ირაკლი კოვზანაძე: სავალუტო ფონდის პროგნოზით მომავალი 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იქნება არამარტო რეგიონში, არამედ მთლიანად პოსტ საბჭოთა სივრცეში და ევროპაშიც მშპ-ს ზრდის მიხედვით.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კოვზანაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე:
საერთაშორისო სავალუტო ფონდს პროგნოზები 2027 წლამდე აქვს წარმოდგენილი. აღნიშნულ ნაწილში, პოლიტიკოსის განცხადება ტექნიკურ ხარვეზს შეიცავს, რადგან მხოლოდ შემდგომი 6 წლის დინამიკაზე არის შესაძლებელი მსჯელობა. თუმცა საინტერესოა, 2022-2027 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც 4.96%-ს შეადგენს და როგორც მეზობელი ქვეყნების, ისევე პოსტსაბჭოთა და ევროპის ყველა ქვეყნის ზრდის პროგნოზებს აღემატება. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო არათუ ერთ-ერთი ლიდერი იქნება, არამედ, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ისე ევროპაში, პირველ ადგილს დაიკავებს.
კეთილსაიმედო პროგნოზების არსებობა, წარმატების უპირობო გარანტი არ არის. ზოგადად, გლობალურ ეკონომიკაში და განსაკუთრებით იმ რთულ შიდა და საგარეო პირობებში, რომელშიც საქართველო იმყოფება, გაურკვევლობის ხარისხი მაღალია და პროგნოზები ძალიან მოკლე პერიოდში არსებითად იცვლება. ხშირად ფაქტობრივი მონაცემები პროგნოზებს არ ემთხვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიტიკოსმა შესაბამისი განმარტება გააკეთა [იხ:განცხადება სრულად ანალიზში].
გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ ყველაზე მაღალ ზრდაზე ევროპაში, რაზეც სავარაუდოდ მკითხველი ყველაზე მეტ ყურადღებას გაამახვილებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საბაზო ეფექტის საკითხიც, რადგან ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, საქართველოზე ბევრად მდიდარია. შესაბამისად, შედარებით მცირე მაჩვენებლის ცვლილება უფრო დიდ პროცენტს იძლევა, ვიდრე დიდი მაჩვენებლების ცვლილება. გარდა ამისა, ზოგადად, გაჯერებული და განვითარებული ეკონომიკებისთვის, მაღალი პროცენტული ზრდის მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე განვითარებადი ეკონომიკებისთვის. საქართველოს შემთხვევაში, საშუალოდ 5% ზრდა, არასაკმარისია სწრაფი ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის მიზნებიდან გამომდინარე. იმის მიუხედავად რომ ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერობს - 33.7% ზრდით, საქართველო ვერ დაეწევა ბულგარეთის დღევანდელ ეკონომიკურ დონესაც კი, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, განცხადება არის მეტწილად სიმართლე, ვინაიდან განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას.
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკის ზრდის პროგნოზებთან დაკავშირებით განაცხადა: „სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალი 7 წლის მანძილზე, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იქნება არამარტო რეგიონში, არამედ მთლიანად პოსტ საბჭოთა სივრცეში და ევროპაშიც მშპ-ს ზრდის მიხედვით. თუმცა მიმაჩნია, რომ პროგნოზებთან მიმართებაში მომდევნო 2-3 თვე არის საჭირო, რომ რეალობა დავინახოთ, თუ რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ; International Monetary Fund) გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე განვითარებად ქვეყნებს საჭიროებისამებრ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები თუ რეკომენდაციები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებში რელევანტური და ხშირად ციტირებადია. შესაბამისად, რელევანტურია ორგანიზაციის შეფასება საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. მაჩვენებელი, რომელზეც პოლიტიკოსი საუბრობს, სწორედ რეალური ეკონომიკის (ინფლაციის გამორიცხვით) პროცენტულ ზრდას ასახავს, რაც კონკრეტულ პერიოდში წარმოებული საქონლის და მომსახურების ზრდას აჩვენებს. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, განვითარების და სიღარიბის შემცირებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, თუმცა, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი პანდემიური კრიზისის კონტექსტში, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შემცირება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 2013-2020 წლებში, ეკონომიკა საშუალოდ 2.81%-ით იზრდებოდა. პანდემიური კრიზისის გამოკლებით, 2013-2019 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 4.09%-ით იზრდებოდა. აღნიშნულ კონტექსტში, საინტერესოა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.
2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით შემცირდა, რაც მეზობელ ქვეყნებში ყველაზე მეტი კლება იყო. თუმცა, 2021 წელს, საქართველო 10.3% ზრდით, თურქეთის შემდგომ, მეორე ადგილას მოექცა. 2021 წლის ბოლოს, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის აღდგენის კუთხით, თურქეთის მერე, საქართველო რეგიონში მეორე იყო, 2.8%-ით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს პროგნოზები 2027 წლამდე აქვს წარმოდგენილი. აღნიშნულ ნაწილში, პოლიტიკოსის განცხადება ტექნიკურ ხარვეზს შეიცავს, რადგან შესაძლებელია მხოლოდ მომდევნო 6 წლის დინამიკაზე მსჯელობა. 2022-2027 წლებში, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის საშუალო პროგნოზით საქართველო პირველ ადგილს იკავებს (ეკონომიკური ზრდის პროგნოზების სანახავად როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში, იხ: ფაილი). 2022 წლისთვის, პროგნოზირებულია 3.2% ზრდა, ხოლო 2022-2027 წლებში, საშუალოდ 5% ზრდა. მეორე ადგილს, საქართველოს შემდეგ სომხეთი იკავებს - 3.9%-ით. აღნიშნული პროგნოზით, 2027 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა 33.7%-ით გაიზრდება, სომხეთის - 25.8%-ით, თურქეთის - 21%-ით, აზერბაიჯანის - 16.4%-ით, ხოლო რუსეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდება.
ცხრილი 1: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022-2027 წლებში
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ევროპული ქვეყნების შემთხვევაშიც, საქართველოს ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2022-2027 წლებში ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს აღემატება. საქართველოს შემდეგ, სერბეთი და მოლდოვა მოდის 3.9%-იანი ზრდის პროგნოზით, რაც საქართველოს მაჩვენებელს მთელი ერთი პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება. საქართველო ეკონომიკური ზრდის საშუალო პროგნოზით პირველ ადგილს იკავებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, უზბეკეთთან ერთად (უზბეკეთის ზრდის პროგნოზი, საქართველოსას 0.002 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება).
შედარებისთვის, მიზანშეწონილია მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის გამოყენება, რომელშიც საქართველოს გარდა 22 ქვეყანა შედის. აღნიშნული ქვეყნები, ეკონომიკური თვალსაზრისით, მეტნაკლებად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან.
გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური პროგნოზი 2022-2027 წლებში, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (რეგიონი მსოფლიო ბანკის მიხედვით)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სსფ
მეორე მხრივ, უნდა აღნიშნოს რომ კეთილსაიმედო პროგნოზების არსებობა, წარმატების უპირობო გარანტი არ არის. ზოგადად, გლობალურ ეკონომიკაში და განსაკუთრებით იმ რთულ შიდა და საგარეო პირობებში, რომელშიც საქართველო იმყოფება, გაურკვევლობის ხარისხი მაღალია და პროგნოზები ძალიან მოკლე დროში არსებითად იცვლება. ხშირად ფაქტობრივი მონაცემები პროგნოზებს არ ემთხვევა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, სსფ-ს შეფასებით, საქართველოს შემთხვევაში კეთილსაიმედო საპროგნოზო ვითარება იკვეთება, რასაც ბუნებრივია, თავისი დადებითი ფაქტორები აქვს, პროგნოზებზე დაყრდნობით წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე მსჯელობა ნაადრევია.
გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ ყველაზე მაღალ ზრდაზე ევროპაში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საბაზო ეფექტის მომენტიც, რადგან ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, საქართველოზე ბევრად მდიდარია. შესაბამისად, შედარებით მცირე მაჩვენებლის ცვლილება უფრო დიდ პროცენტს იძლევა, ვიდრე დიდი მაჩვენებლების ცვლილება. მაგალითად, განვიხილოთ მოქალაქე A და მოქალაქე B-ს შემოსავლების ცვლილება, რომელიც ცხრილ 1-შია ასახული. აღნიშნულ მაგალითში, მოქალაქე A-ს შემოსავალი 90 %-ით გაიზარდა, მოქალაქე B-ს შემოსავალი კი 80 %-ით, თუმცა, მოქალაქე B-ს შემოსავლის ზრდა მოქალაქე A-სთან შედარებით, 790 ლარით მეტია. კითხვაზე, თუ რომელი მათგანის წელი იყო შედარებით წარმატებული, ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან A-ს ფინანსური რესურსი პროცენტულად უფრო სწრაფად გაიზარდა, მაგრამ B-ს ბიუჯეტი უფრო მეტი თანხით შეივსო. საქართველოს შემთხვევაში, საშუალოდ 5% ზრდა, არასაკმარისია სწრაფი ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის მიზნებიდან გამომდინარე. იმის მიუხედავად რომ პროგნოზით, საქართველო ლიდერობს, 33.7% ზრდით, საქართველო ვერ დაეწევა ბულგარეთის დღევანდელ ეკონომიკურ დონესაც კი.
ცხრილი 2: ნომინალური და პროცენტული ცვლილების მაგალითი
ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპი განვითარებულ ქვეყნებში, გამოწვეულია ეკონომიკური ეფექტით, რომელიც ე.წ. „კლებადი ზღვრული უკუგების კანონის“ სახელით არის ცნობილი. რაც გულისხმობს, რომ წარმოების ფაქტორის (მაგ. ადამიანური რესურსი, კაპიტალი) ყოველი დამატებითი ერთეული, ნაკლები შედეგის მომტანია. განვითარებული ქვეყნები არსებულ წარმოების რესურსებსა და ტექნოლოგიებს თითქმის სრულად იყენებენ და ახლოს არიან გამოშვების ზედა ზღვართან. შესაბამისად, შემდგომი ზრდის შესაძლებლობა შეზღუდულია. განვითარებული ეკონომიკები იზრდებიან სწრაფად მხოლოდ მაშინ, როცა სახეზეა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესი, რაც არსებული რესურსების მეტად ეფექტურ გამოყენებას ხდის შესაძლებელს, ან პოსტკრიზისულ პერიოდში, როცა ისინი უბრუნდებიან წარმოების კრიზისამდე დონეს, დროებითი ვარდნის შემდგომ. თავის მხრივ, განვითარებადი ქვეყნები შორს არიან გამოშვების ზედა ზღვრიდან, არასრულად იყენებენ წარმოების რესურსებს ან განიცდიან მათ ნაკლებობას (ძირითადად ტექნოლოგიებისა და კაპიტალის). შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა პოტენციალის სრულად ათვისებით, განვითარებული ქვეყნებიდან ტექნოლოგიების კოპირებითა და კაპიტალის მოზიდვის გზით, მიაღწიონ შედარებით მაღალ ე.წ. „დამწევ ზრდას“ (catch-up growth [1]).
[1] მსგავსი თეორიული შესაძლებლობის არსებობა არ ნიშნავს, რომ ყველა განვითარებადი ქვეყანა პრაქტიკაში მის რეალიზებას ახერხებს