მამუკა მდინარაძე: ჩვენს დროს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია მინიმუმ 10%-ით. წინა ხელისუფლების დროს სიღარიბის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა...

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: მამუკა მდინარაძის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში სიღარიბის დონე არ შემცირებულა, მხოლოდ ბოლო წელს სიღარიბის დონე „რაღაც მექანიზმებით“, ანუ ხელოვნურად შეამცირეს.

რეალურად, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და 2011-2012 წლებში სიღარიბის მაჩვენებლები მკვეთრად, 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, სიღარიბის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი შინამეურნეობების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ითამაშა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე 30%-დან 21.3%-მდე შემცირდა. თუმცა მიღწეული შედეგი ძირითადად ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წლებზე მოდის. ბოლო, 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე დაახლოებით იმავე ნიშნულზეა, რაც იყო 2015 წელს.

შესაბამისად, მამუკა მდინარაძის მტკიცება, რომ სიღარიბის დონე ქვეყანაში რეალურად „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შემცირდა და 2012 წლამდე სიღარიბის დაძლევის მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი არ ყოფილა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ანალიზი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა: ,,სინამდვილეში, 2003 წლიდან მოყოლებული სიღარიბის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ბოლო წელს რაღაც საფრთხეები იგრძნეს და რაღაც მექანიზმებით 30% -მდე ძლივს ჩამოიყვანეს მაჩვენებელი და შემდეგ 30%-დან შემცირდა მინიმუმ 10%-ით... ეს კმაყოფილების საფუძველს არავის არ აძლევს, მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ, ორ მონაცემს შორის, ნამდვილად იყო 30% და ახლა, შემცირებულია მინიმუმ 10%-ით. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემი”.

პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ სიღარიბის მაჩვენებლები, რომელზეც მამუკა მდინარაძე საუბრობს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია და არა მსოფლიო ბანკის.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის [1] დონე 30% იყო, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილმა 21.3% შეადგინა. მართალია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე ჯამში შემცირებულია, თუმცა მიღწეული შედეგი ძირითადად ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წლებზე მოდის. ბოლო ხელმისაწვდომი, 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე დაახლოებით იმავე ნიშნულზეა, რაც იყო 2015 წელს. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო და დადებითი დინამიკა 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა.

2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით, 2013-2015 წლებში კი 8.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამასთან, 2013 წელი შესაძლოა, შუალედურ წლად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე დიდი გავლენა წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს უნდა ჰქონოდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით, 0.4 პროცენტული პუნქტით, გაიზარდა. 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში კი ცხოვრების დონე კვლავ გაუმჯობესდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით, ამ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბე 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო გამოწვეული. მიუხედავად პანდემიის პერიოდში გაცემული სოციალური ტრანსფერებისა, რომელმაც გარკვეულწილად სიღარიბის ზრდის ტემპი შეანელა, ერთ წელიწადში სიღარიბის დონე მაინც მკვეთრად გაიზარდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის უკიდურეს სიღარიბეში, გაღარიბების რისკის ქვეშ დგას.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წინა ხელისუფლების პერიოდში სიღარიბის მაჩვენებლები იცვლებოდა როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც სიღარიბის დონე 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2010 წელს სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რაც მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, რომელთაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდათ. 2011 წლიდან კი ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია დაიწყო და 2011-2012 წლებში სიღარიბის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა.

მამუკა მდინარაძის მტკიცება, თითქოს წინა ხელისუფლებამ მმართველობის ბოლო წელს ხელოვნურად, „რაღაც მექანიზმებით“ შეამცირა სიღარიბე, სიმართლეს არ შეესაბამება. 2011-2012 წლებში სიღარიბის დონის შემცირება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, რასაც მსოფლიო ბანკის ანგარიშიც ადასტურებს. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, რომელიც 2011-2014 წლების მონაცემებს ასახავს, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2011 წლიდან ყოველწლიურად მცირდებოდა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ 2011-2014 წლებში სიღარიბის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი შინამეურნეობების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ითამაშა. 2010 წლამდე პერიოდში სიღარიბის შემცირებაზე უფრო მეტი გავლენა სოციალურ ტრანსფერებს ჰქონდა.

[1] აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი