მიმდინარე გამოცემის თემები:

1. როგორ დაიწყო ომი - "რუსული ვერსია"

2. აზოვის ბატალიონი საქართველოში მოქმედი რუსეთის მარიონეტების ყურადღების ცენტრში

3. კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

4. პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

5. პროპაგანდისტული გზავნილები ეკონომიკური სანქციების შესახებ

6. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები

7. უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

8. პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

9. საქართველოს ნეიტრალიტეტი - გზა გადარჩენისკენ თუ კრემლის ტროას ცხენი

10. ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი! - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე (1-8 მაისი)

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში,1-8 მაისი

როგორ დაიწყო ომი - „რუსული ვერსია“

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, მოსკოვისთვის დეზინფორმაციული და ინფორმაციული ოპერაციები არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის გამართლების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად იქცა. რუსეთის დადებითი იმიჯის შესანარჩუნებლად შექმნილი ყალბი სტრატეგიული ნარატივების სამიზნეს არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ, საერთაშორისო აუდიტორია, მათ შორის, რუსეთის „ახლო საზღვარგარეთი“ წარმოადგენს. კრემლის მთავარი დეზინფორმაციული ხაზი არაპროვოცირებულ აგრესიას - ნაციზმის წინააღმდეგ ომად, ხოლო უკრაინის მთავრობას კი ნაცისტებად და ფაშისტებად წარმოაჩენს, რომლებიც დონბასის რეგიონში გენოციდს 8 წლის განმავლობაში აწყობდნენ.

კრემლის გზავნილები, ომის დაწყების მიზეზების შესახებ, საქართველოშიც გაძლიერდა. რუსეთის მიერ დაფინანსებულმა და მარიონეტულმა გამოცემებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ უკრაინის მთავრობა და შეიარაღებული ძალები ფაშისტებისა და ნაცისტებისგან შედგება, რომლებმაც უკრაინაში, განსაკუთრებით დონბასში, მცხოვრები რუსულენოვანი უმცირესობებისადმი არაადამიანური მოპყრობით ომი გამოიწვიეს. ამ კუთხით, 1-8 მაისის პერიოდში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:

• თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ერეკლე კუხიანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინელმა ფაშისტებმა 2014 წელს ოდესაში, პროფესიული კავშირის შენობაში ხალხი ცოცხლად დაწვეს. ამ განცხადებით ავტორმა მხარი დაუჭირა „უკრაინის დენაციფიკაციის“ კონცეფციას.

• 5 ივლისს თბილისში ძალადობის მოწყობისა და საქართველოს რუსეთთან ალიანსის შექმნის იდეის მხარდაჭერით ცნობილი "ალტ-ინფო" ამტკიცებდა, რომ ომის მოახლოების შესახებ ინფორმაციის ქონის მიუხედავად, უკრაინის მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იმიტომ არ მოახდინა, რომ ისინი ცივსისხლიანი ფაშისტები არიან.

• რუსული მარიონეტული არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე უარყოფდა რუსეთის ბრალეულობას ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში და ამტკიცებდა, რომ ტრაგედია, სინამდვილეში, უკრაინულმა არმიამ მოაწყო. იგი სტატიაში ასევე აღნიშნავდა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედია მასობრივ მკვლელობებს რუსეთს იმისთვის მიაწერდა, რომ გადაეფარათ უკრაინელი ჯარისკაცების მიერ რუსი სამხედრო ტყვეების წამების ვიდეო და იმ მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა, რომლებიც ომამდეც უკრაინაში ნაციზმს უპირისპირდებოდნენ და მხარს რუსეთს უჭერდნენ.

• “ნიუს ფრონტის“ ქართულმა გამოცემამ და ადგილობრივმა პრორუსულმა მედიამ, „საქინფორმმა“ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ზელენსკის დააკისრეს და ის მინსკის შეთანხმების რვა წლის განმავლობაში შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

• რუსულმა პროპაგანდამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ოლექსი არესტოვიჩის, სიტყვები, რომ უკრაინა ახალი ისრაელი გახდება, მანიპულაციურად გამოიყენა. არესტოვიჩის „ახალი ისრაელის კონცეფცია“ ანტისემიტური შეთქმულების თეორიის გასაღვივებლად გამოიყენეს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ციტატა უკრაინის ტერიტორიაზე ებრაელი მასონების მიერ (პრეზიდენტ ზელენსკიზე მინიშნებით) ებრაული სახელმწიფოს შექმნის „საიდუმლო გეგმის“ მტკიცებულებაა. შეთქმულების თეორიის თანახმად, სწორედ ეს გახდა ომის დაწყების რეალური მიზეზი.

აზოვის ბატალიონი საქართველოში მოქმედი რუსეთის მარიონეტების ყურადღების ცენტრში

აზოვის ბატალიონი მარიუპოლში რუსეთის სახმელეთო თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო. კრემლისთვის აზოვის პოლკის დამარცხება არა მხოლოდ იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ აზოვის ზღვის პირას მდებარე სტრატეგიული საპორტო ქალაქის გაკონტროლების საშუალებას იძლევა, არამედ საკრალური დატვირთვაც აქვს. ამ მიზნის მისაღწევად და აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში ბატალიონის ბოლო საყრდენის გასანადგურებლად რუსეთმა სამხედრო ძალების უზარმაზარი მობილიზება მოახდინა. პირდაპირი სამხედრო თავდასხმის გარდა, აზოვის პოლკი მოსკოვის საინფორმაციო ფრონტის მთავარი სამიზნეცაა. რუსულმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ აზოვის ბატალიონი უკრაინის არმიის ყველაზე ნაცისტურ ელემენტად წარმოაჩინა და მისი ჯარისკაცები სამშვიდობოების წინააღმდეგ, ძირითადად, დონბასში ჩადენილ სისასტიკეში დაადანაშაულა. კრემლის ყველა რუპორი შეუჩერებლად მუშაობს პოლკის რეპუტაციის შესალახად. გასაკვირი არ არის, რომ კრემლისტური პროპაგანდისტული გზავნილები საქართველოშიც გავრცელდა. ამ მიმართულებით, 1-8 მაისს განმავლობაში საქართველოში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:

• Facebook მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც წარსულში ანტივაქცინური დეზინფორმაციით გახდა ცნობილი, აქტიურად ჩაერთო კრემლის ნარატივის გავრცელებაში, რომლის თანახმადაც, აზოვის ბატალიონი სამოქალაქო მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. პროპაგანდის თანახმად, აზოვის ჯარისკაცები მალავდნენ ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ ინფორმაციას და თუ მოქალაქეები გაქცევას და ალყისგან თავის დაღწევას ეცდებოდნენ, ზურგში ესროდნენ.

• „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“ ამტკიცებდა, რომ „აზოვსტალელმა ნაცისტებმა ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო პირების საკვებსა და მედიკამენტებზე გაცვლის შეთავაზება წამოაყენეს.“

• საქართველოში ცალკეული Facebook ანგარიშები განზრახ უგულებელჰყოფდნენ, რომ მარიუპოლიდან გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრების გამოსვენებას რუსული ალყა აფერხებდა და აზოვის პოლკის მებრძოლების არაადამიანებად წარმოჩენის მიზნით, ამტკიცებდნენ რომ აზოვის ბატალიონმა საკუთარი გარდაცვლილები ბრძოლის ველზე დატოვა.

• იმის საჩვენებლად, რომ აზოვის მებრძოლებს დასავლური საზოგადოებაც კი ნაცისტებად თვლის, ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ იტალიელები აპროტესტებდნენ ფაშისტურ და ნაცისტურ აზოვის ბატალიონს.

• კრემლის რუპორებმა რუსეთსა და საქართველოში, მაგალითად „საქართველო და მსოფლიომ“ და Split News-მა აზოვსტალში შექმნილი დაძაბული სიტუაციის ფონზე, პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი მაღალჩინოსნები, კერძოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი და რუსეთთან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი მიხაილო პოდოლიაკი და პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, რუსულ ალყაში მოყოლილი აზოვის პოლკის განზრახ განადგურების სურვილში დაადანაშაულეს.

კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

რუსეთმა ბრძოლის ველზე დიდი წარმატების მიღწევა ვერ შეძლო და საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ მისი არმია რეალურად „ქაღალდის ვეფხვია“. აღნიშნულის დასაფარად და საკუთარი უძლეველობის წარმოჩენა რუსეთმა დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა. კრემლის პროპაგანდა ცდილობს რუსეთი ძლევამოსილ სამხედრო ძალად წარმოაჩინოს, რომელიც საქართველოს საკუთარ მრისხანებას დაატეხს თავს, თუ ის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის. 24 თებერვლის შემდეგ, მოსახლეობაში რუსეთის საქართველოში შემოჭრის შიშის გაღვივების გზით, კრემლმა საკუთარი მუქარა გააძლიერა. ამის პარალელურად, პრორუსულმა ჯგუფებმა წინ წამოწიეს სამხედრო ნეიტრალიტეტისა და რუსეთის მიერ შექმნილ სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანების გზავნილები. შესაბამისად, საქართველოში პრორუსულ გამოცემებში ჭარბობს სათაურები უკრაინის არმიის მარცხისა და რუსეთის წარმატების შესახებ:

• ცნობილი პროპაგანდისტული მედიასაშუალება და მასთან დაკავშირებული წყაროები აღვივებენ ნარატივს, რომ უკრაინა მიწასთანაა გასწორებული და რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია. ამ მძიმე სურათს "ალტ-ინფო" რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის პოპულარიზაციისთვის იყენებს და აცხადებს, რომ ეს საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზაა, რადგან რუსეთის უკრაინაში გამარჯვების შემდეგ, ქვეყანა მაინც კრემლის გავლენის სფეროში მოექცევა.

• პრორუსული Facebook ანგარიშები აცხადებდნენ, რომ უკრაინულ არმიაში მორალი ეცემოდა და ზაკარპატიას ოლქში უკრაინელი ქალების მიერ მამაკაცების სავალდებულო გაწვევის პროტესტის ფაქტებს აზვიადებენ.

პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მილიონობით ადამიანი აიძულა საცხოვრებელი დაეტოვებინა. რუსეთი მათ სამიზნეში ამოღებას უკრაინის გარეთაც ცდილობს, თუმცა ამჯერად არა ბალისტიკური რაკეტებით, არამედ დეზინფორმაციით. რუსული პროპაგანდისტული მანქანა უკრაინელ ლტოლვილებს კრიმინალებად წარმოაჩენს, რომლებსაც მასპინძელი ქვეყნებისთვის ქაოსი მოაქვთ. აღნიშნული გზავნილი უკრაინელი ლტოლვილების ადგილობრივი მოსახლეობის თვალში დისკრედიტაციასა და შესაბამისად, სამიზნე აუდიტორიებში უკრაინის მხარდაჭერის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად.

სამხედრო აგრესიის საწყის ეტაპზე რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს უკრაინელი ლტოლვილების შესახებ ქართულ პროპაგანდისტულ სივრცეში იშვიათად ვხვდებოდით. თუმცა, ბოლო დროს გამოჩნდა ნარატივები, რომლებიც მიზნად უკრაინელი ლტოლვილებისა და, ზოგადად, უკრაინის მიმართ ქართულ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას ისახავს. მაგალითად, რუსეთის მიერ დაფინანსებულმა "ნიუს-ფრონტმა" და "Geo Times-მა" გაავრცელეს სიუჟეტი, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილები, სინამდვილეში, არა ლტოლვილები, არამედ დივერსანტები არიან. კერძოდ, რუსული ტელევიზიების ექსპერტმა შოთა აფხაიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, საქართველოში უწყვეტ ანტისამთავრობო აქციებში იმაზე მეტი უცხოელი („უკრაინელი ლტოლვილი“) მონაწილეობდა, ვიდრე ქართველი. აფხაიძემ აღნიშნა, რომ 12 ათასი „უკრაინელი ლტოლვილი“ ჯერ კიდევ სამი თვის წინ ჩამოვიდა, რომლებიც პრეზიდენტი ზელენსკის აქტივისტები არიან და მათი მიზანი საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა, საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაცია და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა.

პროპაგანდისტული გზავნილები ეკონომიკური სანქციების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს (მაგალითად, „VTB ბანკის“ მიმართ ამოქმედებულ ფინანსურ სანქციებს) ემორჩილება, საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, დაჟინებით იმეორებდა, რომ საქართველო რუსეთს [ორმხრივ] სანქციებს არ დაუწესებდა, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკას მძიმე შედეგებს მოუტანდა. საქართველოში რუსეთის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ამ რიტორიკას სიხარულით შეუერთდნენ, რადგან მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეებში ეკონომიკური სანქციებისა და შესაძლო შედეგებისადმი შიში გააღვივოს და, ამ გზით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა შეცვალოს - გახადოს ის უკრაინის მიმართ კიდევ უფრო ნაკლებად მხარდამჭერი.

• რუსეთის მიერ დაფინანსებული „ნიუს-ფრონტი“ ასევე აქტიურად პედალირებს, რომ „ანტირუსული სანქციები [ეკონომიკურ] ზიანს მიაყენებს საქართველოს“ და ამ კუთხით, საქართველოს მთავრობის რიტორიკას, სანქციების ფრონტზე არგააქტიურების შესახებ, მხარდაჭერას უცხადებს. მეტიც, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო უკრაინას აკრიტიკებს რუსული გაზის ტრანზიტისა და ამ გზით მიღებული ფინანსური შემოსავლის გამო (წელიწადში 28 მილიარდ აშშ დოლარს).

• რუსული პროპაგანდისტული წყაროები საქართველოში ასევე ავრცელებენ გზავნილს, რომ სანქციების მიუხედავად რუსეთის ენერგოპროდუქტებზე ფასის მკვეთრი ზრდის გამო ქვეყნის შემოსავალი გაიზარდა. ერთ-ერთი პრორუსი ჟურნალისტი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ გერმანიამ რუსეთს ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ქვანახშირის სანაცვლოდ ორი თვის განმავლობაში არარეალისტური ოდენობის თანხა, 63 მილიარდი ევრო, გადაუხადა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იმაზე მეტადაა მოწყვლადი რუსული პროპაგანდის მიმართ, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დიდი ხანია რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული ომის სამიზნეს წარმოადგენს. კრემლის ამ კამპანიას მხარს უჭერენ ან აძლიერებენ ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები, მაგალითად მედია. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ანტიდასავლური და ანტიქართული პროპაგანდა პროპუტინისტურ და პრორუსულ პროპაგანდას ერწყმის. კრემლის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული ომი აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს და რეგიონში რუსეთის პოლიტიკურ დომინირებას აძლიერებს. უკრაინის ომმა ადგილზე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საინფორმაციო სივრცე სავსეა გზავნილებით, თითქოს უკრაინის მთავრობა ფაშისტურია და რუსეთი (აფხაზი და ოსი ჯარისკაცების დახმარებით) უკრაინაში ნაციზმს ებრძვის.

• “სპუტნიკ აფხაზეთი“ ამტკიცებდა, რომ „დასავლეთს სურს რუსეთს კულტურა წაართვას,“ სწორედ ამიტომ დასავლეთმა სანქციები არა მხოლოდ რუსულ ეკონომიკას დაადო, არამედ „უარყოფის“ (ე.წ canceling) ტალღა წამოიწყო იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც რუსეთს უკავშირდება, მუსიკისა და ლიტერატურის ჩათვლით.“

• „სპუტნიკ აფხაზეთმა“ ასევე გაამართლა გადასახადის რუბლში გადაუხდელობის გამო პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება, მათ შორის არგუმენტით, რომ „დასავლეთს რუსული რესურსების უფასოდ მიღება სურს.“

უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

პროპაგანდისტულმა მედიებმა, მაგალითად "ალტ-ინფომ," „თვალსაზრისმა“ და ზოგიერთმა Facebook გვერდმა ომის საქართველოში გაფართოების საფრთხეებისა და შიშების გზავნილების დანერგვა დაიწყეს. ამ მიზნით, კრემლის რუპორებმა, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან გაათანაბრეს. დეზინფორმაციული წყაროები ამტკიცებენ, რომ გარეგანი ძალები, მაგალითად კოლექტიური დასავლეთი, აშშ ან უკრაინა უბიძგებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ. აღნიშნული გზავნილი „ქართული ოცნების“ რიტორიკაშიც გვხვდება, რომლის თანახმადაც, „ყველა [ვინც აკრიტიკებს მთავრობის ნებისმიერ პოლიტიკასა თუ გადაწყვეტილებას] ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს". კერძოდ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს, უკრაინის ხელისუფლებას და ყველას, ვინც აკრიტიკებს საქართველოს შედარებით პასიურ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, ომის წამქეზებლის იარლიყს აწებებს.

ომის საქართველოში გაფართოების საფრთხის გარდა, პრორუსული „ალტ-ინფო“ ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას ომში NATO-ს უშუალო ჩართულობის შესახებ. „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ NATO-ს სამხედრო ექიმის თანახმად, უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცებისა და ინსტრუქტორების დაზიანებები სამხედრო ზონის გარეთ არ შეიძლებოდა ყოფილიყო მიყენებული. აღნიშნულით, „ალტ-ინფო“ აცხადებდა, რომ NATO-ს ჯარისკაცები უკრაინაში ომში არიან ჩართული და ამ გზით ცდილობდა ომის უკრაინის მიღმა გავრცელების შიშების გაძლიერებას. ეს დეზინფორმაციული გზავნილი პარადოქსულია იმის გათვალისწინებით, რომ კრემლისტური ჯგუფები გამუდმებით ცდილობენ ქართველების იმაში დარწმუნებას, რომ NATO-მ საქართველო და უკრაინა გასაჭირში მიატოვა.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

კრემლი მთელ მსოფლიოში ავრცელებს გზავნილს, რომ შეერთებულმა შტატებმა წაახალისა და ჩაითრია უკრაინა ომში და ვაშინგტონი კიევს საშინაო პრობლემების გადასაფარად სამხედრო კონფლიქტის გახანგრძლივებისკენ უბიძგებს. საქართველოში მოქმედი ანტიდასავლური და პრორუსული გამოცემები, მაგალითად "ნიუს-ფრონტი" და Info Analytical-ი, ამტკიცებენ, რომ უკრაინაზე ფართო ფოკუსირება აშშ-ს მოქალაქეების რეალურ ინტერესებში არ შედის. მათი მტკიცებით, ეს ყოველივე, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ბაიდენის მცდელობას წარმოადგენს, რომ საზოგადოების ყურადღება იმ პრობლემებიდან გადაიტანოს, რომლებიც ვერ მოაგვარა და მეორე მხრივ, მის სურვილს, რომ დამალოს მტკიცებულებები თავისი და საკუთარი შვილის უკრაინაში არსებული კორუფციული ბიზნესის შესახებ.

რუსული პროპაგანდა ასევე ცდილობდა დასავლეთის შესაძლებლობების დაეკნინებინა. პროპაგანდისტული არხების თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმდენად ბევრი იარაღი მიიღო დასავლეთისგან, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებში დეფიციტი გაჩნდა. აღნიშნული გზავნილით, კრემლისტური პროპაგანდა ცდილობს, დასავლეთი დაუცველად წარმოაჩინოს. იმავე პუბლიკაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ რუსეთი დასავლურ იარაღს მანამდე ანადგურებდა, სანამ უკრაინელები მის გამოყენებას შეძლებდნენ. ამრიგად, რუსული პროპაგანდა მოქალაქეებს არწმუნებს, რომ დასავლეთი არა თუ მნიშვნელოვან აძლიერებს კიევს, არამედ ფაქტობრივად თვითგდაზიანებას იყენებს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებით.

საქართველოს ნეიტრალიტეტი - გზა გადარჩენისკენ თუ კრემლის ტროას ცხენი

ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების მხარდაჭერა სიახლე არაა. ამ იდეას სხვადასხვა სასურველი და მშვიდობიანი სახელით ნიღბავენ. მაგალითად, წლებია რაც ისმის მოწოდებები „გამოვაცხადოთ „უბლოკო სტატუსი" და საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს“ ან „გამოვაცხადოთ სამხედრო ნეიტრალიტეტი, საქართველოს თავდაცვაზე ფულის დახარჯვა აღარ მოუწევს და სოციალურ პრობლემებს მოვაგვარებთ.“ თუმცა, უკრაინაში მიმდინარე ომმა და წარმოებულმა მოლაპარაკებებმა, სადაც ნეიტრალიტეტის საკითხიც განიხილებოდა, აღნიშნულ ნარატივს ახალი სიცოცხლე შესძინა. „პატრიოტთა ალიანსმა“, საქართველოში მოქმედმა პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც წარსულშიც ნეიტრალიტეტს აქტიურად ლობირებდა, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების პროპაგანდისტულ კამპანიას ახალი ბიძგი მისცა. ამ კამპანიაში გადამწყვეტ როლს „TV ობიექტივი“ თამაშობს, რომელსაც ახლო კავშირი აქვს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებთან. მათ თანახმად, ომის შემდგომი პერიოდის განმავლობაში ნეიტრალიტეტის პოლიტიკა საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობის მისაღწევად. პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ასევე ამტკიცებენ, რომ უკრაინამ სწორედ ეს გზა აირჩია ომის შესაჩერებლად და საქართველომაც მას უნდა მიბაძოს მშვიდობის შესანარჩუნებლად. ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მხარდასაჭერად, სხვა წყაროებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რადგან უკრაინის ომმა ამგვარი საგარეო პოლიტიკური კურსის მიუღწევადობა წარმოაჩინა.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი! - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე (1-8 მაისი)

გარდა რუსული სახელმწიფო მედიისა და ინტერნეტ დეზინფორმატორების მიერ პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში უკრაინელების „გათავისუფლებისა“ და „დენაციფიკაციის“ შესახებ გავრცელებული ყალბი მტკიცებებისა, მაისის პირველი კვირის განმავლობაში Facebook-სა და Instagram-ზე ახალი დეზინფორმაციული გზავნილები გამოჩნდა. პრეზიდენტ ანჯეი დუდას სიტყვით გამოსვლის მეშვეობით, რომლის დროსაც მან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პოლონეთის შეურყეველ მხარდაჭერაზე ისაუბრა, პრორუსულმა ძალებმა დიდი ხნის განმავლობაში არსებულ ყალბ ნარატივს, თითქოს პოლონეთს დასავლეთ უკრაინის გაკონტროლება უნდა, ახალი სიცოცხლე შესძინეს. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში „ფაქტ-მეტრმა“ გააბათილა რამდენიმე ყალბი მტკიცება, რომლებიც უკრაინას ფოტოებისა და ვიდეოების გაყალბებასა და უცხოური გემების საკუთარ პორტებში არ შეშვებაში ადანაშაულებდნენ. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები სამოქალაქო სამიზნეებს ბომბავდნენ და ალყაშემორტყმული სოფლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესს აფერხებდნენ, კრემლისტური წყაროები რუსეთს ისეთ აქტორად წარმოაჩენდნენ, რომელიც „სამხედრო ოპერაციას“ ჟენევის კონვენციის დარღვევის გარეშე ატარებს.

ანგარიში მომზადდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership (OIP)) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს OIP-ის პოზიციებს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი