მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, ცხოვრების დონის სხვადასხვა ინდიკატორის გაუმჯობესებაზე და „მიღწეულ პროგრესზე“, აღნიშნული მანიპულირების საგანი ხშირად ხდება. ცხოვრების დონის რეალური ცვლილების შესაფასებლად მართებულია მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობა არა 9 წლის წინანდელ პერიოდს შევადაროთ, არამედ ბოლო წლების ტენდენცია გავაანალიზოთ. პანდემია და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახა. თუმცა პანდემიამდე პერიოდშიც, წინა 4 წელში - მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ არათუ მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ინდიკატორები უმეტესწილად გაუარესდა.


სიღარიბის დონე

პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რასაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა. სიღარიბე ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი (19.5%) აბსოლუტურ სიღარიბეში [1] ცხოვრობდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე ჯამში შემცირებულია. რაც შეეხება ტენდენციას, სიღარიბის შემცირების მხრივ დადებითი ტენდენცია იყო 2013-2015 წლებში, შემდგომ ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018-2019 წლებში კი შედარებით დაბალი ტემპით გაგრძელდა სიღარიბის შემცირება. ბოლო, 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე დაახლოებით იმავე ნიშნულზეა, რაც იყო 2015 წელს. ამასთან, უკიდურესი სიღარიბე კვლავ ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად რჩება.

2014 და 2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 4.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2016 წელს სიღარიბის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, 2017 წელს კი თითქმის იმავე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში კი სიღარიბის მაჩვენებელს შემცირება 2016 წლამდე პერიოდთან შედარებით დაბალი ტემპით გაგრძელდა, ამ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბე 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს [დღეში 1.9 PPP დოლარი და 3.2 PPP დოლარი] ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, მსგავსად აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლისა, 2016 წლამდე პერიოდში მცირდებოდა, 2016-2017 წლებში სიღარიბის დონე, განსაკუთრებით კი უკიდურესი სიღარიბე, გაიზარდა. 2018-2019 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი კვლავ შემცირდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის 3.8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, რაც ნიშნავს, რომ მათი დღიური მოხმარება 1.9 PPP დოლარზე ნაკლებია და 2019 წლის მონაცემებით - თვეში 59.4 ლარს შეესაბამება. უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით იმავე ნიშნულზეა, რაც იყო 2015 წელს.

2019 წელს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა მოსახლეობის 14.8%, რაც ნიშნავს, რომ დღიური მოხმარება 3.2 PPP დოლარზე ნაკლებს შეადგენს და თვეში 100 ლარს შეესაბამება. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2015 წელთან შედარებით - მხოლოდ 0.9 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

გრაფიკი 2: სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: მსოფლიო ბანკი

Unicef-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, სიღარიბის დონე მოსახლეობის ყველა ჯგუფში გაიზარდა, განსაკუთრებით კი - ბავშვთა სიღარიბე. 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, ზოგადი [2] სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს [3] სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი გაზრდილია, როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც. Unicef-მა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გრაფიკი 3: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები (%)

წყარო: Unicef; მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები


დასაქმება და უმუშევრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 54.1 ათასით შემცირდა. აღნიშნული პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. თუმცა უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უმუშევრობის დონე [პროცენტული მაჩვენებელი] ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა ბოლო წლების ტენდენციას თუ გავაანალიზებთ, აღნიშნული დიდწილად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით იყო განპირობებული. საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“, რომლებიც უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა არ არიან დასაქმებულები.

ტექნიკურად, უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი [17.6%] 2019 წელს დაფიქსირდა, რაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებით იყო გამოწვეული და არა დასაქმების ზრდით. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებელთა ჯამური ოდენობა) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (1,675.6 ათასი ადამიანი) 2015 წელს დაფიქსირდა. 2016 წლიდან ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდება, 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით შემცირდა. დასაქმებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ასევე 2015 წელს ფიქსირდება, შემდგომ კი 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 12.6 ათასით შემცირდა. შესაბამისად, 2015 წლის შემდგომ დასაქმების სტატისტიკაში დადებითი დინამიკა არ გვაქვს, და უმუშევრობის დონე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, შემცირდა.

გრაფიკი 4: დასაქმება და უმუშევრობა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დასაქმების სტატისტიკაში მნიშვნელოვანია დასაქმებულთა გადანაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით. 2019 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 23% სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული. 2016 წლის შემდეგ, ქვეყანაში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2017-2019 წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 27.8 ათასით გაიზარდა. ამავე პერიოდში, არასახელმწიფო, ანუ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 26.4 ათასით შემცირდა. რაც შეეხება 2020 წელს, რომელიც პანდემიური წელი იყო, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

გრაფიკი 5: დასაქმებულთა რაოდენობა საკუთრების ფორმების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


შემოსავლების დინამიკა

მოსახლეობის კეთილდღეობის ანალიზისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი შინამეურნეობების შემოსავლებია [ფულადი და არაფულადი სახსრების ჯამი]. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის წლებში, პანდემიამდე პერიოდში, შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავალი ნომინალურ მაჩვენებლებში ყოველწლიურად იზრდებოდა. დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე იმავე ოდენობის თანხით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე იყო. შესაბამისად, შემოსავლების რეალური ცვლილებების დასადგენად უნდა გავითვალისწინოთ ინფლაციის მაჩვენებელი, ანუ ფასების დონის მატება.

ერთ შინამეურნეობაზე საშუალო რეალური [ინფლაციის გათვალისწინებით, 2013=100] შემოსავალი 2016 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 წელს ერთ შინამეურნეობაზე რეალური თვიური შემოსავალი (2013 წლის ფასებში) 970.5 ლარს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2019 წელს 941 ლარამდე ჩამოვიდა, პანდემიის პერიოდში კი, 2020 წელს, კიდევ უფრო დრამატულად 837.5 ლარამდე შემცირდა.

გრაფიკი 6: ნომინალური და რეალური (2013წლის ფასებში) შემოსავლების დინამიკა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მეორე ვადის განმავლობაში, 2016 წლის შემდგომი პერიოდში, წინა პერიოდთან შედარებით, მოსახლეობის კეთილდღეობა პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა, 2018-2019 წლებში კი სიღარიბის დონის შემცირება შედარებით დაბალი ტემპით გაგრძელდა, რაზეც გავლენა - დიდი ალბათობით, სოციალურმა ტრანსფერებმა იქონია. 2016 წლის შემდეგ, შინამეურნეობის საშუალო რეალური შემოსავლები ყოველწლიურად მცირდება. 2016-2019 წლებში უმუშევრობის დონე მხოლოდ ტექნიკური მიზეზით, სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე შემცირდა. 2016 წლიდან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება, ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში შემცირებულია. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, ცხოვრების დონის ყველა მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რაც როგორც პანდემიასთან, ასევე მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან არის პირდაპირ კავშირში.

[1] აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება, სიღარიბის ზღვრად აღებულია საარსებო მინიმუმი.

[2] ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება.

[3] უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება.


მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი