იტვირთება

რუსეთის პირველმა არხმა 3 მაისს Facebook-ზე სამხედრო ტყვეების შესახებ პროპაგანდისტული ვიდეოსიუჟეტი გამოაქვეყნა. სიუჟეტში საუბარია, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს არ ესროლონ და დაარწმუნონ, რომ იარაღი დაყარონ. ასევე, ვიდეოში გაჟღერებულია მტკიცება, რომ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს რუსები ყველაზე ჰუმანურად ეპყრობიან. აღნიშნულის დასადასტურებლად ვიდეოში ნაჩვენებია ერთ-ერთი ბანაკი, სადაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჰყავს განთავსებული. სიუჟეტში ნაჩვენებია, რომ ისინი კარგ პირობებში არიან, რასაც ინტერვიუებშიც ადასტურებენ.

თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ვიდეოში ნაჩვენები პირობები გადაღებისთვის იყოს დადგმული ან/და უკრაინელი სამხედრო ტყვეების ინტერვიუები ძალდატანებით იყოს ჩაწერილი - რადგან ისინი ტყვეობაში არიან, რუსეთს აქვს ბერკეტი, მათ რუსეთისთვის მისაღები ტექსტი ათქმევინონ. მაგალითად, რუსეთის პირველმა არხმა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შემდგომ გადაღებულ კადრებში მოხვედრილი დაშავებული ორსულის მარიანა ვიშეგირსკაიას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო ჩაწერილი. ვიდეოში ვიშეგერსკაია თავდასხმის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, რაც პოტენციურად მის რაიმე გზით იძულებაზე მიანიშნებს (დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში). შესაბამისად, რუსეთის პირველი არხის სიუჟეტი სანდო წყაროს არ წარმოადგენს და ვიდეოში ნაჩვენები სიტუაციისა და თუ ინტერვიუების დადასტურებულად სწორ ინფორმაციად მიღება შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია ერთი ვიდეოს განზოგადება და მტკიცება, რომ რუსები უკრაინელ ტყვეებს ყველაზე ჰუმანურად ექცევიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულის საპირისპირო არაერთი ფაქტი არსებობს.

ავტორიტეტულმა ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა, რუსეთს ომის ტყვეთა უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა. Human Rights Watch-ის თანახმად, ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების სურათებისა და ინტერვიუების გაშუქება ჟენევის კონვენციის დარღვევაა. ე.ი. რუსეთის პირველი არხის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც ჟენევის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს. Human Rights Watch-ის მიხედვით, ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცების სურათების/ვიდეოების საჯაროდ გამოქვეყნება ჟენევის კონვენციით ტყვედ ჩავარდნილთათვის გათვალისწინებულ დაცვის მექანიზმებს არღვევს, რომლის მიზანი ტყვედ ჩავარდნილთა ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფაა. Human Rights Watch-ის უფროსი სამართლებრივი მრჩევლის განცხადებით, ჟენევის კონვენცია ომის ტყვეთა საზოგადო ინტერესისგან, ასევე დაშინებისა და დამცირებისგან, დაცვას ითვალისწინებს. Human Rights Watch-ის 28 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული დარღვევის მაგალითებად რუსეთის პირველი არხის და „ზვეზდას“ სიუჟეტებია მოყვანილი, სადაც უკრაინელი ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები თავიანთ ისტორიას ჰყვებოდნენ და ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გაწეულ სამედიცინო დახმარებას აქებდნენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განმარტა, რომ ნებისმიერი მასალა, რომელიც მნახველს ტყვეების ამოცნობის საშუალებას აძლევს, არ უნდა გამოქვეყნდეს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა, რომელიც გამონაკლისის საფუძველს იძლევა (ან უნდა არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ან გამოქვეყნება პატიმრისთვის სასიცოცხლო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს).

ასევე, Human Rights Watch-ის თანახმად, 13 აპრილს ეუთო-ს ეგიდით გამოცემულ ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება, რომ ომის ტყვეების უფლებებს ორივე მხარე (რუსული და უკრაინული) არღვევს, რადგან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს ომის ტყვეებთან ვიზიტის საშუალებას არ აძლევს.

უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის 26 მარტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობს დიდი რაოდენობით ვიდეოები, რომლებიც ასახავს, რომ უკრაინელ ომის ტყვეებს შეურაცხყოფას აყენებენ და აშინებენ. ანგარიშის თანახმად, ასევე არსებობს ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ომის ტყვეები დაკავებისთანავე იკითხებიან, ხოლო ზოგს სისხლჩაქცევები აღენიშნება.

უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის, 29 მარტის განცხადებით, შესწავლის პროცესშია რამდენიმე ვიდეო, რომელიც ასახავს, როგორც რუსი, ასევე უკრაინელი ომის ტყვეების შეურაცხყოფას. მისი თქმით, ვიდეოები ძალიან შემაშფოთებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული ვიდეოების შესახებ უკრაინის მთავრობამ გამოძიება დაიწყო და განაცხადა, რომ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება; ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, არესტოვიჩმა, კი განაცხადა, რომ თუ ვიდეოები ნამდვილი აღმოჩნდება, ეს აბსოლუტურად მიუღებელი ქცევაა.

უკრაინაში უკვე დაბრუნებული ომის ტყვეები რუსეთისგან არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათი ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მათ წინააღმდეგ ჟენევის კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. აღნიშნულის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ. მისი განცხადებით, ყოფილი პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ ისინი სარდაფებში ჰყავდათ განთავსებული, არ ეძლეოდათ საჭმელი და აიძულებდნენ მათი უნიფორმის გახდას. დენისოვამ რუსეთის ქმედებები ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა. მათ შორის, დენისოვა საუბრობდა ტყვეების ცემის შესახებაც.

უშუალოდ სამხედრო ტყვეების გარდა, რუსეთმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქეც დაატყვევა და მათი მოპყრობის ფაქტების განხილვაც ასევე რელევანტურია. მაგალითად, BBC-მ გამოაქვეყნა კიევის საავადმყოფოს ლაბორატორიის ასისტენტის ნიკიტა ჰორბანის შესახებ სტატია, რომელიც რუსეთში იყო დატყვევებული. იგი რუსებმა ტყვედ კიევის დასავლეთით მდებარე სოფელ ანდრიივკაში აიყვანეს. ის იხსენებს, რომ რუსები ტყვედ აყვანისას ხალხს სცემდნენ, ასევე ესროდნენ და კლავდნენ. ტყვედ აყვანილები კი შემდეგ წამების მსხვერპლი გახდნენ. მათ შორის, სხეულზე წამების კვალი თავად ნიკიტა ჰორბანსაც აღენიშნებოდა, რომელიც უკრაინაში ტყვეთა გაცვლის შეთანხმებით დაბრუნდა. ჰორბანს რუსეთში გადაყვანის დროს მძიმე პირობების გამო სიცივით ფეხები დაუზიანდა. თუმცა მან სამედიცინო დახმარების მოთხოვნის მიუხედავად, სათანადო მკურნალობა ვერ მიიღო. საკანში მასთან ერთად მყოფმა ზოგიერთმა პატიმარმა ფეხები საერთოდ დაკარგა. ნიკიტა იხსენებს, რომ მას რუსმა ექიმმა უთხრა, რომ მათ [რუსეთს] კარგი სამედიცინო მომსახურება ჰქონდათ, თუმცა ეს უკრაინელებისთვის არ იყო. ასევე, უკრაინელ ტყვეებს რუსეთის ჰიმნის დაზეპირებას და შესრულებას აიძულებდნენ. ნიკიტას თანახმად, ტყვეებს დღეში 2-3-ჯერ ჰკითხავდნენ და სცემდნენ. შემდეგ მათ ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლითაც ისინი აღიარებდნენ, რომ კარგად ეპყრობოდნენ და კვებავდნენ და არ დაზარალებულან. ციხეში სამი კვირის გატარების შემდეგ ნიკიტას ფეხების მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ის სხვა ორ პირთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდა. ასევე საინტერესოა, რომ ტყვეთა გაცვლის მოლაპარაკების პროცესში, რუსულმა მხარემ უკრაინის მომლაპარაკებელს, ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკს განუცხადა, რომ მათ თავისუფალი სამედიცინო მანქანები არ ჰყავდათ და ამიტომ მძიმედ დაშავებული პაციენტებიც ხუთი საათის განმავლობაში სატვირთოთი გადაჰყავდათ.

ამდენად, რუსული მხარის მტკიცება, რომ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს რუსები ყველაზე ჰუმანურად ეპყრობიან, კრემლის პროპაგანდისტული გზავნილია, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი