იტვირთება

ოთარ შამუგია: [აგრარული პროდუქციის ექსპორტი] შარშან 200 მლნ დოლარზე მეტი ზრდა გვქონდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 2021 წელს საქართველოდან 1,142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. იგივე მაჩვენებელი 2020 წელს 942 მლნ აშშ დოლარი იყო. როგორც ვხედავთ, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მართლაც 200 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი არის სიმართლე.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს - საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას, ბოლო წლების მიხედვით, 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყველაზე მეტ - 99 ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა 2018 წლის მონაცემთან შედარებით, საექსპორტო ბაზარი სამი ერთეულით არის გაზრდილი, რაც სამინისტროს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული მუშაობის განსაკუთრებით ეფექტურობაზე არ მიუთითებს. თანაც, საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, ექსპორტის მთლიან რაოდენობაში - ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი წლების მიხედვით, როგორ იცვლებოდა.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მთავარ სავაჭრო პარტნიორად კვლავ რუსეთი რჩება და რუსეთის წილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მზარდია, გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც წილი 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით წლების განმავლობაში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია და რუსეთის ბაზარზე კვლავ დიდი დოზით ვართ დამოკიდებული. რუსეთი კი არასტაბილური პარტნიორია, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

აქედან გამომდინარე, ოთარ შამუგიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსეთში გასულ აგროსასურსათო პროდუქციაზე საუბრისას, მთლიანად ექსპორტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ შარშან მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა - მთლიანობაში 200 მლნ დოლარზე მეტი ზრდა გვქონდა აგრარული პროდუქციის ექსპორტთან მიმართებაში. იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც პროდუქცია გადის, ყოველწლიურად მზარდია. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურია“.

2021 წელს, საქართველოდან 1,142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (21%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (10%) და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (5%).

თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიგარეტის, თამბაქოს და თამბაქოს ნედლეულის ექსპორტს, რაც უმეტესწილად წარმოადგენს რეექსპორტს, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა და 1,086 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წელს 898.2 მლნ აშშ დოლარი იყო).

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობა წლების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით (200 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა, იმპორტი - 12%-ით, ხოლო უარყოფითი სავაჭრო სალდო 22%-ით შემცირდა.

2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი 99 ქვეყანაში განხორციელდა.

2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (386 მლნ აშშ დოლარი), ევროკავშირი (180 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (108 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (108 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (88 მლნ აშშ დოლარი) და ბელარუსი (35 მლნ აშშ დოლარი).

მთლიანი აგროსასურსათო ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის (ექსპორტის 34%). მას დაახლოებით ორჯერ ჩამოუვარდება ევროკავშირი - 16%. უკრაინაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 9%, აზერბაიჯანში - 9%, სომხეთში - 8%, ბელორუსიაში - 3%, ყაზახეთში - 3%, ჩინეთში 2% და ა.შ. შეადგინა (იხილეთ: სტატია).

საანგარიშო წელს ექსპორტი რუსეთში 98.8 მლნ აშშ დოლარით (34%-ით) გაიზარდა და 386 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი პროდუქტების სია მრავალფეროვანია, მათ შორის ყველაზე მეტად გაზრდილია მინერალური და მტკნარი წყლების, კარტოფილის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და ღვინის ექსპორტი. მათი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 17.0 მლნ (39%), 13.7 მლნ (21-ჯერ), 11.6 მლნ (81%) და 11.2 მლნ (9%) აშშ დოლარით გაიზარდა.

2021 წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 14%-ით (22 მლნ აშშ დოლარი) აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, პირველადი და გადამუშავებული სახით (50%), ღვინო (16%), სპირტიანი სასმელები (12%), მინერალური და მტკნარი წყლები (11%).

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია ღვინის (21%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელების (5%), მინერალური და მტკნარი წყლების (12%), კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილი - 10%), სპირტიანი სასმელების (14%) და კარტოფილის ექსპორტის ზრდით.

როგორც განხილული მასალიდან ჩანს, 2021 წელს წინა წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მართლაც 200 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. შესაბამისად, მინისტრის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო სალდო კლების ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული, დიდწილად რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად ექსპორტის მოცულობის ზრდით შეიძლება აიხსნას. მეორე მხრივ, ბოლო წლებში შენელებული ეკონომიკური ზრდა და ვალუტის კურსის შემცირება (გაუფასურება) იმპორტის ზრდის შეზღუდვას, ცალკეულ წლებში კი შემცირებას, ხელს უწყობს. ვინაიდან ლარის კურსის შემცირება იმპორტული საქონლის გაძვირებასთან ერთად უცხოელთათვის ქართულ პროდუქციას აიაფებს, კურსის ეფექტიც ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორიცაა.

რაც შეეხება განცხადების მეორე - ბაზრების დივერსიფიცირების, ნაწილს, როგორც აღვნიშნეთ, 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 99 ქვეყანაში განხორციელდა.

2018 წელს საექსპორტო ბაზრების რაოდენობა - 96, 2019 წელს - 94, 2020 წელს კი 92 იყო. როგორც ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში საექსპორტო ბაზრების რიცხვი 2018 წლიდან მცირდებოდა, 2021 წელს მათი რაოდენობა 3 ერთეულით გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე ცალსახად არ მიუთითებს.

გარდა ამისა, საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ექსპორტის მთლიან რაოდენობაში - ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილის ცვლილებაა. მაგ. თუ ექსპორტი ხორციელდება 50 ქვეყანაში და თითოეულის წილი მთლიან ექსპორტში 2-2%-ია, ეს დივერსიფიცირებული ბაზრის კარგი მაგალითია. ხოლო თუ ექსპორტი ხორციელდება 100, მაგრამ აქედან 2 ქვეყნის წილი 90%-ია ხოლო დარჩენილ 98-ზე მხოლოდ 10% ნაწილდება ეს დივერსიფიცირებული ბაზრის ცუდი მაგალითია. შესაბამისად, მინისტრის მეთოდი, რითაც ის დივერსიფიკაციას აფასებს, არარელევანტურია. მნიშვნელოვანია არა საექსპორტო ქვეყნების ნუსხის რაოდენობრივი ზრდა, არამედ ახალ ბაზრებზე ექსპორტის მოცულობა გახდეს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კონცენტრაციის [1] შემცირება გამოიწვიოს. ამ კუთხით კი ერთადერთი გამოკვეთილი ტენდენცია რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაა.

ცხრილი 1: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გადანაწილება ქვეყნების მიხედვით

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, ბოლო წლების განმავლობაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი რუსეთში ყოველწლიურად იზრდება, გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც ექსპორტი მცირედით -1%-ით შემცირდა. ბოლო ოთხი წლის მონაცემების მიხედვით, რუსეთში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, აქაც სამი წლის განმავლობაში ერთპროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა, გასულ წელს პირიქით - ექსპორტი ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა. ანალოგიური მდგომარეობაა უკრაინის შემთხვევაშიც. დანარჩენ ძირითად სავაჭრო ქვეყნებში ექსპორტ ან მცირედით შემცირებული ან იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული, აქაც გამონაკლისი სომხეთია, სადაც გასულ წელს ექსპორტი ორი პროცენტული პუნქტით გაიზარდა. აღნიშნული კი იმის დასტურია, რომ ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით წლების განმავლობაში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია.

განხილული სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით, მთავარ სავაჭრო პარტნიორად კვლავ რუსეთი რჩება, რუსეთი კი, როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამიტომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მატება ყოველთვის სარისკოა.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

[1] შემთხვევა როდესაც მთლიანი ექსპორტის ძალიან მაღალი წილი მოდის მცირე რაოდენობის ქვეყნებზე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი