იტვირთება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 2019 წელს დაწყებული პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში (და სხვა ქართული თუ უცხოური ორგანიზაციების მიერ) სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობად შეფასდა, დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით არ დასრულებულა. დროდადრო მაუწყებელში ახალი საქმეები ჩნდებოდა და არაერთმა თანამშრომელმა, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართა. უკვე ორი წელია, რაც საქმეების უმეტესობაზე სასამართლო პროცესები ჯერ ჩანიშნულიც არაა. მაუწყებელში განვითარებული მოვლენების შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე სტატია უკვე გამოაქვეყნა. იხ. სტატია 1 და სტატია 2

ამჯერად შემოგთავაზებთ იმ თანამშრომლების მოსაზრებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარის მაუწყებლის დირექტორი და მენეჯმენტი კრიტიკული სამოქალაქო პოზიციის მქონე თანამშრომლების დევნას არ წყვეტს და მათ შევიწროებას განაგრძობს. კერძოდ, ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანი ალეკო თხილაიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თანამშრომლები, რომლებმაც 2019 წლის მოვლენების დროს ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება დააფუძნეს, მიიჩნევენ, რომ ისინი სწორედ ამ გაერთიანების წევრობისთვის იდევნებიან. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შეხვდნენ და მაუწყებელში არსებულ არაჯანსაღ გარემოზე, გადაცემების მომზადებისას არსებულ ტექნიკურ პრობლემებსა და შრომითი უფლებების დარღვევებზე ისაუბრეს. თუმცა დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მრჩევლებს საკუთარი პრობლემების შესახებ „ხმა ვერ მიაწვდინეს“.

ლეილა შავიშვილი, გადაცემა „უცხო სუნელის“ მემონტაჟე: „დევნის და კონფლიქტების ხელოვნურად შექმნის ფაქტებს მენეჯმენტის გულგრილ დამოკიდებულებას ვუკავშირებთ. ყველანაირი პასუხისმგებლობა ჟურნალისტს ეკისრება და არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ სურს მენეჯმენტს. საწარმოო პროცესის გამარტივებისა და კომუნიკაციის პრობლემის მოხსნის მზაობა ვერ დავინახეთ. ჩვენ მოვითხოვეთ გრილი [გადაცემისთვის]. არ გვაქვს სტუდია, არ გვაქვს შესაბამისი სამუშაო გარემო. ჩავთვალეთ, რომ გადაცემა თვითონ უნდა გამოგვეყვანა ჩიხიდან, გრილის სეზონი გაგვეკეთებინა. თხოვნით შევედით მენეჯმენტთან. მან საპასუხოდ დისციპლინური წარმოება დაიწყო. მოითხოვეს, ამეხსნა, რატომ არ განთავსდა გადაცემა ეთერში, რატომ დააგვიანა გადაცემებმა. ველოდებოდი, რომ დაინტერესდებოდნენ, რა პრობლემები გვქონდა და ერთად შევძლებდით მოგვარებას. ამას ცდილობდა კიდეც შემოქმედებითი სამსახურის ხელმძღვანელი. თუმცა, ამის ნაცვლად გადაცემის მთლიანად გაჩერების წინაშე დავდექით.

რატომღაც, ჩვენი სამოქალაქო პოზიცია უქმნის დისკომფორტს მენეჯმენტს და ჰგონია, რომ ყველა ერთ აზრზე უნდა ვიყოთ. როცა დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ [თანამშრომლების] დევნამ მასობრივი ხასიათი მიიღო, შევქმენით ალტერნატიული პროფკავშირები და ყველა ცივილური და სამართლებრივი გზით ვცდილობდით საკუთარი ინტერესების დაცვას. ეჭვი ჩნდება, რომ ეს არის პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ დამიჯერეთ, რასაც მენეჯმენტი აკეთებს, ეს პოლიტიკურ ინტერესშიც აღარ ჯდება. ესაა პიროვნული, ცინიკური დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგავს თავის ფუნქციას. თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მარტივი იქნება იმის თქმა, რომ არ არის საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ ყველაფრის განადგურება დანაშაულია საზოგადოების წინაშე. ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ“.

ირაკლი ყურუა, ჰეშთეგის მთავარი რედაქტორი და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრი: „მქონდა განცდა, რომ ამ შეხვედრის საფუძველზე შეიძლებოდა, შედეგი დამდგარიყო. მინიმუმ, მოგვესმინა მრჩევლებისგან, რომ ისინიც არიან საქმის კურსში იმ ყველაფრის შესახებ, რაც მაუწყებელში ხდება. შეუძლებელია, რომ ადამიანმა, რომელიც ვალდებულია, რომ დაინტერესებული იყოს, არ იცოდეს, რა ხდება. სასამართლოში არის ათამდე ადამიანის საქმე. მაუწყებელში არის დისციპლინური დევნის არაერთი შემთხვევა და ამ ყველაფერზე საჯაროდ ინფორმაცია დევს. ფუჭი მოლოდინი მქონდა, რომ ისინი [მრჩეველთა საბჭოს წევრები], გაიგებენ, გაიაზრებენ, რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამენ, რათა მინიმუმ, დაპაუზდეს დევნა. მაქვს განცდა, რომ ისინი დირექტორის ასი გადაწყვეტილებიდან, ოთხმოცდაცხრამეტს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებენ. სანამ [გიორგი კოხრეიძე] დირექტორი გახდებოდა, ბევრ მიზეზზე დაყრდნობით, გაცხადებული განწყობა გვქონდა, რას დაუშავებდა მაუწყებელს. ორწელიწად-ნახევარში ვხედავთ, რა დღეშია სარედაქციო პოლიტიკა, შრომითი გარემო. ჩვენ ყველა რესურსი და საშუალება გვაქვს წართმეული იმისა, რომ მაყურებლის საჭიროების დაკმაყოფილებაზე ვფიქრობდეთ. გადაღებიდან გადაღებამდე, რეპორტაჟიდან რეპორტაჟამდე ადამიანების განწყობა ჩემი, როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულის მიმართ, სულ უფრო სკეპტიკური და ნეგატიური ხდება. წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტის საფუძველი ერთი ფარატინა ქაღალდია, რაღაც კონსპექტის მსგავსი დოკუმენტი. თან იმ პერიოდში, როცა მაუწყებელი იწყებდა მართლა სახალხო ტელევიზიის რელსებზე დადგომას, მაქსიმალურად იყო კრიტიკული როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. ახლა კვლევები, ბოლო კვლევაც, გვარწმუნებს, რომ სულ უფრო მზარდია რეგიონის ხელისუფლების გაშუქების პოზიტიური მაჩვენებელი. ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება რომ დავაფუძნეთ, სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამდა სურვილს, რომ გაერთიანებას შემოერთებოდა. როგორც კი მენეჯმენტმა იგრძნო, რომ გაერთიანება ძალას იკრებდა, დაიწყო პირდაპირი დევნა, შანტაჟი. თუ კონკრეტული ადამიანები გაერთიანებას არ დატოვებდნენ, ხელფასის გარეშე დარჩებოდნენ, ან მათ გაუჭირდებოდათ არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ ზოგადად, ნორმალური სამსახურის პოვნა. ეს იმათი მხრიდან იყო პირდაპირი გზავნილი, რომ ისინი არ არიან მარტო, მათი საცეცები გლობალურია და შეუძლიათ, ჩვენი კარიერული წინსვლა გააჩერონ“.

მაია მერკვილაძე, ახალი ამბების სამსახურის რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი: „ეს შეხვედრა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ მრჩევლებს, რომლებმაც გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩიეს, მოესმინათ ჩვენი პრეტენზიები დირექტორისა და საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სიტუაციის მიმართ. ამის შემდეგ გაგვეგო მრჩევლების პასუხი. მათ თქვეს, რომ ჩვენ მრჩეველთა საბჭოსთან, როგორც ინსტიტუციასთან, არ ვთანამშრომლობდით, მათ შეურაცხყოფას ვაყენებდით, რასაც არ ვეთანხმები. ორი წელი ტაიმაუტი ავიღეთ. გამწვავების გარეშე ვაგრძელებდით ჩვენს საქმიანობას. თუმცა დირექტორი, მენეჯმენტი და მათთან დაკავშირებული სამსახურები არ გაჩერებულან. ამ შრომით დავებში ახალ-ახალ ეპიზოდებს ქმნიდნენ. მე 2020 წელს შევიტანე სარჩელი. დავა ორი ეპიზოდისგან შედგებოდა და ახლა უკვე მეხუთე ეპიზოდია ამ დავაში. მოსამართლემაც აღნიშნა პროცესზე, რომ ეს დევნა იყო. ვფიქრობ, რომ აშკარა დარღვევებია, რომლებიც შესაფასებელია სერიოზული ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის, ფინანსური აუდიტი უნდა ჩატარდეს. ასევე, შრომის ინსპექცია თუ დაინტერესდება ჩვენთან არსებული სიტუაციით, მნიშვნელოვან დასკვნას გააკეთებს.

შეხვედრაზე მრჩევლებმა გაიმეორეს დირექტორის მიერ კულტივირებული მოსაზრება, რომ მაუწყებელს აუცილებლად სჭირდება განახლება. თუ მაუწყებელში ვინმე უნდა განახლდეს, ესაა მენეჯმენტი და ის რგოლი, რომელიც მათ აკონტროლებს“.

ირინა ყურუა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი, ანალიტიკური გადაცემის წამყვანი და რედაქტორი: „ამ შეხვედრაზე კონკრეტული კითხვა დავსვი, თვითონ მრჩევლები რამდენად ინტერესდებოდნენ არსებული ხარვეზებით. მე და ლაშა ზარგინავამ, ანალიტიკური გადაცემების წამყვანებმა და რედაქტორებმა, გადავუგზავნეთ მონიტორინგის სამსახურს ანგარიშები, რა არ მოგვწონდა ჩვენს გადაცემებში, რა იყო დასახვეწი და როგორ აგვეწია სტანდარტი. გვეგონა, რომ ამას საქმიანი გაგრძელება მოჰყვებოდა. შიდა მონიტორმა დაგვიწერა ნეგატიური დასკვნა, რომელიც ქართული და უცხოური დამკვირვებლების შეფასებებისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა. მაქვს განცდა, რომ ეს ემსახურებოდა ამ გადაცემების იმიჯის გაფუჭებას, ნიადაგის მომზადებას, რომ ეს გადაცემები საერთოდ დაიხუროს. სხვა თანამშრომლებსაც სთხოვდნენ, მხარი დაეჭირათ იმისთვის, ვინც ეს ანგარიში გააკეთა და ასევე ნეგატიური შეფასებები მოემზადებინათ რედაქტორებს. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ ადამიანებთან და მათ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდნენ. როცა ვსაუბრობთ მტრულ გარემოზე, სწორედ ეს არის: ადმინისტრაცია აიძულებს თანამშრომლებს, ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ მტრობა და შუღლი გაჩაღდეს თანამშრომლებს შორის. მაქვს განცდა, რომ რაღაც კიდევ მზადდება. დირექტორს ვადა ეწურება და მგონია, კუდს მოიქნევს“.

გიგა ჩხარტიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე: „ეს იყო გულწრფელი შეხვედრა და მრჩევლებსაც ჰქონდათ საშუალება, რომ ეთქვათ თანამშრომლებისთვის მაუწყებლის ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნები. ეს კოლექტიური პასუხისმგებლობაა. საზოგადოების ნაწილია მაუწყებელი და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, იწყება მრჩეველთა საბჭოთი, გრძელდება მენეჯმენტით და ეს ყველაფერი შემდეგ გადადის და ვრცელდება თანამშრომლებზეც.

შენიშვნების ნაწილი მრჩეველთა საბჭოს მენეჯმენტთან დიდი ხანია აქვს და ამას ცხადყოფს ის სხდომები, რომლებიც იმართება. რა თქმა უნდა, ჩვენც ველოდებით ამ საკითხების სწრაფად გადაჭრას. არც ერთი ხელმძღვანელის დროს არსებული ძველი შენიშვნები და ხარვეზები ჯერ გამოსწორებული არაა. ადრე თუ გვიან, ფუნდამენტური რეფორმა ამ ორგანიზაციაში არის გარდაუვალი. ეჭვი მაქვს, რომ ამ რეფორმით ბევრი ბედნიერი ვერ იქნება. საზოგადოებაა, პირველ რიგში, მესაკუთრე ამ ორგანიზაციის და ადრე თუ გვიან, ის ჩაერთვება მის მართვაში. ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს აკლია ყურადღება საზოგადოების მხრიდან. საზოგადოება ვერ გრძნობს, რომ მაუწყებელს თვითონ აფინანსებს საკმაოდ მაღალი თანხით. ესაა 12 მლნ ლარზე მეტი [აჭარის საზმაუსთვის]. საზოგადოება 12 მილიონის პროპორციულ სარგებელს არ იღებს. [თანამშრომლების პრეტენზიების] ნაწილს ვიზიარებ და ეს პრეტენზიები არის შედეგი იმ პრეტენზიების, რომლებიც მე მქონდა ორივე დირექტორთან, რომლებთანაც მიმუშავია. სისტემური გაუმართაობაა ტელევიზიაში. მოუწესრიგებლობამ გამოიწვია სწორედ უკმაყოფილება, უსამართლობის განცდა. ჩვენ თუ საორგანიზაციო, სახელფასო და ხარისხის პრობლემებს მოვაგვარებთ, ეს ავტომატურად გამოასწორებს ძალიან ბევრ საკითხს.

ბოლო შემთხვევას [გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანის სამსახურიდან გათავისუფლება] თუ ავიღებთ, რამდენადაც მასალებიდანაც ვიცნობ ამ კონკრეტულ შემთხვევას, ძალიან უხერხულია საუბარი რაიმე ტიპის პერსონალურ დამოკიდებულებაზე. სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლოშია საქმეები და დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მე ვახსენე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელი უნდა აერთიანებდეს. ჩემთვის დაუშვებელია ავანსად ყველანაირი შეურაცხყოფა. მაგალითად, დამთავრებული არ იყო დირექტორის არჩევის კენჭისყრა, როცა მე აბსოლუტურად დაუმსახურებლად მივიღე შეურაცხყოფა იმ ადამიანებისგან, ვისთანაც წლების ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებდა. ასეთი წინასწარი განწყობები მოქმედებს სამუშაო პროცესზე. აქ გარემოა ისეთი, სადაც თანამშრომლები ბოლომდე არ საუბრობენ სიმართლეს, ისეთი პრობლემებია. ზოგიერთი თანამშრომლის ქცევა არანაირად არ ჯდება სტანდარტში. ერთი ხელის მოსმით ეს პრობლემები არ გადაიჭრება, მაგრამ უნდა მოგვარდეს. ამ ქვეყნის განვითარების გზა საზოგადოებრივ მაუწყებლებზე გადის“.

„ფაქტ-მეტრი“ ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვან სიახლეებს ჩვენ მომავალშიც შემოგთავაზებთ.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3898 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი