ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ალუდა ღუდუშაურის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი დასაბუთებული ვარაუდია, რომ ბრალდებული მიიმალება ან სასამართლოში არ გამოცხადდება, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს. პირადი თავდებობა აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა. აღკვეთის ღონისძიება იძულებით ზომას წარმოადგენს და არა ბრალდებულის გარკვეული უფლებამოსილებებით აღჭურვის მექანიზმს. ამასთან, იგი მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელებისთვის ხელის შეშლის აღკვეთას ისახავს მიზნად.
იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულთან ერთად, მსჯავრდებულიცაა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, კერძოდ - თავდებობის მექანიზმის გამოყენების, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ანალიზი
2022 წლის მაისის დასაწყისში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის თავდებობის საკითხზე საქართველოს იუსტიციის მინისტრ - რატი ბრეგაძეს, მიმართეს. აღნიშნული შუამდგომლობით ხელმომწერები - მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ - მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად გადაყვანის საჭიროებას, ასაბუთებდნენ. ისინი ადასტურებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ დაბრუნდება საქართველოში და თავს სამართლიან მართლმსაჯულებას არ აარიდებს. მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად დეპუტატებმა ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თავდებობის შესაძლებლობა’’ დაასახელეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა: ,,სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია, შესაბამისად, წარმოუდგენელია რაიმე ახალი ველოსიპედის მოგონება’’,- განაცხადა ღუდუშაურმა.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატთა მიმართვაში არ დაკონკრეტებულა, ხელმომწერები რა სახის თავდებობას გულისხმობდნენ, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი სტატუსებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებათა საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლემიკა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახის - ,,პირადი თავდებობის’’, გარშემო მიმდინარეობს.
აღკვეთის ღონისძიება არის საპროცესო იძულების სახე, რომელიც იმისთვის გამოიყენება, რათა ბრალდებულმა სასამართლოში გამოცხადებას თავი არ აარიდოს, მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა აღიკვეთოს და განაჩენის აღსრულება უზრუნველყოფილ იქნეს. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების მიზნები მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ხელშეშლის პრევენციას მიემართება. კანონმდებლობაში აღკვეთის ღონისძიების საფუძვლებია გაწერილი, როგორიცაა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან სასამართლოში არ გამოცხადდება, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გაანადგურებს ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს.
უპირველეს ყოვლისა, ის რაც კანონმდებლობიდან ცალსახად იკვეთება არის ამ ინსტიტუტის სუბიექტი - ბრალდებული. კანონმდებლობის მიხედვით, ბრალდებული არის პირი, რომლის მიმართაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. მსჯავრდებული პირის მიმართ კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ ითვალისწინებს, რაც აღკვეთის ღონისძიების არსისა და მიზნების გათვალისწინებით სავსებით ლოგიკურია.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამ საქმეში აქვს წარდგენილი - ,,ერთი საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მეორე საქმე უკავშირდება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს, ე.წ. „პიჯაკების საქმეს’’ , ხოლო მესამე საქმე - მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის გარდა არის მსჯავრდებულიც, რადგან მის მიმართ სამი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ვალერი გელაშვილისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე.
როგორც ვხედავთ, საკითხი იმგვარად დგას, რომ სამართლებრივად უნდა შეფასდეს - ზემოთდასახელებული ორივე სტატუსის მატარებელი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რამდენად მართებულია. უფრო კონკრეტულად, ის რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს, ეს გარემოება მის მიმართ ,,პირადი თავდებობის გამოყენების საფუძველს’’ ქმნის, თუ -არა. აღკვეთის ღონისძიების არსი და მიზნები აღნიშნულ საკითხს ცალსახად პასუხობს. აღკვეთის ღონისძიება იძულებით ზომას წარმოადგენს და არა ბრალდებულის გარკვეული უფლებამოსილებებით აღჭურვის მექანიზმს. ამასთან, იგი მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელებისთვის ხელის შეშლის აღკვეთას ისახავს მიზნად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ალუდა ღუდუშაურის განცხადება არის სიმართლე.