16 აპრილს რუსეთის პირველი არხის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა სიუჟეტის ვიდეო, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუა განხილული და რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით რამდენიმე დეზინფორმაციული გზავნილი ჟღერდება.
მტკიცება N1
წამყვანი აცხადებს, რომ ზელენსკი ჯერ კიდევ რუსეთის მიერ „დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“ „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე, დასავლურ ქვეყნებს იარაღის მიწოდების შესახებ შეუთანხმდა და შემდეგ მოცემულია ნაწყვეტი ზელენსკის BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც ზელენსკი დასავლეთთან შეიარაღების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებზე საუბრობს. სიუჟეტში ეს ფაქტი წარმოჩენილია, როგორც ერთგვარი აღიარება, რომ ზელენსკი დონბასის დასაბრუნებლად ომის დაწყებას აპირებდა - ზელენსკის ინტერვიუს ნაწყვეტის შემდეგ სიუჟეტში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გამოაქვეყნეს საიდუმლო დოკუმენტები, რომ კიევის რეჟიმი მარტში დონბასზე თავდასხმას გეგმავდა.
რეალურად, რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარის მასშტაბური მობილიზაციით (ასევე, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში სეპარატისტული ძალების შეიარაღებით, ყირიმის ანექსიითა და იქ რუსული სამხედრო ბაზების განლაგებით) უკრაინას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა და აქედან გამომდინარე, უკრაინა იძულებული იყო, თავდაცვაზე ეზრუნა, მათ შორის, დასავლეთისგან შეიარაღების შესყიდვით.
პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცი განალაგა, როგორც თავად აცხადებდა „NATO-სგან მომდინარე საფრთხის პასუხად“. შემდგომ რუსეთი ამტკიცებდა, რომ დანაყოფების ნაწილი უკან გაიყვანა. თუმცა ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა მხოლოდ ჯარის მცირე ნაწილი გაიყვანა და უკრაინის საზღვართან დიდი ძალები განლაგებული დატოვა. ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რუსეთმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანას იწყებდა, თუმცა ეს პრაქტიკაში არ განხორციელებულა და პუტინს მოლაპარაკებების გზა არ აურჩევია.
კრიზისის განმავლობაში, ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა და მოლაპარაკება არაერთხელ შესთავაზა - პირველად 2021 წლის აპრილში; შემდეგ 2022 წლის იანვარში ზელენსკი პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვედრას სთავაზობდა, თუმცა არა სოჭში; ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასაც შესთავაზა; მაგრამ რუსული მხარე ზელენსკის მოწოდებებს შეხვედრისა და მოლაპარაკებების შესახებ არ დათანხმებულა.
უკრაინის საკითხის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აშშ-ის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და ა.შ., წარმომადგენლებმა (სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე) გამართეს, თუმცა უშედეგოდ - საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა მაინც განახორციელა.
შესაბამისად, მტკიცება, რომ უკრაინა დონბასზე თავდასხმისთვის ემზადებოდა და დასავლეთისგან შეიარაღებას სწორედ ამიტომ ყიდულობდა, ყალბი ამბავია - რეალურად, უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთი ემზადებოდა, ხოლო უკრაინა კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრას და რუსეთთან მოლაპარაკებას ცდილობდა, თუმცა რუსეთი მაინც თავს დაესხა.
მტკიცება N2
ასევე ყალბია მტკიცება, თითქოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაქვეყნეს საიდუმლო დოკუმენტები, რომ კიევის რეჟიმი მარტში დონბასზე თავდასხმას აპირებდა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრძანება ჩაიგდეს ხელში, რაც კიევის მიერ დონბასზე თავდასხმის გეგმას ადასტურებს.
სინამდვილეში, დოკუმენტი, რომელზეც კრემლისტური მედიასაშუალებები აპელირებენ, საიდუმლო არ არის, ის არც უკრაინის მიერ დონბასზე თავდასხმის მზადებას ადასტურებს. გამოქვეყნებული დოკუმენტი ლვოვის რეგიონში სასწავლო წვრთნებს ეხება და მასში დონბასი ნახსენებიც კი არაა.
უკრაინის ეროვნული გვარდიის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტების შედგენას განსხვავებული ფორმატი და პროტოკოლი აქვს: საიდუმლო დოკუმენტი უნდა იყოს გრიფით დამოწმებული და ამ ტიპის დოკუმენტების უკანა მხარეს, რუსეთის მიერ გავრცელებული ფორმატით „გავეცანი და ხელს ვაწერ“, ხელმოწერა არ ხდება. ამასთან, უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ დაადასტურა, რომ მსგავსი ტიპის ბრძანებები უკრაინაში ყოველწლიურად რეგულარულად გაიცემა და „ამ დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს შეტევითი ოპერაციის დაგეგმვასთან. ეს არის ბრძანება ლვოვის რეგიონში საბრძოლო სასწავლო მომზადების ჩატარების შესახებ“. დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება N3
რუსეთის პირველი არხის წამყვანი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომის გაჩაღებას უწოდებს „რუსულ სპეცოპერაციას დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“.
რეალურად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომთან დაკავშირებით გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციებში არაა გაზიარებული რუსული მხარის ნარატივი, რომ მხოლოდ „სპეცოპერაცია“ მიმდინარეობს. რეზოლუციებში რუსეთის უკრაინაში შეჭრის აღსაწერად, ძირითადად, ტერმინები რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო თავდასხმა (military offensive), კონფლიქტი, შეიარაღებული კონფლიქტი გამოიყენება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომს უწოდებს მსოფლიოს სახელმწიფოების მთავრობების უმრავლესობაც, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ავტორიტეტული მედია, ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრები და ა.შ.
საბრძოლო მოქმედებების მასშტაბი უბრალო სპეციალური ოპერაციის დონეს სცდება - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, დაახლოებით, 200 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი საინტერვენციო კონტინგენტით. რუსეთი, ფაქტობრივად, ყველა სახის შეიარაღებას იყენებს, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა (რუსეთს ჯერჯერობით ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი არ გამოუყენებია). ასევე, NATO-ის 23 მარტის ინფორმაციით, უკრაინაში, დაახლოებით, 40 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა, დაიკარგა ან ტყვედ ჩავარდა. შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებები სცდება „სპეცოპერაციის“ მასშტაბებს და ის სრულმასშტაბიან ომს წარმოადგენს (მსგავსი მასშტაბის ომი 21-ე საუკუნეში ევროპაში არ ყოფილა). დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
ასევე ტყუილია მტკიცება, თითქოს რუსეთი ამას დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად აკეთებს.
უკრაინაში თითქოსდა გენოციდის შესახებ აქტიური რიტორიკის მიუხედავად, რუსეთმა ბრალდებების დამტკიცება ვერ შეძლო. ამას ადასტურებს სრულიად რუსეთის ოფიცერთა კრება, სადაც ნათქვამია, რომ „კიევის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ჩადენილი გენოციდის საკითხი არც გაეროში და არც ეუთოში დღის წესრიგში არ დაყენებულა“.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური განადგურება მოხდა. ასევე არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს მოსკოვის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი ან ეთნიკური რუსი მაცხოვრებლები იდევნებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გენოციდზე. ეუთოს მისიამ, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს, უკრაინის მიერ დონბასის მოსახლეობის გენოციდის ფაქტის დამადასტურებელი ფაქტი ვერ იპოვა. აღნიშნულს ადასტურებს ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები.
უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) შეიტანა სარჩელი, რათა გაეპროტესტებინა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრისთვის დასახელებული საბაბი - რომ რუსეთმა უკრაინაში დონბასში უკრაინის მიერ მოწყობილი გენოციდი უნდა დაასრულოს. 2022 წლის 16 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებით, „მოცემულ გარემოებებში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს სამართლიანი უფლება არ იყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა გენოციდის პრევენციის ან დასჯის მიზნით“. ჰააგის სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო“ და „ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“. დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
-----------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.