Facebook-გვერდმა „iNews • აინიუსი“ გამოაქვეყნა პოსტი შემდეგი აღწერით: „ნატოს ჯარისკაცების მიერ კადაფის დაჭრის და გაუპატიურების კადრები!“

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

2011 წელს NATO-მ ლიბიის სამოქალაქო ომში დიქტატორ მუამარ კადაფის მიერ მისი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმისა და თავდასხმის მუქარის აღსაკვეთად გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებული სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. 2011 წლის 17 მარტს მიღებული გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1973, საოკუპაციო ძალის განთავსების გარდა, ლიბიაში სამოქალაქო პირების დაცვისა და შეიარაღების ემბარგოს აღსრულებისთვის ყველა საჭირო ზომის ავტორიზებას ახდენდა. რეზოლუციით, ლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად ცხადდებოდა და სანქციები მკაცრდებოდა. ლიბიის მმართველი რეჟიმის დაპირების მიუხედავად რეზოლუციით მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტა არ განხორციელდა. ამიტომ, 19 მარტიდან NATO-ს საჰაერო ძალებმა ლიბიაში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1973-ით ავტორიზებული საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ოპერაციის მიზანს ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეების და მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული არეალის თავდასხმისგან და თავდასხმის მუქარისგან დაცვა წარმოადგენდა.

ლიბიის სამოქალაქო ომის დასაწყისში კადაფის ძალებს უპირატესობა ჰქონდათ და თავად კადაფი აცხადებდა, რომ ყველა „ტარაკანასა“ და „ვირთხას“, ვინც მის წინააღმდეგ იარაღი აიღო, გაანადგურებდა. კადაფის ძალები სამოქალაქო არეალებს განურჩევლად ბომბავდნენ, ათასობით მომიტნგეს აკავებდნენ. თუმცა NATO-ს ინტერვენციის შემდეგ საჰაერო დარტყმებმა საბრძოლო ვითარება შეცვალა და კადაფის ძალები საზღვაო ქალაქ სირტეში აღმოჩნდნენ მომწყვდეული და იზოლირებული.

აჯანყებულებმა ქალაქზე სასტიკი იერიში მიიტანეს და მათი განურჩეველი თავდასხმის ასარიდებლად კადაფი მის ახლო გარემოცვასთან ერთად პოზიციას იცვლიდა და მიტოვებულ სახლებში იმალებოდა. 2011 წლის 20 ოქტომბერს, მუტასიმ კადაფმა, მუამარ კადაფის ვაჟმა, რომელიც სირტეს დაცვას ხელმძღვანელობდა, კადაფის გარემოცვას და ადგილზე დარჩენილ სამოქალაქოებს სირტეს მეორე რაიონის დატოვება უბრძანა, რადგან ის შეტევის ქვეშ იყო. ისინი რაიონის დატოვებას 50 მძიმედ შეჯავშნული მანქანის კოლონით ცდილობდნენ.

თუმცა გაქცევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა - კოლონას NATO-ს დრონიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა, რამაც ერთი მანქანა გაანადგურა. რამდენი ასეული მეტრის გავლის შემდეგ კოლონას მისრატას მილიცია (აჯანყებულები) დაესხნენ თავს და შემდეგ კოლონა NATO-ს ავიაციამ დაბომბა, რის შედეგადაც კადაფის ბევრი მებრძოლი დაიღუპა. კადაფის გადარჩენილი მებრძოლების ნაწილი მისრატას მილიციასთან შეტაკებაში ჩაერთო, ხოლო ნაწილი გაიქცა. თუმცა გაქცეულებს მისრატას მილიცია დაეწია, ისინი შეიპყრო და სასტიკად მოეპყრო, მათ შორის - ტყვედ აყვანილთა ნაწილი დახოცა. მილიციის მებრძოლებმა კადაფი და მისი ახლო გარემოცვაც შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს, რა დროსაც კადაფის ერთ-ერთმა მცველმა მილიციისკენ ხელყუმბარა ისროლა. ხელყუმბარა ბეტონის კედელს მოხვდა და კადაფის გარემოცვასთან ახლოს აფეთქდა, რამაც კადაფის თავდაცვის მინისტრი მოკლა და შრაპნელით თავად კადაფი და სხვებიც დაიჭრნენ. შემდეგ კადაფი მისრატას მებრძოლებმა შეიპყრეს, რამდენჯერმე დაჭრეს და სცემეს. კადაფი ბოლოს სასწრაფო დახმარების მანქანაში აიყვანეს და მისრატაში გაგზავნეს, თუმცა იმ დროისთვის მისი სხეული უკვე უსიცოცხლო ჩანდა. გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რა მომენტში გარდაიცვალა კადაფი და კონკრეტულად მისი გარდაცვალება, რამ გამოიწვია - აღნიშნულმა ძალადობამ, შრაპნელით დაჭრამ თუ შემდეგ მისთვის ტყვიის სროლამ.

ნებისმიერ შემთხვევაში, კადაფი აჯანყებულმა მებრძოლებმა აწამეს/იძალადეს და საბოლოოდ, მოკლეს არა NATO-ს მებრძოლებმა. აღსანიშნავია, რომ ლიბიაში ინტერვენციის ფარგლებში NATO-ს ხმელეთზე ჯარისკაცები არ ჰყოლია და შესაბამისად, ვერც კადაფის მოკლავდნენ/დაჭრიდნენ და გააუპატიურებდნენ. ამასთან, თავად „აინიუს“-ს გამოქვეყნებული აქვს skynews-ის ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ კადაფი აჯანყებულებმა მოკლეს და ვიდეოში არსადაა ნათქვამი, რომ აღნიშნული NATO-ს ჯარისკაცებმა განახორციელეს.

ამდენად, ინფორმაცია, თითქოს NATO-ს ჯარისკაცებმა კადაფი დაჭრეს და გააუპატიურეს, ყალბი ამბავია.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი