ანა ნაცვლიშვილი: ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: პანდემიურ წლებში [2020-2021] უმუშევრობის დონე ჯამში 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, რაც აღემატება 2018-2020 წლების მონაცემებს, თუმცა 2010-2017 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია.
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1217.4 ათასი შეადგინა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 78.5 ათასით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია, ის აღემატება 2010-2013 წლების მაჩვენებლებს.
შესაბამისად, ანა ნაცვლიშვილის განცხადება - უმუშევრობის დონე ისტორიულ მაქსიმუმზეა, არის ტყუილი.
ანალიზი
„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: „ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში. ჯერ ეს უმუშევრობა როგორაა დათვლილი, თვეში 2 დღე თუ მუშაობ უმუშევრად აღარ ითვლები, ამ არასწორი მეთოდოლოგიითაც კი ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი“.
პირველ რიგში განვმარტოთ მეთოდოლოგია - ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც თავის მხრივ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრად მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღე) განმავლობაში არ იყო დასაქმებული და გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს. დასაქმებულად მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა სულ მცირე ერთი საათი მაინც შრომის ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით. ასევე, დასაქმებულად მიიჩნევა პირი თუ გამოკითხვის დროს ის დროებით არ იმყოფებოდა სამუშაოზე (შვებულების, ავადმყოფობის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო).
უმუშევრობის დონე (პროცენტული მაჩვენებელი) გამოითვლება უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის შეფარდების შედეგად. აქვე განვმარტავთ, სამუშაო ძალა [ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა] არის დასაქმებული და უმუშევარი [სამუშაოს მაძიებელი] პირების ჯამური ოდენობა. პირი, რომელიც რეალურად არ მუშაობს, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა.
უმუშევრობა ნამდვილად იყო და არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. პანდემიურ წლებში [2020-2021] დასაქმების პარამეტრები მკვეთრად გაუარესდა, რაც მხოლოდ პანდემიის თანმხლები პროცესი არ იყო და დიდწილად მთავრობის პოლიტიკით - მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით, იყო განპირობებული. 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და, შესაბამისად, გაიზარდა უმუშევრობის დონეც, უარყოფითი ტენდენცია 2021 წლის I და II კვარტალშიც გაგრძელდა. 2021 წლის მეორე ნახევარში, ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების სრულად აღდგენა ვერ მოხერხდა. 2020-2021 წლებში უმუშევრობის დონე ჯამში 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 2021 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, რაც აღემატება როგორც წინა წლის, ასევე 2018-2019 წლების მონაცემებს. თუმცა 2010-2017 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს უმუშევრობის დონე ისტორიულ მაქსიმუმზეა სიმართლეს არ შეესაბამება.
2021 წელს 316.2 ათასი პირი იყო უმუშევარი [სამსახურის მაძიებელი]. უმუშევართა რაოდენობა 2018-2020 წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია.
სამუშაო ძალის სტატისტიკაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ დასაქმების მაჩვენებელი, რადგან რიგ შემთხვევაში უმუშევრობის დონის კლება შესაძლოა განპირობებული იყოს სამუშაო ძალის შემცირებით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის გარეშე. ტექნიკურად, უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი [17.6%] 2019 წელს დაფიქსირდა, რაც უმეტესწილად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებით იყო გამოწვეული და არა დასაქმების ზრდით.
დასაქმებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა, შემდგომ კი 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 12.6 ათასით შემცირდა. 2020-2021 წლებში კი პანდემიამდე პერიოდთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 78.5 ათასით შემცირდა. 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1217.4 ათასი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია, ის აღემატება 2010-2013 წლების მაჩვენებლებს, შესაბამისად ისტორიულ მინიმუმზე არაა.
გრაფიკი 1: დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები 2010-2021 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური