ვახტანგ მეგრელიშვილი:[ნარკოპოლიტიკაზე] უფრო და უფრო ვამკაცრებთ კანონმდებლობას, უვადო პატიმრობაზე ავედით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების დამსახურებით, ნარკოპოლიტიკა გარკვეულწილად ლიბერალური გახდა, ამ მიმართულებით, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელებულა.
პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონმდებლობაში ასახვას არაგონივრულად აჭიანურებდა, საერთოდ არ აღასრულებდა ან სასამართლოს მსჯელობას ზედმეტად ავიწროებდა. შესაბამისად, საქართველოში ნარკოპოლიტიკა დღემდე მკაცრია და ნარკოტიკების მომხმარებლების სტიგმატიზაციასა და დასჯაზეა ორიენტირებული.
საყურადღებოა, რომ გასული წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებებით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღებისთვის სასჯელად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
ანალიზი
მიმდინარე წლის 17 მარტს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, მინისტრს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. მეგრელიშვილის შეფასებით, ამ მიმართულებით კანონმდებლობა უფრო მკაცრდება. „ჩვენ ახლა კიდევ უფრო და უფრო ვამკაცრებთ კანონმდებლობას, უვადო პატიმრობაზე ავედით. ცოტა ხნის წინ მივიღეთ ასეთი ნორმა, დანაშაულზე, რომელსაც, იდეაში, მსხვერპლი არ ჰყავს“,- აღნიშნა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება გადაამოწმა [1].
2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია დაისახა მიზნად. თუმცა ამ მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმების განსახორციელებლად მმართველ გუნდს პოლიტიკური ნება დღემდე არ გამოუჩენია. მეტიც, წლების განმავლობაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის არაერთი მაგალითის მხილველი გავხდით, მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ აღიარებულია (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3) - ნარკოტიკების მომხმარებლების მკაცრ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სარგებელი არ მოაქვს.
ამის ფონზე, განსაკუთრებულად პარადოქსულია, რომ გასული წლის მიწურულს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არსებულ „ლიბერალურ“ ნარკოპოლიტიკას აბსოლუტურად მავნებლური და დამაზიანებელი უწოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები
ნარკოპოლიტიკის სფეროში სამართლებრივი თვალსაზრისით გარკვეულწილად გარდამტეხი ცვლილებები 2015 წლიდან დაიწყო, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.
2015 წელს საქმეში „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ, ღირსების უფლებასთან წინააღმდეგობის გამო, არაკონსტიტუციურად ცნო 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა.
2 წლის შემდეგ, 2017 წელს, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა.
ამავე წელს, საქმეში „გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანის მოხმარებისთვის ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მოახდინა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ბექა წიქარიშვილის საქმისგან განსხვავებით, ეს გადაწყვეტილება სადავო ნორმის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან წინააღმდეგობას დაეფუძნა.
2017 წელსვე, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა მარიხუანის კულტივაციის საქმეები, რომლებშიც გაერთიანებული იყო სამი სხვადასხვა სარჩელი. სასამართლომ გადაწყვეტილებით, 151 გრამამდე კანაფის პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, თავისუფლების აღკვეთა დაუშვებლად ცნო. ამასთან, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 266 გრამამდე მცენარე კანაფის დათესვა/მოყვანა/კულტივირებისთვის დაწესებული სასჯელის ზომა (6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა).
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით არსებითად წინა საქმეებში გამოყენებულ არგუმენტაციას დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლო თავის 2018 წლის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. გადაწყვეტილებით, მარიხუანის პირად სივრცეში მოხმარება ლეგალიზებული გახდა.
რაც შეეხება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 2017 წელს იქნა მიღებული საქმეზე „ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის შენახვისთვის ჰქონდა დაკისრებული. სასამართლოს თანახმად, მოცემულ შემთხვევაში პირი არ ქმნიდა არათუ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ მოხმარების საფრთხესაც კი და 0.00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის დაწესებული სასჯელი ზოგადი პრევენციის მიზანს ემსახურებოდა.
მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების (მეტამფეტამინი) შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის შემოწმებას ეხებოდა საქმე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სარჩელის მომზადების დროისთვის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ არაერთ ნივთიერებას, მათ შორის, მეტამფეტამინს, კანონმდებლობა არ განუსაზღვრავდა მცირე ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს. ამის გამო, მეტამფეტამინის შემთხვევაში, 1 გრამამდე ოდენობის ნებისმიერი დოზა, დიდ ოდენობად კვალიფიცირდებოდა, მიუხედავად იმისა, იყო, თუ - არა დოზა მოსახმარად ვარგისი.
მოცემულ საქმეში, სასამართლო დაეყრდნო მისსავე გადაწყვეტილებას მოსახმარად გამოუსადეგარი დეზომორფინის ფლობის არაკონსტიტუციურობაზე და დაადგინა, რომ დაუშვებელია რომელიმე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, თუ ის მოსახმარად გამოუსადეგარია.
მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის გადაწყვეტილება სახალხო დამცველის სარჩელზე. გადაწყვეტილებაში სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა ე.წ. მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკული საშუალებები და მათ მიმართ განსხვავებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითა. ამასთან, აღნიშნა, რომ მომხმარებლის პირადი, ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების (თუნდაც მრავალჯერადი) ან აშკარად პირადი მოხმარებისთვის (ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით) შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელების გამოყენება დაუშვებელია.
საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსების უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სანქციის სახით საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენისა და შენახვისათვის ითვალისწინებს, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობაში ასახვა
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან სხვადასხვა დროს ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ იმ დანართში, რომელიც განსაზღვრავს ნედლი და გამომშრალი მარიხუანის მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს.
საკანონმდებლო ცვლილებები ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ განხორციელდა და გამომშრალი მარიხუანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა 5-70 გ., ხოლო ნედლი მარიხუანის შემთხვევაში - 10-140 გრამი განისაზღვრა.
ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის საქმის აღსრულების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები 2018 წელს განხორციელდა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 451 -ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრა კონკრეტული გარემოებები, რომელთა დროსაც მარიხუანის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა. ამავე მუხლში მოექცა მარიხუანის მცირე ოდენობით შეძენა-შენახვის აკრძალვაც.
ახალი ნორმა (2731) დაემატა სისხლის სამართლის კოდექსსაც, რომელშიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენისთვის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებისა (რომ მარიხუანის მოხმარება ნებადართული უნდა იყოს კერძო, პრივატულ სივრცეში ან სხვაგან, დასვენების, განტვირთვის, გართობის მიზნით), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ფაქტობრივად ყველგან აიკრძალა მარიხუანის მოხმარება, გარდა კერძო მფლობელობაში არსებული სივრცისა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) 2019 წლის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, პარლამენტში მარიხუანასთან დაკავშირებული საკითხების ფართოდ მოწესრიგების მცდელობა არ ყოფილა. დოკუმენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს პირადი მოხმარების მიზნებისთვის მარიხუანის მოპოვების წესი ისე, რომ ეს კანონისმიერი გზებით ხდებოდეს.
ამავე ანგარიშის თანახმად, გაუგებრად და უარყოფითადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული თრობის ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა დამამძიმებელ გარემოებადაა განსაზღვრული მაშინ, როცა ტრანსპორტის მართვისას ალკოჰოლური თრობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველია.
აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული თრობის ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებასთან ერთად, კანონმდებლობით განისაზღვრა ამ დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის შესაძლებლობაც. 2018 წლის ცვლილებების თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონში, მოსამართლეს მიეცა დისკრეციული უფლებამოსილება, სამ წლამდე ვადით უფლებების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს, მცენარე კანაფის ან მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიმართ.
რაც შეეხება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების კანონმდებლობაში ასახვას, აქაც არსებობს საკითხები, რომლებიც დღემდე ბუნდოვანია, მაგალითად, ე.წ. მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკული საშუალებების გამიჯვნის საკითხი.
2021 წლის 5 მარტს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი [2], რომლის თანახმადაც, ახლებურად განისაზღვრა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებიდან 8 ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). აღნიშნულ 8 ნივთიერებას მანამდე მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ოდენობები არ გააჩნდა. გარდა ამისა, ჰეროინის შემთხვევაში ახლებურად ჩამოყალიბდა განსაზღვრული დოზების მოცულობები.
აღნიშნული ცვლილებები გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და არაერთმა ნარკოლოგმა. მათი შეფასებით, საკანონმდებლო დონეზე არსებული პრობლემების გარკვეული ნაწილის აღმოფხვრის მიუხედავად, ცვლილებები რეგულარულ მომხმარებლებზე გათვლილი არ იყო და ნარკოტიკული საშუალების რეგულარული მომხმარებლები, პრაქტიკულად, კვლავ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევიან.
რაც შეეხება უშუალოდ იმ ნორმას, რომელზეც ვახტანგ მეგრელიშვილი განცხადებაში მიუთითებს, ის გასული წლის 1 დეკემბერს მიღებული ცვლილებებით აისახა კანონმდებლობაში. კერძოდ, გამკაცრებული ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად, 6-ის ნაცვლად, 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ სასჯელის სახით - 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდა სასჯელი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის. ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში — 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
დასკვნა
ნარკოპოლიტიკის სფეროში გარკვეული პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი საკონსტიტუციო სასამართლომ შეასრულა. სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და ლეგალიზებული გახდა მისი პირად სივრცეში მოხმარება; მოსახმარად გამოუსადეგარი ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთა აშკარად არაპროპორციულ სასჯელად გამოცხადდა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ნარკოპოლიტიკა საქართველოში დღემდე მკაცრია.
ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობაში არასრულყოფილად ან/და ბუნდოვნად აისახა. პარლამენტს შეეძლო ხსენებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით ფუნდამენტური ცვლილებები მიეღო, თუმცა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ასეთი ცვლილებები დღემდე არ განხორციელებულა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 2021 წლის ანგარიშის თანახმად, იყო შემთხვევები, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონმდებლობაში ასახვა არაგონივრულად გაჭიანურდა, საერთოდ არ აღსრულებულა ან პარლამენტმა სასამართლოს მსჯელობა ზედმეტად დაავიწროვა და არასწორად განმარტა.
საყურადღებოა, რომ გასული წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებებით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა და მაქსიმალური სასჯელად დანაშაულისთვის 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება არის სიმართლე.
[1] „ფაქტ-მეტრი“ არ ამოწმებს განცხადების იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, განცხადების ავტორის მოსაზრებით, კონკრეტულ დანაშაულს „მსხვერპლი არ ჰყავს“.
[2] ცვლილება შევიდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში