შალვა კერესელიძე: თანხები, რაც „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გაიცემა საკმარისი არ არის, არ გაძლევს იმის გაკეთების საშუალებას, რისი სურვილიც სოფელს აქვს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მთავრობის გადაწყვეტილებით 2009 წელს ამოქმედდა და 2016 წლამდე არსებობდა. 2017-2018 წლებში პროგრამა დროებით შეჩერებული იყო. მოგვიანებით, 2019 წელს ის განახლებული პირობებით აღდგა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ პროგრამის ფარგლებში ყველა პროექტი გამარტივებული შესყიდვით განხორციელდებოდა.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ბიუჯეტი თითოეული სოფლისთვის 10,000 ლარიდან 20,000 ლარის ფარგლებშია, რაც მოსახლეობის რაოდენობაზე არის დამოკიდებული. პროგრამით ასევე წინასწარ არის განსაზღვრული იმ პროექტების სახეობები, რომლის განხორციელებაც სოფლებს დასახელებული პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.
როგორც ვხედავთ, თითოეული სოფლისთვის გათვალისწინებული თანხა ბევრი არ არის, თუ ამ გარემოებას ქვეყანაში არსებული ინფლაციასაც დავამატებთ, დიდი ალბათობით, პროგრამით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, გაძნელდება. გარდა ბიუჯეტის სიმცირისა, პროექტის ხარვეზად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ სოფელი თავის არჩევანში შეზღუდულია. ამის გამო, სრულიად შესაძლებელია, რომ სოფელმა პროგრამის ფარგლებში მისთვის რეალური პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხოს, აღნიშნული კი პროექტის ეფექტიანობას ამცირებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
აქვე აღსანიშნავია რომ, არსებული ხარვეზების აღმოფხვრა პროგრამის ბიუჯეტის ზრდის ან მისი განკარგვის პირობების ცვლილებით ისევ დარჩება ხელოვნურ გადაწყვეტილებად და მხოლოდ შექმნის ილუზიას რომ თემს აქვს დამოუკიდებლად საკუთარი პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაფინანსების შესაძლებლობა. საკითხის ოპტიმალური და ბუნებრივი გადაწყვეტა დეცენტრალიზაციის გაზრდაში მდგომარეობს, როდესაც პრიორიტეტების განსაზღვრისა და მისთვის საჭირო ფინანსების გადანაწილების უფლება გადაინაცვლებს ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელში.
ანალიზი
პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა: „თანხები, რომლებიც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გაიცემა, საკმარისი არ არის, პროგრამას აქვს გარკვეული შეზღუდვები, რაც არ გაძლევს იმის გაკეთების საშუალებას, რისი სურვილიც სოფელს აქვს... პროგრამა არის შესანიშნავი, მაგრამ თანხა იმდენად მცირეა, მისი ეფექტიანობა იკარგება. შედეგად ვიღებთ აუთვისებელ თანხებს და იმას, რომ რაც სოფელს უნდა, ვერ კეთდება“.
საქართველოს მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2009 წელს დაამტკიცა. 2009-2011 წლებში მისი ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იყო, 2012-2016 წლებში თანხა 50 მილიონამდე გაიზარდა. შემდგომი ორი წლის განმავლობაში პროგრამა შეწყვეტილი იყო, 2019 წელს პროგრამა შეცვლილი პირობებით კვლავ განახლდა. თუ 2017 წლამდე თითოეულ პროექტზე ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და გამარტივებული შესყიდვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გამოიყენებოდა, 2019 წლიდან ყველა პროექტი გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მართული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ქვეპროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით, თითოეული სოფელი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იღებს დაფინანსებას - 10 000-დან 20 000 ლარის ოდენობით.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის და დაფინანსების კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2018 წლის ბოლოს განისაზღვრა.
დადგენილების მიხედვით, თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შემდეგი პრინციპით დგინდება:
• დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა 200 მაცხოვრებელს არ აღემატება, 10,000 ლარი გამოეყოფა;
• დასახლებას, სადაც მაცხოვრებელთა რაოდენობა 201-დან 400 მაცხოვრებლამდე შეადგენს, 12,000 ლარი გამოეყოფა;
• დასახლებას, სადაც მაცხოვრებელთა რაოდენობა 401-დან 1,000 მაცხოვრებლამდეა, 16,000 ლარი გამოეყოფა;
• დასახლებას, სადაც მაცხოვრებელთა რაოდენობა 1,000 აღემატება, 20,000 ლარი გამოეყოფა.
ამ პრინციპის შესაბამისად ხორციელდება მუნიციპალიტეტისთვის მთლიანად გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებაც.
პროგრამის ფარგლებში შემდეგი პროექტები ფინანსდება: სასმელი წყლის სისტემები, სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, ხიდები, გარე განათებები, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, კულტურის ობიექტები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები, სკვერები, წისქვილები, სასაფლაოების შემოღობვა.
რაც შეეხება პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევას, ამავე დადგენილების მიხედვით, თუ დასახლებაში 500 ამომრჩეველი ცხოვრობს, პროექტის შერჩევა საერთო კრებაზე ხდება, რომლის ჩატარებას მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს. თუ დასახლებაში 501-1000 ამომრჩეველი არის რეგისტრირებული, პროექტი ამომრჩეველთა კონსულტაციის გზით შეირჩევა, რაშიც მონაწილეობა არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს. 100-ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში, პროექტები ასევე ამომრჩეველთა კონსულტაციის საფუძველზე შეირჩევა, ოღონდ ამ ჯერზე, 200 ამომრჩევლის მონაწილეობით.
თუ მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას მიმდინარე წლის 1 მაისამდე სრულად ვერ აითვისებს, ასეთ შემთხვევაში დარჩენილი აუთვისებელი თანხის ნახევარი სხვა მუნიციპალიტეტზე ნაწილდება, ხოლო მეორე ნახევრის იმავე მუნიციპალიტეტისთვის დატოვების გადაწყვეტილებას კომისია იღებს (განაწილების წესი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილებით განისაზღვრება).
როგორც გაირკვა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში თითოეული სოფლისთვის მინიმუმ 10 000 და მაქსიმუმ 20 000 ლარი გამოიყოფა, რაც მაცხოვრებელთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. პროგრამითვეა განსაზღვრული სოფლებს რა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეუძლია. თუ პროექტების ჩამონათვალს გადავხედავთ, აშკარაა, რომ მაქსიმუმ 20 000 ლარი ამ ტიპის სამუშაოების შესასრულებლად, თანაც ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე, რთულია. მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტის განხორციელება თანადაფინანსებითაც შეუძლია (პროექტის ღირებულების მაქსიმუმ 100%-ის დამატება), თუმცა მწირი ბიუჯეტის პირობებში, თანადაფინანსებისთვის საკმარისი თანხა შეიძლება სულ რამდენიმე სოფლის შემთხვევაში გამოიყოს. აღნიშნულმა კი შეიძლება განაპირობოს ის, რომ სოფლისთვის რეალურად საჭირო პროექტის განხორციელება, რომლისთვისაც გამოყოფილი ბიუჯეტი საკმარისი იქნება, სოფელმა ვერ შეძლოს. სამაგიეროდ, პროგრამით განსაზღვრულ პროექტისთვის კი, თანხა საკმარისი არ აღმოჩნდეს. დასახელებული გარემოება პროექტის ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს და აქედან გამომდინარე, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ სოფელმა მისთვის გამოყოფილი თანხა ვერ აითვისოს ან ნაკლებად ეფექტურად აითვისოს (სრულად დაკარგვის ნაცვლად აითვისოს ნაკლებად პრიორიტეტული საკითხის მოსაგვარებლად).
ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, დეპუტატ შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
აქვე ყურადღებას გავამახვილეთ ერთ გარემოებაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროგრამა 2 წელი შეჩერებული იყო და 2019 წელს შეცვლილი პირობებით განახლდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ პროგრამის ფარგლებში ყველა პროექტი გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კონკურენციას და გამჭვირვალობას ამცირებს და კორუფციის რისკებს ზრდის.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ისედაც მცირე ბიუჯეტის პირობებში - კონკურენციის არარსებობა, თანხების ეკონომიის შესაძლებლობას არ იძლევა.