იტვირთება

სოციალურ ქსელებში 9 მაისს ვარშავაში გამართული აქციიდან ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ვიდეოს ავტორი აქციაზე უკრაინის დროშებით მდგომ მონაწილეებს უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ვიდეოს თან ახლავს აღწერაც, რომელშიც ნათქვამია: „წადით სახლში, წადით იმუშავეთ, ბანდერებო!“, პოლონელები უკრაინელ ლტოლვილებს უყვირიან. პოლონელები ვეღარ იტანენ უკრაინელი ლტოლვილების უხეშობას და უსაქმურობას. ერთ-ერთ რუსოფობიურ მიტინგზე, პოლონეთის მაცხოვრებლები უხეშად მოუწოდებენ უკრაინელ ლტოლვილებს სამუშაოდ ან სახლში წასვლისკენ. უკრაინელი ლტოლვილები სხვა ქვეყნებში არ უყვართ - აწყობენ ძარცვას, ამახინჯებენ ძეგლებს, მანქანებს, სიკვდილამდე ცემენ ხალხს!”. სინამდვილეში, აღნიშნული ვიდეო რგოლი და მასზე დართული ინფორმაცია კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებს იმეორებს, არ აქვს კავშირი პოლონელი საზოგადოების რეალურ განწყობებთან და მიზნად უკრაინელი ლტოლვილების დისკრედიტაციას ისახავს.

აღნიშნულ ვიდეოში უკრაინელი ლტოლვილების მადისკრედიტებელ გზავნილებს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვიდეოს ავტორი აჟღერებს. კადრებში ერთი ადამიანის ხმა ისმის, რომელიც პოლონეთის საზოგადოების პოზიციისა და განწყობების შესაფასებლად ვერ გამოდგება. პოლონელები, სინამდვილეში, ევროპაში უკრაინელი ლტოლვილებისა და უკრაინის სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერები არიან. კრემლის პროპაგანდა კი მსგავსი დამახინჯებული ფაქტებით აქტიურად ცდილობს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელების დისკრედიტაციას. რუსულ სახელმწიფო კონტროლირებულ მედიაში ხშირად ჩანს მსგავსი გზავნილები, რომ თითქოს უკრაინელები მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობის უფლებებს არღვევენ და მათ მიმართ ევროპული საზოგადოება უარყოფითადაა განწყობილი.

დღეისათვის პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. ამჟამად, უკრაინის 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი სწორედ პოლონეთში იმყოფება, ასობით ათასი უკრაინის მოქალაქე კი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პოლონეთში. ვარშავა მაშინაც კი ყველაზე აქტიურად იცავდა უკრაინის პოლიტიკურ ინტერესებს, როდესაც ევროპის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების მიმართ არ იყო ისეთი ცალსახა, როგორც ახლა.

პოლონეთის მოსახლეობის მხარდამჭერი პოზიცია აშკარაა უკრაინელი ლტოლვილების დახმარებასთან დაკავშირებით ჩატარებულ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებში. კერძოდ, Ipsos Global Advisor-ის ონლაინ გამოკითხვის პლატფორმაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში თითოეულში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა თანხმდება, რომ მათმა ქვეყანამ უკრაინელი ლტოლვილები უნდა მიიღოს. მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 84% - პოლონეთში დაფიქსირდა. მართლად, ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი სწორედ პოლონეთმა მიიღო.

რაც შეეხება პოსტში მოცემულ აქციას, ის 9 მაისს ვარშავაში, საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალურ სასაფლაოზე გაიმართა. ამ დღეს აქციის მონაწილეებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულ პოლონეთში რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს პროტესტის ნიშნად წითელი სითხე შეასხეს. ანდრეევს ასობით აქტივისტი მიუახლოვდა, ზოგიერთ მათგანს ხელში უკრაინის დროშა ეჭირა, ისინი ელჩს გაბრაზებულები უყვიროდნენ - „ფაშისტებო“, „მკვლელებო“, შემდეგ კი მას სისხლისფერი სითხეც შეასხეს.

აქციის მონაწილეებმა ელჩს და სხვა პირებს ყვავილების მემორიალთან დატოვების საშუალება არ მისცეს. საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალური სასაფლაო დიპლომატმა და მისმა დელეგაციამ პოლიციის თანხლებით დატოვა. მოგვიანებით, პოლონელმა მაღალჩინოსნებმა - შსს-ს ხელმძღვანელმა და ვიცე პრემიერმა, ელჩის ქმედებებს პროვოკაციული უწოდეს და შესაბამისად, ამის გამო მათ აქციის მონაწილეების ემოციები და რეაქციაც გაამართლეს.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი