ოთარ შამუგია: ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15%-დან 50%-მდე გავზარდოთ

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

რეზიუმე: 2021 წელს საქართველოში ხორბლის ადგილობრივმა წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმალური შედეგია. ხორბალი 50.6 ათას ჰექტარზე იყო დათესილი და საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 2.7 ტონა იყო.

საძიებო საკითხის გასაანალიზებლად საჭირო 2021 წლის ყველა მონაცემი ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ ქვემოთ განხილული დაშვებები 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით არის გაანგარიშებული.

2020 წელს ხორბლის მთლიანმა მოხმარებამ 735 ათასი ტონა შეადგინა. თუ დავუშვებთ, რომ მომავალ წლებში ხორბლის მთლიანი მოხმარება იგივე ნიშნულზე დარჩება, იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოების წილი მთლიან მოხმარებაში 50%-მდე გაიზარდოს, ან ნათესი ფართობი უნდა გავზარდოთ ან მოსავლიანობა, ან ორივე ერთად.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიან მოხმარებაში ადგილობრივი წარმოების წილის 50%-მდე გასაზრდელად, წელიწადში 367.5 ათასი ტონა ხორბალი უნდა ვაწარმოოთ.

თუ 2020 წლის მოსავლიანობას ავიღებთ (2.2 ტონას ერთ ჰექტარზე), მაშინ დასახელებული რაოდენობის ხორბლის მოსაყვანად ნათესი ფართობი 47 ჰექტრიდან (2020 წლის მონაცემი) 167 ჰექტრამდე - 3.5-ჯერ უნდა გავზარდოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, მეურნეობების სახნავ-სათესი ფართობი ჯამში 377.4 ჰექტარია (ყველა მარცვლეულის და ერთწლიანი კულტურების), მხოლოდ ხორბლისთვის მთლიანი ნათესი ფართობის ნახევარზე მეტის დათმობა, გაჭირდება.

თუ დავუშვებთ, რომ ხორბალი იმავე ფართობზე - 48 ათასს ჰა-ზე უნდა დაითესოს, მაშინ 367.5 ათასი ტონა ხორბლის მოსაყვანად, მოსავლიანობა ჰექტარზე 7.7 ტონამდე უნდა გაიზარდოს, რაც მოცემული მიმართულებით წამყვანი ქვეყნების მონაცემს უტოლდება და ძალიან ძნელი მისაღწევია. 2006 წლიდან მოყოლებული, საიდანაც სტატისტიკური მონაცემები არსებობს, საქართველოში ხორბლის ყველაზე მაღალი მოსავლიანობა 2015, 2016 და 2021 წლებში დაფიქსირდა და შესაბამისად ჰექტარზე 2.6 და 2.7 ტონა შეადგინა.

მესამე ვარიანტი შეიძლება იყოს ერთდროულად ნათესი ფართობის და მოსავლიანობის გაზრდა. თუ დავუშვებთ, რომ მოსავლიანობა ჰექტარზე 3 ტონამდე გაიზრდება, რაც უფრო გონივრულია, მაშინ 367.5 ათასი ტონა ხორბლის წარმოება 122.5 ათას ჰექტარზე იქნება შესაძლებელი, აღნიშნული კი დღევანდელ ხორბლის ნათეს ფართობს 2.6-ჯერ აღემატება.

ჩვენ დაშვებებით, შევეცადეთ, გაგვეანალიზებინა, რამდენად არის შესაძლებელი ადგილობრივი ხორბლის წარმოების ზრდა. ამ შემთხვევაში ჩვენი თვითმიზანი მინისტრის განცხადების ვერდიქტით შეფასება არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების განმსაზღვრელი ძირითადი კულტურა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია, ამ თემის წინ წამოწევა და ხორბლის მოსავლიანობის ზრდის მიმართულებით მუშაობის დაწყება, იმ ფარგლებში რასაც საქართველოში არსებული ბუნებრივი პირობები განაპირობებს, მართებულად მიგვაჩნია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე და იქიდანაც, რომ მინისტრის განცხადება სამომავლო პროგნოზს შეიცავს, რომლის განხორციელების ზუსტი ვადა დასახელებული არ არის, განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ. თუმცა აღვნიშნავთ, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დასახული მიზანი უახლოეს პერიოდში მიღწევადი ნაკლებადაა.

ანალიზი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას, სხვა საკითხებთან ერთად ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15%-დან 50%-მდე გავზარდოთ“.

ოთარ შამუგიას დეტალურად არ უსაუბრია იმაზე, როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა და არც კონკრეტული დროის პერიოდი დაუსახელებია.

„ფაქტ-მეტრი“ გასული წლების სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებით შეეცადა, გაერკვია, რამდენად არის შესაძლებელი მინისტრის მიერ ინიციირებული წინადადების განხორციელება.

გრაფიკ 1-ზე ხორბლის წარმოების ბოლო 15 წლის სტატისტიკაა მოცემული (უფრო ადრინდელი სტატისტიკა არ არსებობს). მონაცემების მიხედვით, წინა ხელისუფლების პერიოდში ყველაზე მეტი ხორბლის მოსავალი 2011 წელს დაფიქსირდა. შემდგომ წლებში კლების ტენდენცია იკვეთება და ყველაზე დაბალი წარმოება 2014 წელს იყო, 2015, 2016 წლებში მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, შემდეგ წლებში გამოკვეთილი ტენდენცია არ გვაქვს, ხორბლის მოსავლიანობა ხან იკლებს ხან იზრდება. 2006 წლის შემდეგ წარმოების მაქსიმუმი გასულ წელს დაფიქსირდა და წინასწარი მონაცემებით 136.1 ათასი ტონა შეადგინა.

გრაფიკი 1: ხორბლის წარმოება 2006-2021 წლებში (ათასი ტონა)

წყარო: საქსტატი

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად შესაძლებელია ხორბლის მოსავლიანობის გაზრდა, წარმოების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორია ხორბლის ნათესი ფართობის ჯამური ოდენობა და ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე.

ცხრილი 1. ხორბლის ნათესი ფართობები და მოსავლიანობა წლიურ ჭრილში

წყარო: საქსტატი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ხორბლის ნათესი ფართობის რაოდენობას გამოკვეთილი ტენდენცია არ აქვს, მონაცემები წლიურად ხან იზრდება, ხან ისევ კლებულობს და ძირითადად 44-59 ათას ჰა-ს შორის მერყეობს. რაც შეეხება საშუალო მოსავლიანობას, ამ მხრივ გამორჩეული 2015-2016 და 2021 წლებია, როცა ყველაზე მაღალი საშუალო მოსავლიანობა დაფიქსირდა - 2.6 და 2.7 ტონა ჰექტარზე.

ასევე მნიშვნელოვანი მონაცემია ხორბლის წლიური მოხმარება. ბოლო 7 წლის მონაცემი ასე გამოიყურება:

ცხრილი 2: ხორბლის წლიური მოხმარება 2014-2020 წლებში (ათასი ტონა)

წყარო:საქსტატი

2015 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი (ადგილობრივი წარმოების წილი მთლიან მოხმარებაში) საშუალოდ 15%-ს შეადგენს. როგორც მინისტრმა განაცხადა, შესაძლებელია, ეს მონაცემი 50%-მდე გაიზარდოს. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების წილი მთლიან მოხმარებაში ნახევარი უნდა იყოს. 2020 წელს (2021 წლის ხორბლის მოხმარება რამდენი იყო ჯერ ცნობილი არ არის. ამიტომ 2020 წლის მონაცემს ვიყენებთ) ხორბლის მოხმარება 735 ათასი ტონა იყო, აქედან 14% - 102.4 ათასი ტონა, ადგილობრივი ხორბალი.

თუ დავუშვებთ, რომ მომავალ წლებში ხორბლის მთლიანი მოხმარება იგივე ნიშნულზე დარჩება, იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოების წილი მთლიან მოხმარებაში 50%-მდე გაიზარდოს, ან ნათესი ფართობი უნდა გავზარდოთ ან მოსავლიანობა, ან ორივე ერთად.

ადგილობრივი ხორბლის წილის 50%-მდე გასაზრდელად, წელიწადში, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 367.5 ათასი ტონა ხორბალი უნდა ვაწარმოოთ. ამის მიღწევა კი როგორც აღვნიშნეთ - ან ნათესი ფართობის, ან მოსავლიანობის, ან ორივეს ერთად გაზრდით, იქნება შესაძლებელი.

თუ 2020 წლის მოსავლიანობას ავიღებთ (2.2 ტონას ერთ ჰექტარზე), მაშინ აღნიშნული რაოდენობის ხორბლის მოსაყვანად ნათესი ფართობი 47 ჰექტრიდან (2020 წლის მონაცემი) 167 ჰექტრამდე - 3.5-ჯერ უნდა გავზარდოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, მეურნეობების სახნავ-სათესი ფართობი ჯამში 377.4 ჰექტარია, სადაც ყველა მარცვლეული და ერთწლიანი კულტურაა დათესილი, მხოლოდ ხორბლისთვის მთლიანი ნათესი ფართობის ნახევარზე მეტის დათმობა, გაჭირდება. აქედან გამომდინარე, ხორბლის მოსავლის გაზრდა არა ფართობის, არამედ ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის გაზრდით უნდა მოხდეს. თუ დავუშვებთ, რომ ხორბალი იმავე ფართობზე - 48 ათასს ჰა-ზე უნდა დაითესოს, მაშინ 367.5 ათასი ტონა ხორბლის მოსაყვანად, მოსავლიანობა ჰექტარზე 7.7 ტონამდე უნდა გაიზარდოს, რაც ალბათ, ძალიან ძნელი მისაღწევია. 2006 წლიდან მოყოლებული, საიდანაც სტატისტიკური მონაცემები არსებობს, ხორბლის ყველაზე მაღალი მოსავლიანობა 2015, 2016 და 2021 წლებში დაფიქსირდა და შესაბამისად ჰექტარზე მხოლოდ 2.6 და 2.7 ტონა შეადგინა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მსოფლიო მასშტაბით ხორბლის ყველაზე მაღალი მოსავლიანობა ახალ ზელანდიაში -ჰექტარზე 10 ტონა, გაერთიანებულ სამეფოში - 8 ტონა, ზამბიაში -7 ტონა და ა.შ ფიქსირდება. რუსეთში, საიდანაც ხორბლის ძირითადი ნაწილი შემოგვაქვს, ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავალი 3 ტონაა, უკრაინაში - 4 ტონა, უზბეკეთში - 4 ტონა.

მესამე ვარიანტი შეიძლება იყოს ერთდროულად ნათესი ფართობის და მოსავლიანობის გაზრდა. თუ დავუშვებთ, რომ მოსავლიანობა ჰექტარზე 3 ტონამდე გაიზრდება, რაც უფრო გონივრულია, მაშინ თვითუზრუნველყოფამ რომ 50% შეადგინოს, როგორც სტატისტიკური მონაცემებით გამოვთვალეთ, 367.5 ათასი ტონა ხორბალი უნდა ვაწარმოოთ, რასაც ჰექტარზე 3 ტონა ხორბლის მოყვანის შემთხვევაში, 122.5 ათასი ჰექტარი - დღევანდელზე 2.6-ჯერ მეტი ხორბლის ნათესი ფართობი დასჭირდება.

ჩვენ ხორბლის წარმოების დეტალების განხილვით, შევეცადეთ, გვეჩვენებინა, რა მდგომარეობაა ამჟამად ხორბლის წარმოებაში და რამდენად არის შესაძლებელი იმ შედეგების მიღწევა, რაზეც მინისტრი განცხადებაში საუბრობს. რადგან განცხადება მომავლის პროგნოზს შეიცავს და მისი მიღწევის კონკრეტული დროის პერიოდი დასახელებული არ არის, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს. თუმცა აღვნიშნავთ, რომ დასახული მიზანი უახლოეს პერსპექტივაში მიღწევადი არ ჩანს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი