Facebook-გვერდმა „2012-იანელები“ 29 აპრილს შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „სასაცილოა! ----რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთს ჯერჯერობით! დანარჩენები იხდიან რუბლში!!!!! არადა რუბლში გადახდა სანქციის დარღვევაა!!! ანუ, ევროპა თვითონვე არღვევს მის მიერ დაწესებულ სანქციებს! ახლა პოლონეთი-----გაზს შეისყოდის გერმანიისგან, რომელიც რუბლებზე გაზს ყიდულობს რუსეთისგან! თან უნფრო ძვირად! ასევეა ბულგარეთიც! ------ევროპაში რუსულ გაზზე სპეკულაცია აყვავდა!!!! მე მაინტერესებს, ----როდის გაიღვიძებს ევროპაში ხალხი? არადა მე მართლა მქონდა იმედი რომ ესენი რუსს ომს მოუგებდნენ! მეტი არაა ჩემი მტერი!“.

რუსეთმა, კერძოდ „გაზპრომმა“, პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი არის მიწოდება მართლაც შეუწყვიტა, რადგან მათ საფასურის რუბლში გადახდაზე უარი განაცხადეს. რუსეთი გაზის მიწოდების შეწყვეტით ევროპის სხვა ქვეყნებსაც ემუქრება, თუ ისინი რუბლში არ გადაიხდიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთს „გაზპრომთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ჰქონდა და უკვე საჯაროდ გაცხადებული და „გაზპრომისთვის“ ოფიციალურად შეტყობინებული, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებდა - ე.ი. რუსულ გაზზე 2022 წლის ბოლოს უარს თავად ამბობდა. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მათეუშ მორავეცკის 29 მარტის განცხადებით, ის მოელოდა, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი მაისში შეწყდებოდა. პოლონეთის განცხადებით, ისინი „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის მზად არიან. შეწყვეტის მომენტში პოლონეთს მისი რეზერვების 76% სავსე ჰქონდა, ასევე იღებს გაზს LNG ტერმინალიდან, ნაწილს ადგილობრივი წარმოებით და ნაწილს ჩეხეთისა და გერმანიისგან, ასევე წელს ხსნის მილსადენებს ნორვეგიასთან, ლიეტუვასთან და სლოვაკეთთან, მსგავსი შეთანხმება განიხილება ჩეხეთთანაც.

რაც შეეხება ბულგარეთს, მისი რეზერვების 17.6% იყო სავსე. მოსალოდნელია, რომ ბულგარეთი გაზს საბერძნეთისა და თურქეთისგან შეიძენს (საბერძნეთის და თურქეთის LNG ტერმინალებიდან), ასევე ყიდულობს გაზს აზერბაიჯანიდან, საიდანაც ასევე შეუძლია მოცულობის გაზრდა. ბულგარეთს ასევე აქვს ვარიანტები, რომ შეისყიდოს გაზი რუმინეთისგან, თუ მას ზედმეტი რაოდენობა ექნება და გააფორმოს LNG-ის შესყიდვის კონტრაქტები ყატართან, ალჟირთან და აშშ-სთან.

მართალია, რუსეთს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის ჯერჯერობით გაზის მიწოდება არ შეუწყვეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საფასურს რუბლში იხდიან. როგორც წესი, სახელმწიფოები ბუნებრივი აირის იმპორტის საფასურს წინასწარ იხდიან და როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ „არამეგობრული სახელმწიფოებისთვის“ ენერგეტიკული რესურსების საფასურის რუბლში გადახდა დაევალდებულებინათ, შემდგომი გადახდების რუბლში განხორციელების მოთხოვნა იგულისხმებოდა. „გაზპრომს“ ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალური კონტრაქტი აქვს დადებული და ჯერჯერობით გადახდის განხორციელება სწორედ პოლონეთსა და ბულგარეთს უწევდათ - მათ რუბლში საფასურის გადახდაზე უარი განაცხადეს და ამიტომ „გაზპრომმა“ მიწოდება შეუწყვიტა. ხოლო სხვა ქვეყნის გადახდები მოსალოდნელია, რომ მაისის მეორე ნახევარში იქნება (კონტრაქტები საჯარო არაა).

ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც „გაზპრომთან“ დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით „ბლუმბერგმა“ გაავრცელა, იუწყება, რომ რუბლში „გაზპრომს“ ოთხმა ევროპულმა კომპანიამ გადაუხადა. მაშინ როდესაც რუსეთი 23 ევროპულ ქვეყანას აწვდის გაზს და საუბარია მხოლოდ ოთხი კომპანიის მიერ რუბლში გადახდაზე. რუბლში გადახდასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ რუსეთს გაზის საფასურს, რომელიც კონტრაქტით ევროსა და დოლარშია გათვალისწინებული, რუბლში არ გადაუხდიან, შეიძლება მომავალში შეიცვალოს. მაგალითად, განიხილება სქემა, რომ ევროპელმა გაზის შემსყიდველებმა „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიში გახსნან - გადახდა განხორციელდება პირველ ანგარიშზე დოლარში ან ევროში და შემდეგ „გაზპრომბანკი“ მეორე ანგარიშზე მას რუბლში გადააკონვერტირებს და „გაზპრომისთვის“ გადახდა მეორე ანგარიშიდან განხორციელდება (ე.ი. ტექნიკურად ევროპა მაინც დოლარში/ევროში გადაიხდის საფასურს და ის „გაზპრომთან“ მისვლამდე „გაზპრომბანკის“ მიერ გადაკონვერტირდება რუბლში). ეს კი, შესაძლოა, სანქციების დარღვევა აღარ იყოს, თუმცა აღნიშნულ სქემასთან ან სანქციებთან მიმართებით მის კანონიერებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა.

თუმცა „2012-იანელების“ პოსტის გამოქვეყნების თარიღისთვის ჯერჯერობით არაა მოცემულობა, როდესაც პოლონეთისა და ბულგარეთის გარდა ყველა დანარჩენი რუბლში იხდის რუსული ენერგეტიკული რესურსებისთვის, როგორც ამას Facebook-გვერდი ამტკიცებს.

რაც შეეხება პოსტში დასახელებულ კიდევ ერთ ფაქტს, პოლონეთი გერმანიისგან ბუნებრივ აირს მართლაც ყიდულობს და შესყიდვის მოცულობის გაზრდაც იგეგმება, თუმცა ჯერჯერობით არაა ცნობილი, რომ გერმანია გადასახადს რუბლში იხდის. გერმანია რუბლში გადახდის წინააღმდეგია. თუმცა 27 აპრილს „ბლუმბერგმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია (და ავსტრიაც) ცდილობდა გაზის საფასური რუბლში გადაეხადა მის მიერ რუსეთისგან კონფისკებული/დაუფლებული კომპანიის - Gazprom Marketing & Trading - მეშვეობით (ე.ი. პირდაპირ რუბლში გადახდას თავს არიდებდნენ). თუმცა აღნიშნული გადახდა რუსეთმა არ მიიღო, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთს არ სურს გადასახადის მიღება Gazprom Marketing & Trading-სგან, რომელიც „გაზპრომის“ შვილობილი იყო, თუმცა ახლა გერმანია აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, „ბლუმბერგის“ წყარო იტყობინება, რომ Gazprom Marketing & Trading-ი მაინც ცდილობს ტრანზაქციის განხორციელებას. შესაბამისად, 29 აპრილისთვის („2012-იანელების“ პოსტის გამოქვეყნების თარიღი) არ არსებობს ინფორმაცია, რომ გერმანია რუსეთისგან გაზს უკვე რუბლებში ყიდულობს.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.