ნინო ნიჟარაძე: 3 080 000 ლარია [ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის] პროგრამის ბიუჯეტი და მიმდინარე წელს უკვე 40-მა ოჯახმა ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ჯამურად პროგრამების თანხა გაიცა 50 ბენეფიციარზე 2021 წელს.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნინო ნიჟარაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2021 წელს უსაფრთხო საცხოვრებელი 50-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან, ჯამურად, 1 250 000 ლარი გაიხარჯა. ერთი ეკომიგრანტი ოჯახისთვის გათვალისწინებული თანხის მოცულობა 25 000 ლარს შეადგენდა.
2022 წლიდან ერთი ოჯახის უსაფრთხო საცხოვრებლის შესყიდვის თანხის მოცულობა გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს. არსებული მდგომარეობით, პროგრამით უკვე 40-მა ოჯახმა ისარგებლა. აქედან, პროცესები უკვე მთლიანად დასრულებულია 20 ოჯახის შემთხვევაში, ხოლო კიდევ 20 ოჯახს წარდგენილი აქვს შესაბამისი რეკვიზიტები. უახლოეს პერიოდში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თითოეულს 30 000 ლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა. ამ მოცულობის თანხით სამინისტრო ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრებლის შეძენაში ეხმარება.
აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსების მიზნით, 3 080 000 ლარია გათვალისწინებული.
ანალიზი:
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა: „3 080 000 ლარია [ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის] პროგრამის ბიუჯეტი და მიმდინარე წელს უკვე 40-მა ოჯახმა ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ჯამურად პროგრამების თანხა გაიცა 50 ბენეფიციარზე 2021 წელს.“
აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ყოველწლიურად ფინანსდება. თანხის მოცულობა მზარდია. გაიზარდა ასევე უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად ერთი ოჯახისთვის გათვალისწინებული თანხის რაოდენობაც. კერძოდ, 2021 წლის ჩათვლით, ამ მიზნით 25 000 ლარი იყო განსაზღვრული, 2022 წლიდან კი ერთი ეკომიგრანტი ოჯახი 30 000 ლარს მიიღებს. დანართი 1
ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 1 538 200 ლარი (გეგმა) იყო, 2021 წელს - 2 100 300 ლარი (გეგმა), ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში 3 080 000 ლარს (გეგმა) შეადგენს.
2020 წლიდან 2022 წლის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, პროგრამით 150-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა ისარგებლა.
ცხრილი 1. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიხედვით:
წყარო: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2022 წლის არსებული მდგომარეობით, შესყიდვის პროცესი დასრულებულია 20 შემთხვევაში. კიდევ 20 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლის შეძენის პროცედურები მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ეკომიგრანტი ოჯახი ხულოს მუნიციპალიტეტში იყო რეგისტრირებული. საანგარიშო პერიოდში, ეკომიგრანტების უმრავლესობამ ახალ საცხოვრებელ ადგილად ბათუმი აირჩია.
პროგრამა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2020 წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით, დახმარება 60 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია, ჯამში, 1 500 000 ლარის ოდენობით. 2021 წელს კი უსაფრთხო საცხოვრებელი 50-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან, ჯამურად, 1 250 000 ლარი გაიხარჯა.
როგორც აღვნიშნეთ, 2022 წლიდან ერთი ოჯახის უსაფრთხო საცხოვრისის შესყიდვის თანხის მოცულობა გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს. არსებული მდგომარეობით, გახარჯულია 600 000 ლარი, ხოლო კიდევ ამდენივე უახლოეს დღეებში გადაირიცხება რეკვიზიტებზე, რომლებიც 20-მა ოჯახმა უკვე წარადგინა.
აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენაში ყოველწლიურად ასობით ეკომიგრანტ ოჯახს ეხმარება, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ მცირდება. ამის მიზეზი სტიქიური პროცესებია, რომელთა გამოც ახალი ეკომიგრანტი ოჯახები ჩნდება. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტების) ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში“ მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება და მყარი სტატისტიკა არ არსებობს.
უსაფრთხო გარემოში ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ა/რ ბიუჯეტი იმ ეკომიგრანტი ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რომლებსაც შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები შუამდგომლობენ და რომლებიც, 2010 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრამდე, უწყვეტად რეგისტრირებული არიან აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.