იტვირთება

2022 წლის 11 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკმა, მიხაილ მიზინცევმა, განაცხადა, რომ ფრანგ საგამოძიებო ექსპერტთა ჯგუფი უკრაინაში კიევის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დასაფარად და რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებების გასაყალბებლად ჩავიდნენ.

მიზინცევის აღნიშნული განცხადება კრემლის იმ პროპაგანდის გაგრძელებაა, რომელიც კიევის რეგიონში, განსაკუთრებით, ბუჩაში, სავარაუდო ომის დანაშაულებში რუსეთის როლის გადაფარვას ცდილობს და პასუხისმგებლობას თითქოსდა უტყუარი მტკიცებულებებით უკრაინელ ჯარისკაცებს აკისრებს.

სინამდვილეში, ის, რასაც კრემლი მტკიცებულებებს უწოდებს, მხოლოდ აბსურდული ბრალდებები ან ყალბი ამბებია. დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფები, ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და წამყვანი ქვეყნების ლიდერები ვიზუალურ მტკიცებულებებსა და თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით სავარაუდო ომის დანაშაულებში ღიად არა უკრაინას, არამედ რუსეთს ადანაშაულებენ. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

11 აპრილს საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ფრანგ ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნაზეა საუბარი: „მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, ბუჩაში, რომელიც მანამდე რუსეთის ძალებს ჰქონდათ ოკუპირებული, მასობრივი დარღვევები გამოვლინდა, საფრანგეთი მტკიცედ დგას უკრაინელებთან, მის საერთაშორისო პარტნიორებთან და სასამართლოებთან ერთად, რათა თავიდან იქნეს აცილებული იმ ქმედებების დაუსჯელობა, რომლებიც ომის დანაშაულებს წარმოადგენს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ უკრაინის ომის კონტექსტში დაწყებულ საგამოძიებო პროცესებს: „ბუჩაში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას საექსპერტო დახმარებას უწევს მტკიცებულებების იდენტიფიკაციისა და შეგროვების კუთხით, დღეს დილით უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის მთავრობასთან შეთანხმებით ამ საქმიანობამ შესაძლოა ICC-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაში შეიტანოს წვლილი.

ფრანგ ექსპერტთა ჯგუფი ორი სასამართლო ექიმისგან და თხუთმეტამდე ჟანდარმისგან შედგენა, რომელიც „ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური კვლევების ინსტიტუტს“ (IRCGN) წარმოადგენენ. აღნიშნული ჯგუფს დანაშაულის სცენისა და მსხვერპლის იდენტიფიკაციაში აქვს ექსპერტიზა. კერძოდ, მათ აქვთ ბალისტიკის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, დნმ-ის სინჯების აღებისა და დამუშავების და თითის ანაბეჭდების ანალიზის საზოგადოდ აღიარებული უნარები. აღნიშნული ჯგუფის მოვალეობა იქნება ცხედრების იდენტიფიცირება და ექსპერტიზა გენეტიკური ანალიზის სწრაფი და პროექტირებადი მოწყობილობების საშუალებით.

IRCGN საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუტია, რომელიც საგამოძიებო საქმიანობას როგორც საფრანგეთში, ისე საერთაშორისო მასშტაბით აწარმოებს. ისინი იყენებენ ტესტირების 130 მეთოდს, რომელიც აკრედიტებულია ISO 17025 სტანდარტის მიხედვით. მათი საქმიანობა მოიცავს მხარდაჭერასა და თანამშრომლობას სერიოზულ კრიმინალურ შემთხვევებში, კატასტროფებსა და კომპლექსურ გამოძიებებში, რაც გულისხმობს დახმარებას ტექნიკური და სამეცნიერო სინჯების აღების ოპერაციებსა და მსხვერპლის იდენტიფიკაციაში. მათ მიერ ჩატარებული ზოგიერთი საქმიანობა შეგიძლიათ იხილოთ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.

ამდენად, მიხაილ მიზინცევის მიერ აღნიშნული საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება და დანაშაულების დაფარვაში დადანაშაულება სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მცდელობა, კიევის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულები გადაფაროს. გარდა ამისა, მისი მტკიცება, რომ დანაშაულები უკრაინულმა მხარემ ჩაიდინა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკვე უარყოფილია. დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფები, ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და წამყვანი ქვეყნების ლიდერები ვიზუალურ მტკიცებულებებსა და თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით თანხმდებიან, რომ კიევის რეგიონში, კონკრეტულად, ბუჩაში, დატრიალებული ტრაგედია რუსეთის მიერაა ჩადენილი და ის „ომის დანაშაულებს“ უტოლდება. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი