ რუსულ დამოუკიდებელ ტელევიზიას - Телеканал Дождь, რომელსაც რუსეთში მაუწყებლობა აუკრძალეს, ლატვიაში ოპერირების თანხმობა მისცა. ლატვიაში ასევე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი - LSM, რომელიც რუსულენოვან მოსახლეობას რუსულ მაუწყებლობას სთავაზობს.

ანალოგიურად მცდარია მტკიცება, რომ უკრაინაში რუსების ენობრივი უფლებები ილახება. 2019 წლის 25 აპრილს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი „უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“, თუმცა ეს კანონი სხვა ენების, მათ შორის, რუსულის, დისკრიმინაციას არ გულისხმობს. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ სხვა ენები შეიძლება გამოყენებულ იქნას კომუნიკაციაში, რელიგიურ ცერემონიებში, პრესაში, წიგნის გამოცემაში და ა.შ. კანონი ასევე უშვებს სხვა ენების გამოყენებას ჯანდაცვის სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებში, ინდივიდის საჭიროებებიდან და ურთიერთთანხმობიდან გამომდინარე.

საინტერესოა, რომ 2021 წლის 22 ივლისს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა ნომრით - 36958/21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ყოველ წევრ სახელმწიფოს ანიჭებს უფლებამოსილებას სასამართლოში აღძრას საკითხი სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ კონვენციისა და მისი ოქმების დარღვევის შესახებ. რუსეთმა უკრაინას 2021 წელს სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში უჩივლა.

რუსეთი საჩივარში ჩამოთვლის არაერთ სავარაუდო სამართალდარღვევას, მათ შორის, უკრაინის მხრიდან რუსული ენის გამოყენების შეზღუდვას. რუსეთმა ევროპულ სასამართლოს სასწრაფო დროებითი ზომების ამოქმედებისთვის მიმართვა, რომელთაგანაც ერთ-ერთი შემდეგნაირად ჟღერდა:

• შეწყდეს რუსულენოვანი პირების უფლებების შეზღუდვა მათი მშობლიური ენის სკოლებში, მედიასა და ინტერნეტში გამოყენებასთან მიმართებით.

აღნიშნული სასწრაფო დროებითი ზომების ამოქმედება რუსეთმა „სასამართლოს წესების“ 39-ე წესის თანახმად მოითხოვა. ამ წესით, როცა სასამართლო საჩივარს მიიღებს, მან შესაძლოა, სახელმწიფოს მოსთხოვოს ცალკეული დროებითი ღონისძიებების გატარება მანამ, სანამ სასამართლო საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამგვარი უფლებით სასამართლო სარგებლობს მაშინ, როდესაც საქმის განხილვის დასრულებამდე ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის რისკი არსებობს. თუმცა სასამართლომ რუსეთის აღნიშნული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რადგან ჩათვალა, რომ დონბასში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითად უფლებებს გამოუსწორებელ ზიანსა და სერიოზულ საფრთხეს არ აყენებდა.

აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის შემდეგ სიახლე არ გამოუქვეყნებია. უცნობია, როდის გაგრძელდება სამართალწარმოება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს აღნიშნულზე მითითება არცერთი განცხადებით არ გაუკეთებია.

ამასთან, 2022 წლის 16 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. სასამართლოს დადგენილებით „მოცემულ გარემოებებში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს სამართლიანი უფლება არ იყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა გენოციდის პრევენციის ან დასჯის მიზნით“. ჰააგის სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო“ და „ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“.

----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი