მიმდინარე წლის 2 აპრილს სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში (ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის თაობაზე - 2019) გამოქვეყნდა. დოკუმენტში, სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებული მოვლენების შესახებ (გვ. 228) არის საუბარი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მაუწყებელში კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და გამოხატვის თავისუფლებაზე უარყოფითად აისახება. იქვე ვკითხულობთ, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მაუწყებელია, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოების ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს.

სწორედ, მაშინ, როცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დირექტორმა ეთერიდან რამდენიმე გადაცემა მოხსნა, რითაც მოქალაქეებს, ვისი ფულითაც მაუწყებელი ფინანსდება, მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალება შეუზღუდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა გრძელდება.

აჭარის მაუწყებელში განვითარებულ პროცესებს ჩვენ ვრცელი სტატია მივუძღვენით. მასში დეტალურად, ქრონოლოგიური სიზუსტით აღვწერეთ მოვლენები და აღვნიშნეთ, რომ მაუწყებლის კრიტიკულად განწყობილმა თანამშრომლებმა, პროექტ „#ჰეშთეგის“ გუნდის ორგანიზებით, ალტერნატიული პროფკავშირი შექმნეს, რომელმაც 2020 წლის 24 თებერვალს საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ხოლო მენეჯმენტს საგაფიცვო დოკუმენტი 2 მარტს ჩააბარა. ორგანიზაციის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართეს და მედიატორის დანიშვნა მოითხოვეს. პროფესიული კავშირი, რომელსაც საქმის სამართლებრივად წარმართვაში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი ლელა გვიშიანი ეხმარება, კოლექტიური დავის პროცესში ჩაერთო. სამინისტროსთვის მიმართვიდან 21 დღეში, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდებოდა, ან საერთოდ ვერ შედგებოდა, კოლექტივს უკვე გაფიცვის უფლება წარმოეშვებოდა. იმ პერიოდისთვის ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ამ სიტუაციაში მაყურებლის უწყვეტი ინფორმირება აუცილებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოების ინტერესი არ დაეზარალებინათ და მიუხედავად იმისა, რომ 23 მარტიდან გაფიცვის უფლება წარმოეშვათ, მის გამოყენებაზე დროებით უარი თქვეს.

სწორედ იმ დღეს, 23 მარტს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გადაცემების ნაწილი შეაჩერა და ამის მიზეზად კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხე დაასახელა. თუმცა ალტერნატიული პროფკავშირის წევრები მიიჩნევენ, რომ მენეჯმენტმა შექმნილი ვითარებით ისარგებლა და მაუწყებელს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები ამ გზით ჩამოაშორა. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა „#ჰეშთეგის“ გუნდის წევრები ამბობენ, რომ მაუწყებელში დისტანციურად მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ მათ აქვთ და ამდენად, დირექტორის არგუმენტი, რომ გადაცემა თანამშრომლების უსაფრთხოების მოტივით შეაჩერა, დამაჯერებელი ვერ იქნება. მოგვიანებით, მათ მენეჯმენტს შესთავაზეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული თემებით ეთერში დაბრუნდებოდნენ, რაზეც დირექტორთან ვერ შეთანხმდნენ. პროფკავშირის წევრების აზრით, მენეჯმენტმა სხვა გადაცემები იმიტომ შეაჩერა, რომ მხოლოდ „ჰეშთეგის“ შეჩერება საზოგადოებაში უკვე არსებულ ეჭვს, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების შესახებ, განამტკიცებდა.

გადაცემის შეჩერებამდე დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს წერილი გაუგზავნა, რომლითაც მედიაციაზე უარი განაცხადა. ეს უკვე ნიშნავდა, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა და გაფიცვა გარდაუვალი იყო. პარალელურად, დირექტორმა გადაცემა შეაჩერა და ამით ალტერნატიულ პროფკავშირს გაფიცვის ბერკეტი არ დაუტოვა. თუმცა კარგად იცოდა, რომ თანამშრომლები, ზემოთ აღნიშნული მიზეზით, გაფიცვას არ აპირებდნენ.

მედიატორმა მედიაციის პროცესი შეწყვიტა. ალტერნატიული პროფკავშირი, რომელმაც 3 აპრილს, პროცესებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, მიიჩნევს, რომ დირექტორის გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ამას არც საქმეში ჩართული იურისტი ლელა გვიშიანი გამორიცხავს. მისი თქმით, სამინისტრომ მედიატორის დანიშვნა დააგვიანა და ამით მედიაციის პროცესი დააბრკოლა: „უნდა ვთქვათ, რომ ჯანდაცვამ დააგვიანა რეაგირება, რომ დროულად დაენიშნა მედიატორი. ეს გასაგებიც არის იმ მოვლენის ფონზე, რაც იყო ქვეყანაში. მედიაციის პროცესი ამანაც დააბრკოლა. ჩვენ გვაქვს მთავრობის დადგენილება კოლექტიური დავის დროს შემათანხმებელი პროცედურის თაობაზე. ყველა სხვა მედიაციისგან, შრომითი მედიაცია იმით გამოირჩევა, რომ მხარეებს მასში მონაწილეობის ვალდებულება აქვთ. როცა დღეის გადმოსახედიდან ვაფასებთ ამ პროცესს, ვთვლით, რომ ეს ვალდებულება სათანადოდ არ იქნა გაცნობიერებული არც მეორე მხარის, არც - მედიატორის მხრიდან. ვალდებულება ნიშნავს, რომ შემათანხმებელ პროცესში, ორმხრივი მოლაპარაკება მინიმუმ ერთხელ უნდა შედგეს. ეს არის გარანტია მხარეებისთვის, რომ გაიგონ ერთმანეთის პოზიცია“.

მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. მედიატორმა, დისტანციურ რეჟიმში, შეხვედრა ორივე მხარესთან ცალ-ცალკე გამართა და მიიჩნია, რომ გიორგი კოხრეიძე მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდებოდა. დირექტორის წერილში ვკითხულობთ: „მიმაჩნია [ალტერნატიული პროფკავშირის], მოთხოვნა დაუსაბუთებელია და უნდა შეწყდეს მედიაცია“. რამდენად იყო კოხრეიძის ეს კატეგორიული მოთხოვნა საკმარისი საფუძველი მედიაციის პროცესის შესაწყვეტად, ამ კითხვაზე მედიატორმა ტარიელ სიხარულიძემ არ გვიპასუხა და საერთოდ, კომენტარზე უარი გვითხრა.

რამდენად ჯდება აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოში, ამის განმარტება კვლავ ლელა გვიშიანს ვთხოვეთ. იურისტი აცხადებს, რომ დირექტორის წერილის საფუძველზე მედიაციის შეჩერება არასწორია: „ჯანდაცვის მინისტრთან წერილის გაგზავნა არც ერთ მხარეს არ ეკრძალება. პრობლემა ისაა, რომ მედიატორს ამის საფუძველზე არ უნდა შეეჩერებინა, მით უმეტეს, მედიაციის პროცესი არ უნდა შეეწყვიტა. შემათანხმებელი პროცედურების დასრულების საფუძველი არის, მხარეებს შორის შეთანხმება, ან მედიაციის პროცესის წარუმატებლად დასრულება - თუ კოლექტიურმა დავამ გადაინაცვლა სასამართლოში. ამ საფუძვლებს შორის ნამდვილად არ წერია ის, რომ მედიაცია წყდება, თუ ერთ-ერთი მხარე გამოხატავს ნებას, რომ მოთხოვნები დაუსაბუთებელია. კოხრეიძემ წერილი მისწერა ჯანდაცვის მინისტრს იმის შესახებ, რომ მოთხოვნები დასაბუთებული არ არის და ამის გამო, მედიაციის შეწყვეტა მოითხოვა. მას არ მიუწერია, მე უარს ვაცხადებ კოლექტიურ დავაში მონაწილეობაზეო. ვფიქრობ, მედიატორი ამ შემთხვევაში ნამდვილად არასწორად მოიქცა. ჯანდაცვის მინისტრს აქვს მედიაციის პროცესის ნებისმიერ დროს შეწყვეტის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის უფლება აქვს. თუ მინისტრი ხვდება, რომ მხარეები მოლაპარაკებას ვერ მიაღწევენ და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსი არის ტყუილად გახარჯული, შეუძლია, შეწყვიტოს მედიაციის პროცესი. ჯანდაცვის მინისტრს შეეძლო უარი ეთქვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ვფიქრობ, კანონის ჩანაწერი, რომ მინისტრს აქვს პროცესის ნებისმიერ დროს შეწყვეტის უფლება, არასწორად იქნა წაკითხული მის მიერ“.

იურისტი ამბობს, რომ რთულია, მაუწყებელში მიმდინარე პროცესში პოლიტიკური მდგენელი არ დაინახო, რადგან მენეჯმენტი აშკარად სარგებლობს ქვეყანაში არსებული სიტუაციით და მაუწყებლიდან კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორების პროცესს აგრძელებს. ამასთან დაკავშირებით, კოალიციამ „მედია ადვოკატირებისთვის“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სიტუაცია საგანგაშოდ შეაფასა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დირექტორის მიერ 23 მარტს მიღებული ორი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჟურნალისტების დევნა და შევიწროება გრძელდება და რომ მენეჯმენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას თავს არიდებს. საუბარია ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის ქუთაისის დახურულ ბიუროში (ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანის შემდეგ, იქ ბიურომ ფუნქციონირება შეწყვიტა) ოპერატორის გარეშე გადაყვანასა და მაუწყებლის ეთერიდან პროექტ „ჰეშთეგის“ მოხსნის თაობაზე. კოალიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებლობა მენეჯმენტსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება.

თეგები: